რა კურსი იქნება 2026 წლის დასასრულისთვის და არია თუ არა ეროვნული ვალუტის გამყარება ფასების სტაბილურობის ერთგვარი გარანტი?
თამარ ვეფხვაძე
15.10.2026

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.60 ლარს ჩამოსცდა. ეს უკვე იმაზე დაბალი მაჩვენებელია, რასაც ფინანსისტები წლის ბოლოსთვის პროგნოზირებდნენ. არის თუ არა ლარის კურსის გამყარება ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საწვავისა და სხვა პროდუქტების ფასები დასტაბილურდეს და ინფლაციური წნეხი შემცირდეს? ექსპერტები ამ პოზიციას არ იზიარებენ და ლარის კურსის მკვეთრ გამყარებასაც არ ვარაუდობენ, თუმცა მათი პროგნოზით, წლის ბოლოსთვის, 1 აშშ დოლარი 2.57-2.58-ის ფარგლებში იქნება. 

„რეზონანსი“ დაინტერესდა, ლარი ინფლაციური წნეხის შესამცირებლად მყარდება, ეს საბაზრო ტენდენციაა, თუ მონეტარული პოლიტიკის შედეგი? სპეციალიასტების შეფასებით, დოლარის კურსის 2.60-ლარიანი ნიშნულიდან 2.59-ისა და შესაძლო 2.58-ის მიმართულებით მოძრაობა საქართველოს ეკონომიკისთვის მხოლოდ სავალუტო ბაზრის ცვლილება არ არის. ლარის გამყარებას შეუძლია შეამციროს იმპორტირებული საქონლის ლარში გამოხატული ღირებულება და, გარკვეულწილად, შეამსუბუქოს ინფლაციური წნეხი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საწვავისა და იმ პროდუქტების შემთხვევაში, რომელთა ფასიც საერთაშორისო ბაზრებზე და უცხოურ ვალუტაში გაწეულ დანახარჯებზეა დამოკიდებული.

თუმცა, ფინანსისტების შეფასებით, კურსის გამყარება ავტომატურად არ ნიშნავს სამომხმარებლო ფასების შემცირებას. ამ ეფექტის მასშტაბი დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ვითარებაზე, იმპორტიორთა ხარჯებზე, კონკურენციასა და ფასების ცვლილების გადაცემის სისწრაფეზე. ამასთან, ლარის გამყარების მიზეზების დასადგენად აუცილებელია სავალუტო ბაზრის მოთხოვნისა და მიწოდების, კაპიტალის ნაკადებისა და ეროვნული ბანკის ინტერვენციების შესწავლა.

და მაინც ნიშნავს თუ არა ლარის კურსის გამყარება საწვავისა და სხვა პროდუქტების ფასების მეტ-ნაკლებ სტაბილურობას? 

ფინანსისტი ნიკა შენგელიას მოსაზრებით, მართალია, 1 აშშ დოლარი 2.60-ლარიან ნიშნულში მოძრაობს (15 ოქტომბრის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.5960 ლარი იყო), მაგრამ ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება მოსალოდნელი არ არის:  

„ლარის კურსის გამყარებას დიდად არ ველოდებით, ეს არც არის კარგი. მართალია, ეროვნული ვალუტა დიდად ვერ გამყარდება, მაგრამ 2.60-იან დიაპაზონს შეინარჩუნებს.  

რაც შეეხება საწვავის გაიაფებას, შესაძლოა, საწვავი გაიაფდეს 5-10 თეთრით, მაგრამ ბოლო დროს ასე ჩამოყალიბდა, რომ რაც იყო საწვავის ფასი ექვსი თვის წინ, სავარაუდოდ, იმ ფასს, მინიმუმ სამი თვე ვეღარ დაუბრუნდება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ.  

