
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაძაბულობა ბოლო კვირაა მკვეთრად გამწვავდა. ზელენსკიმ ისიც კი განაცხადა, რომ უკრაინა ძლიერ პარტნიორს კარგავს. თავის მხრივ ტრამპმა უკრაინის ხელმძღვანელობა და პირადად ზელენსკი დაადანაშაულა იმაში, რომ ომის დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად საკმარის ძალისხმევას არ იჩენს.
დაძაბულობის ზრდა 9 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა და რუსეთმა დიზელის გაირგება დადეს და რუსეთს სანქციები ნაწილობრივ მოეხსნა. ამის გამო მაიამიში აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენელთა შეხვედრაზე მცირე ინციდენტიც მოხდა, რის შემდეგაც სამშვიდობო პროცესი, ფაქტიურად, დაპაუზებულია.
„დასანანია, რომ ვკარგავთ ძლიერ პარტნიორს. ეს ჩემი მოსაზრებაა... თუ შუაში დგახარ, შუაშივე უნდა დარჩე და არასწორ მხარეს არ გადახვიდე. მიმაჩნია, რომ მისი მრჩევლები ცდებიან. არ ვიცი, ვინ უბიძგებს მას არასწორი მიმართულებით. ეს ისტორიის სწორი მხარე არ არის", - თქვა ზელენსკიმ.
ბოლო განცხადებებში ტრამპმა განსაკუთრებით გააკრიტიკა უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმები და განაცხადა, რომ თავდასხმებმა გლობალური საწვავის, მათ შორის დიზელის ფასები გაზარდა. გარდა ამისა, ტრამპმა ღიად განაცხადა, რომ უკრაინაში „ახალი პრეზიდენტის დროა".
დასავლური მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონი კიევს ამერიკული იარაღის შესყიდვის მექანიზმის შეჩერებითა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა. ასევე მოითხოვეს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტა
საპასუხოდ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინელ ხალხს შეუძლია თავისი ქვეყნის ლიდერის არჩევა. ამასთან, ზელენსკიმ მოხსნა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმის შეზღუდვა.
- ვოლოდიმირ ზელენსკი: „ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმაზე შეზღუდვა მოხსნილია. ეს მორჩა. ამის შესახებ უკვე ვაცნობე ჩვენს სამხედროებს".
„ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმაზე შეზღუდვა მოხსნილია. ეს მორჩა. ამის შესახებ უკვე ვაცნობე ჩვენს სამხედროებს", - განაცხადა ზელენსკიმ „ფაინენშელ თაიმსთან".
მან უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების „სახიფათო" შეწყვეტისა და, ამავდროულად, „სტარლინკის" სატელიტური ინტერნეტსერვისის მუშაობის შესუსტების გამო.
ზელენსკიმ ასევე გააკრიტიკა ვაშინგტონის სურვილი, მოსკოვთან ბიზნეს გარიგებები დადოს, და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აშკარა სიმპათია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ უკრაინაში არჩევნების ჩატარებისთვის აშკარად მიუღებელი პირობები დააწესა და ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება.
„არანაირი ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის, რომ მას კვლავ გონზე მოსვლის და იარაღით მომარაგების საშუალება მიეცეს, არ იქნება", - აღნიშნა ლავროვმა.
მისი მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციამ აშშ--რუსეთის დიზელის გარიგებასთან დაკავშირებით აჩვენა, რომ ის კონსტრუქციული ქმედებებისთვის მზად არ არის.
- ლავროვი ზელენსკიზე: „არანაირი ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის, რომ მას კვლავ გონზე მოსვლის და იარაღით მომარაგების საშუალება მიეცეს, არ იქნება".
13 ოქტომბერს კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ზედიზედ მეორე ღამის განმავლობაში არ მიუღია სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთის იერიშების შესახებ. კიევი ისევ რუსული ბალისტიკური რაკეტების სამიზნე გახდა - წინასწარი სადაზვერვო მონაცემების გარეშე კი დარტყმების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.
ტრამპის პოზიციას უკრაინის მიმართ აშშ-ის კონგრესშიც არ ეთანხმებიან - სენატორების ორპარტიული ჯგუფი პრეზიდენტს მოუწოდებს, გააუქმოს რუსეთთან დიზელის შეთანხმება და მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლა გააძლიეროს. 13 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მიმართვას 12 სენატორმა მოაწერა ხელი - როგორც დემოკრატებმა, ისე რესპუბლიკელებმა. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთისთვის ენერგეტიკული ბაზრების გახსნა კრემლს ომის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფს და უკრაინის ინტერესებს აზიანებს.
სკანდალი მაიამიში
უკრაინა-რუსეთის ომის ვეტერანი მიხაილ როგოზა ამტკიცებს, რომ 9 ოქტომბერს უკრაინის დელეგაციის აშშ-ში გამართული ბოლო მოლაპარაკებების დროს ვითარება მკვეთრად შეიცვალა, რის შემდეგაც კიევსა და ვაშინგტონს შორის შემდგომი დიალოგი, ფაქტობრივად, შეჩერდა.
შეხვედრა ორ დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, როგოზას ცნობით, გარდამტეხი მომენტი დადგა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა მხარემ შეიტყო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის შემსუბუქებისა და ვაშინგტონის მოთხოვნის შესახებ, რომ კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეეწყვიტა.
როგორც როგოზა „იქსზე" წერს, აღნიშნულზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის რეაქცია განსაკუთრებით მწვავე იყო. ავტორის მტკიცებით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, როდესაც მონაწილეები გასასვლელისკენ მიემართებოდნენ, ბუდანოვმა ამერიკელ კოლეგებს უხეში ფორმით განუცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ყველა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და პორტებს გაანადგურებს.
ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ უკრაინელი წარმომადგენლის სიტყვებმა ამერიკული დელეგაცია იმდენად გააოგნა, რომ პასუხის გაცემა ვერ შეძლო. მეორე დღეს დანიშნული შეხვედრის გაგრძელება კი ჩაიშალა.
როგოზას მიაჩნია, რომ ეს ეპიზოდი ვაშინგტონისთვის პირდაპირი სიგნალია, რომ კიევი რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად არავის ნებართვას არ ელოდება.