
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კვლავ გამოჩნდება საჯაროდ, კამერების წინაშე. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ბოლო პერიოდის მოვლენების გამო მმართველ გუნდში გარკვეული დაძაბულობა და ვნებათაღელვაა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გამოცხადებაც.
17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „ქართულ ოცნების" უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. პარლამენტარი ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
დეპუტატის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ, მათ შორის, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს.
„ჩვენ უნდა მიმოვიხილოთ, ზოგადად, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენები. ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრა ძალიან კარგია, მით უმეტეს, საპატიო თავმჯდომარე ესწრება ამ სხდომას. ყველა მიმდინარე საკითხი უნდა მიმოვიხილოთ, მათ შორის, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი", - განაცხადა მაჭავარიანმა.
რის ფონზე იმართება შეხვედრა
13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ოცნების" მიერ ინიცირებული სარჩელის განხილვას იწყებს და პირველი სხდომა ბათუმში 21 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ, რომლის უფლებამოსილების ვადასაც რამდენიმე თვეში ეწურებოდა, ამ საქმეზე თვითაცილება მოითხოვა, ხოლო უარის მიღების შემდეგ პირადი განცხადებით მიმართა სასამართლოს და თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.
ამას მმართველ გუნდში მწვავე შეფასებები მოჰყვა იმის შესახებ, რომ მოსამართლემ თავი აარიდა მაღალი პოლიტიკური დატვირთვის მქონე ამ გახმაურებული საქმის განხილვას.
15 ოქტომბერს კიდევ ერთ მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა. კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძის წინააღმდეგ საჯაროდ მწვავე ბრალდებები გააჟღერა და განაცხადა, რომ მიმართავს პროკურატურასა და აუდიტის სამსახურს, რათა შეისწავლონ მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებული ფინანსური ხარჯები და სფეროდან დაკარგული მილიონები. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებულ თანხებზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. მან მამუკა მდინარაძეც ახსენა და თქვა, რომ რუხაძე მისი მისამართით მოქმედებისას სწორედ მამუკა მდინარაძის სახელითა და მფარველობით სარგებლობდა.
- ვახტანგ ძაბირაძე: თუ „ოცნება" საგარეო პოლიტიკაში სერიოზულ ფუნდამენტურ ცვლილებაზე არაა ჩამოყალიბებული, არ მგონია კობახიძე შეცვალოს."
აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილების გამოქვეყნება დაიწყო, სადაც აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მასზე ზეწოლას ცდილობდნენ. მისი და ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ ძალას დააკისრა. ამავე წერილებში ის ნეგატიურად იხსენიებდა მამუკა მდინარაძესა და პრემიერ ირაკლი კობახიძეს, აკრიტიკებდა მათ შიდაპარტიულ გავლენებს, რასაც მმართველ გუნდში მწვავე გამოხმაურება და ამ ბრალდებების კატეგორიული უარყოფა მოჰყვა.
რას ნიშნავს ივანიშვილის გამოჩენა
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში ბევრი თემა დაგროვდა, რის გამოც აუცილებელი გახდა ივანიშვილის გამოჩენა.
„როგორც ჩანს, ვითარება იმდენად მძიმეა, რომ გადაწყვიტა შეხვდეს არამხოლოდ „ოცნების" უმაღლესი წარმომადგენლობას, არამედ მთლიანად დეპუტაციას. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც სრულიად მოულოდნელი ახალი ვითარება ჩამოყალიბდეს „ოცნებაში".
„ღარიბაშვილის წერილებიდან თუ დავიწყებთ, საკმაოდ ძლიერი შეტევა მიდის მდინარაძეზე. ეს შეტევა არის არა მარტო მასზე, არამედ იერში მიდის პირდაპირ კობახიძეზე. ვფიქრობ, ეს თემა გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასახილველი ამ შეხვედრაზე. გავიგებთ ივანიშვილი ტოვებს ამ შემთხვევაში ისევ კობახიძეს თავის ადგილზე, თუ იძულებული გახდება შეცვალოს.
„მგონია, რომ უფრო უმრავლესობის გარკვეულ ნაწილისკენ იქნება ერთგვარი გაფრთხილება - ცოტა ჭკუით იყვნენ და არ დაიწყონ რაღაცის მომზადება. თუ „ოცნება" საგარეო პოლიტიკაში სერიოზულ ფუნდამენტურ ცვლილებაზე არაა ჩამოყალიბებული, არ მგონია კობახიძე შეცვალოს.
„ასევე, ახლა რომ იგეგმება პარტიების აკრძალვა, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. საკითხები ძალიან ბევრი დაგროვდა. მინიმუმ ახლა ეს სამი ძალიან სერიოზული თემაა.
- ზაალ ანჯაფარიძე: „ის ყოველთვის მაშინ ჩნდებოდა საჯაროდ, როცა შეამჩნევდა, რომ გუნდში რაღაც მღელვარება გაჩნდა."