მისი თქმით, ლარის ამჟმინდელი მდგლომარეობა (ან კიდევ ცოტათი გამყარება) პროდუქციის ღირებულეაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ინფლაციური წნეხის შესამცირებლად, საწვავისა და სხვა პროდუქტების ფასების დასასტაბილურებლად, ლარი 2.50-ის ნიშნულამდე უნდა გამყარდეს. ეს კი საშუალო ვადაში მოსალოდნელი არ არის. ნიკა შენგელიას პროგნოზით, წლის ბოლომდე, ლარის კურსი 2.57-ის ფარგლებში იქნება. 

იგივე პოზიციაზეა ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძესაც, რომელიც ადასტურებს, რომ „რეზონანსის“ კითხვა აქტუალურია, რადგან ლარის მიმდინარე კურსი და წლის ბოლომდე მისი მოსალოდნელი დინამიკა მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის.

„მხოლოდ ის ფაქტი, რომ დოლარის კურსი 2.60 ლარის ნაცვლად, 2.59-ზეა, არ ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა აუცილებლად გააგრძელებს გამყარებას ან პირიქით - გაუფასურებისკენ წავა. კურსზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი: უცხოური ვალუტის შემოდინება ტურიზმიდან, ექსპორტიდან და ფულადი გზავნილებიდან; იმპორტზე მოთხოვნა და დოლარზე მოთხოვნის ცვლილება; ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა; მთავრობისა და ბიზნესის ფინანსური ნაკადები; ასევე  რეგიონული და საერთაშორისო ეკონომიკური ვითარება.

აქედან გამომდინარე, პროგნოზის გაკეთებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კურსის არსებული მაჩვენებელი, არამედ ისიც, რა ფაქტორები განაპირობებს მის ცვლილებას და რამდენად მდგრადია ეს ტენდენცია“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას გიორგი ცუცქირიძემ.  

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ლარის გამყარება ფასების სტაბილურობას, გიორგი ცუცქირიძემ გვიპასუხა, რომ დღეს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხია. კურსის გამყარებამ, სხვა თანაბარ პირობებში, შეიძლება შეამციროს იმპორტირებული საქონლისა და ნედლეულის ლარში გამოხატული ღირებულება, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ საწვავი ან სხვა პროდუქტი იმავე ოდენობით გაიაფდება.

„მაგალითად, თუ საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი უცვლელია და დოლარის კურსი 2.60-დან 2.59 ლარამდე მცირდება, იმპორტირებული საქონლის დოლარში გამოხატული ღირებულების ლარში გადაყვანისას, ხარჯი დაახლოებით 0.38%-ით მცირდება. ეს კი არ ნიშნავს, რომ საცალო ფასიც აუცილებლად იმავე პროპორციით დაიკლებს. საბოლოო ფასზე გავლენას ახდენს საერთაშორისო კონიუნქტურა, ხოლო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაძვირებამ, შესაძლოა, ლარის გამყარების ეფექტი გაანეიტრალოს.

პროდუქციის ღირებულებაზე გავლენას ახდენს ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯები, რაც ნიშნავს, რომ იმპორტის საბოლოო ღირებულება მხოლოდ პროდუქტის ფასით არ განისაზღვრება. გავლენას ახდენს, ასევე, გადასახადები და აქციზი, რაც საცალო ფასის მნიშვნელოვანი კომპონენტებია. ამას ემატება ბიზნესის მარჟა და კონკურენცია. ხშირად, კომპანიები ფასების ცვლილებას სხვადასხვა სისწრაფითა და მასშტაბით ასახავენ.

კიდევ ერთი ფაქტორია მარაგი და შესყიდვის დროს ზეგავლენა სავალუტო კურსზე. დღეს გაყიდული პროდუქტი, შესაძლოა, მაშინ იყოს შეძენილი, როდესაც დოლარის კურსი უფრო მაღალი იყო. ამიტომ, ლარის გამყარება იმპორტირებული პროდუქტების გაიაფების ხელშემწყობი ფაქტორია, მაგრამ ფასების სტაბილურობის ან შემცირების გარანტია არ არის“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი ცუცქირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×