რეზონანსი
15.10.2026

ქართულ კულტურულ და პოლიტიკურ კულუარებში ხმაურიანი დაპირისპირებაა. „კულტურის პალატის" ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თინათინ რუხაძეს ღია წერილით უპირისპირდება და მას საქმიანობის მიზანმიმართულ ბლოკირებაში, რეპუტაციის შელახვასა და შესაძლო ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს. დავით ოქიტაშვილის მტკიცებით, ყოფილი მინისტრი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მასთან ურთიერთობას უზღუდავდა, ბლოკავდა კულტურულ ღონისძიებებზე და შეაჩერა „ვარსკვლავების გახსნის" ისტორიული პროექტი.

„კულტურის პალატის" ხელმძღვანელი გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული საბიუჯეტო ხარჯები.

„ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?!" - ვკითხულობთ საჯარო მიმართვაში.

ამ ხმაურიანმა და მწვავე განცხადებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. შეფასებები არაერთგვაროვანია, ხოლო უშუალოდ ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა უმრავლესობას ამ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს, თემის დელიკატურობიდან გამომდინარე.

  • ირმა სოხაძე: „ორივე ძალიან ახლო ადამიანია ჩემთვის, ამიტომ ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ".

„ორივე ძალიან ახლო ადამიანია ჩემთვის, ამიტომ ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა „რეზონანსთან" საუბრისას მომღერალმა ირმა სოხაძემ.

მომღერალმა ეკა მამალაძემ კი თემისადმი ინტერესი უადგილოდ მიიჩნია.

შედარებით ვრცელი კომენტარი გააკეთა მსახიობმა გივი სიხარულიძემ. მისი თქმით, თინათინ რუხაძის საქმიანობას ვერ შეაფასებს, თუმცა მზად არის ისაუბროს დავით ოქიტაშვილზე:

„მე თინათინ რუხაძესთან შეხების წერტილი არასდროს არ მქონია, არც როგორც მინისტრთან და არც ისე. რა პიროვნებაა და ვინ არის, ნაღდად არ ვიცი.

„რაც შეეხება დავით ოქიტაშვილს, ჩემი შეხედულებით, ეს არის ერთ-ერთი უძვირფასესი ადამიანი, რომელიც ბრწყინვალედ ემსახურება თავის საქმეს. მან იცის თავისი საქმე, მას უყვარს ქართველი ერი და გამორჩეულ ხალხს ყველანაირად პატივს სცემს და მხარში უდგას. არის კარგი კაცი, რომელიც ხელოვნების შემფასებელია და განა მარტო შემფასებელია, დამფასებელია".

  • გივი სიხალურიძე: „დათო ოქიტაშვილი ემსახურებოდა ნამდვილ ხელოვან ხალხს და არასდროს არასწორად არავისთვის არაფერი არ მიუცია. ძალიან წესიერი ბიჭია და თან ყველაფერთან ერთად, ვაჟკაცური თვისებების მატარებელი."

გივი სიხარულიძემ თავი შეიკავა დავით ოქიტაშვილის მიმართვაში მოყვანილ კონკრეტულ ბრალდებებზე საუბრისგან, თუმცა აღნიშნა, რომ

„რა თქმა უნდა, ვარსკვლავების გახსნის პროექტი არ უნდა დახურულიყო, იმიტომ, რომ, ეს კაცი, დათო ოქიტაშვილი, ემსახურებოდა ნამდვილ ხელოვან ხალხს და არასდროს არასწორად არავისთვის არაფერი არ მიუცია. ძალიან წესიერი ბიჭია და თან ყველაფერთან ერთად, ვაჟკაცური თვისებების მატარებელი. მის ლაპარაკს რომ უსმინოთ, როცა ის საუბრობს, იტყვი რომ (მე ძალიან მიყვარს ეს ბიჭი და პირდაპირ ვიტყვი) - ეს ვინ არის, ქალაჩუნაა ვიღაც, ისეთი საუბრის ტონი აქვს. ამ დროს, აი ამ ლაპარაკის უკან დგას მეგობრისადმი მხარდაჭერა, ნახევარი ნაბიჯის უკან გადადგმა არა, არავითარი შიში. ვაჟკაცური შემართების ბიჭია ყველაფერს ვფიცავარ. რაც შეეხება ვარსკვლავის გახსნის პროექტის დახურვას, ეს ძალიან ცუდი იყო", - განაცხადა სიხარულიძემ „რეზონანსთან".

კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილთა დუმილი და ნაწილთა პოზიციები ნათლად აჩვენებს, რომ დავით ოქიტაშვილისა და თინათინ რუხაძის დაპირისპირება მხოლოდ ორ ადამიანს შორის არსებული პირადი უთანხმოება არ არის. ეს კონფლიქტი კულტურის სფეროში დაგროვილ იმ ფარულ კითხვებსა და ინტერესთა დაპირისპირებას ეხება, რომლებზეც პასუხის გაცემა, სავარაუდოდ, უკვე საგამოძიებო უწყებებსა და დროთა განმავლობაში თავად პროცესის მონაწილეებს მოუწევთ.

ავტორი: თამარ ოყუჯავა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×