„როგორც ჩანს, ამ პრობლემებზე უნდა ივანიშვილმა თავისი შეხედულებებზე ისაუბროს, რათა ზედმეტი განცხადებები არ გაკეთდეს, ვინაიდან ეს შიგნით გარკვეული რყევები იწყება. ბევრი ისეთი ნიუანსი გაჩნდა, რაც საყურადღებოა და რაც, როგორც ჩანს, ივანიშვილის მკაფიო განმარტებას მოითხოვს თავისივე უმრავლესობისთვის. ბოლო დროს ივანიშვილის სახელით ყველა ლაპარაკობს და ბოლო-ბოლო ივანიშვილმა გადაწყვიტა თავად ილაპარაკოს თავისი სახელით", - აღნიშნა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის ვარაუდით, ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა სხდომას პირადად დაესწროს და გარკვეული გზავნილები გააკეთოს.
„როგორც ჩანს, საჭიროდ ჩათვალა პირადად დაესწროს „ოცნების" ამ შეხვედრას, რომ რაღაც კონკრეტული საკუთარი მოსაზრებები დააფიქსიროს. სავარაუდოდ, ეს გამოწვეულია იმ სიტუაციით, რაც ბოლო პერიოდში განვითარდა ხელისუფლებაში - რამდენიმე წამყვანი ფიგურა წავიდა „ოცნებიდან" და გადადგა, რაღაც გარკვეული შიდა პროცესებიც მიდიოდა და მიდის კიდეც.
„თუკი ვიმსჯელებთ იმ მედიახმაურით და არა მხოლოდ ამით, ის ყოველთვის მაშინ ჩნდებოდა საჯაროდ, როცა შეამჩნევდა, რომ გუნდში რაღაც მღელვარება გაჩნდა. მინდა გაგახსენოთ 2018 წელი, როდესაც ივანიშვილი დაბრუნდა და განაცხადა, რომ გუნდში იყო მძიმე მდგომარეობა და საჭიროდ ჩათვალა, რომ დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, რადგან ეს პროცესები დროზე აღეკვეთა. მაშინ ამას დავით კვირიკაშვილის გადადგომა მოჰყვა და გარკვეული შიდა გადაადგილებები.
„არ მგონია დღეს „ოცნებაში" მძიმე სიტუაცია იყოს, მაგრამ, ვფიქრობ, რაღაც საკითხებს სჭირდება გარკვევა. ამიტომ მისი დასწრება, როგორც ჩანს, საჭიროდ ჩაითვალა. თავად მან ასე ჩათვალა საჭიროდ მისი დასწრება, რომ იქ გააჟღეროს რაღაც გარკვეული გზავნილები", - თქვა ანჯაფარიძემ.
რა გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ
ძაბირაძის აზრით, გარკვეულ გადაწყვეტილებებს და განცხადებებს ნამდვილად უნდა ველოდოთ.
„გამორიცხული არაა საკონსტიტუციო სასამართლოდან პარტიების აკრძალვაზე კანონი გაიწვიონ. ან გაკეთდეს განცხადება მდინარაძის საკითხზე - ანუ ივანიშვილი მხარს უჭერს მდინარაძის დამპატიმრებას, სანქციებს, ან ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯის გადადგმას, თუ არა? თუ მხარს უჭერს, მაშინ საინტერესოა რა მოელის კობახიძეს, რადგან მდინარაძე მისი კადრია.
„არ მგონია ივანიშვილს ახლა ეს უნდოდეს, მით უმეტეს კობახიძის წინააღმდეგ, რადგან არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილი მზად იყოს საგარეო კურსის ცვლილებებისთვისთვის. ამის ახსნა სჭირდება იმ ხალხს, ვინც „ოცნების" აქტივია. თუმცა უკმაყოფილოა დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კობახიძის ქმედებით. ამ შემთხვევაში ეს ხალხი უნდა დამშვიდდეს და მათ რეალურად პირველი პირისგან უნდა გაიგონ, კობახიძის მიერ გატარებული ასეთი პოლიტიკა არის თუ არა იგივე ივანიშვილიდან ხელდასხმული, თუ ასეთი რამ არ ხდება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანჯაფარიძე საკადრო ცვლილებებსა და პარტიების აკრძალვაზე სარჩელის გამოტანას ნაკლებად ელოდება, მაგრამ არც არაფერს გამორიცხავს.
„ჯერჯერობით არავითარი ვერსიები არ მაქვს. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ პარტიების აკრძალვაზე მოთხოვნის უკან გამოწვევას ნამდვილად არ ველოდები, რადგან ეს იქნებოდა „ოცნებისთვის" ძალიან სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული დარტყმა. ადრეც მითქვამს, რომ საზოგადოებაში და ხელისუფლების მხარდამჭერებში გაჩნდება კითხვა, თუ რატომ შეიტანეს სარჩელი, თუ წინასწარ ვერ გათვალეს ის შედეგები, რაც ამას მოჰყვებოდა.
„თუმცა, გარკვეული განცხადებებს თავად პარტიაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ნამდვილად ველოდები.
„საკადრო ცვლილებებზე არ ვიცი. თუმცა ჩვენ ისეთ ტურბულენტურ გარემოში ვცხოვრობთ და ქვეყანა ისეთ გამოწვევების ეტაპს გადის, რომ ბოლომდე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ვფიქრობ, საკადრო ცვლილებები უფრო დაბალი ალბათობაა, რადგან ეს „ოცნებისთვის" მომგებიანი არ იქნება. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერი ბოლომდე გამორიცხული არაა", - თქვა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".