ნატალია ჯვარიძე
15.10.2026

ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში მათი აკრძალვის სარჩელის განხილვას განსხვავებულად ხვდებიან. „კოალიცია ცვლილებისთვის" და „ფედერალისტები" მასშტაბური აქციის დაწყებას აანონსებენ. „ლელო - ძლიერი საქართველო" აპირებს „სასამართლოდან „ოცნება" ამხილოს". ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის" დასავლელ პარტნიორებს გააქტიურებას სთხოვს. „ნაციონალური მოძრაობა" კი ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ოპოზიციის ალიანსმა", რომელშიც „კოალიცია ცვლილებებისათვის" და „ფედერალისტები" შედიან, 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიის დაწყება დაანონსა, რომელიც, გეგმის მიხედვით, 28 ნოემბერს თბილისში დიდი აქციით უნდა დაგვირგვინდეს.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში დაესწრება და საკუთარი პარტიის პოზიციას წარმოადგენს.

„ვიქნებით ბათუმში, ვიქნებით სასამართლო დარბაზში, სასამართლოს წინ, ვიქნებით თბილისის ქუჩებში - ყველგან, სადაც მივწვდებით „ქართულ ოცნებას". ვიღაც წარმოადგენს საკუთარი პარტიის პოზიციას, ვიღაც - არა. მე გეუბნებით ჩემი სახელით, რომ ვიქნებით. დანარჩენების სახელით ვერ გეტყვით.

„ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში ბათუმში და რაც მთავარია, ქუჩაში თბილისში, გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად და მთავარი მოთხოვნით - საქართველო ივანიშვილის გარეშე, დავიბრუნოთ ევროპა, სამართლიანობა, კეთილდღეობა და ქართველს ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარ სამშობლოში ბედნიერი ცხოვრების.

  • ნიკა გვარამია: „ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში ბათუმში და რაც მთავარია, ქუჩაში თბილისში, გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად".

„ამიტომ ვაანონსებთ დიდი კამპანიის დაწყებას. 25 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, 19:00 საათზე გელით ყველას. ეს არის ყველა ჩვენგანის დღე, ამას გვართმევენ ყველას, ყველას გვართმევენ სამშობლოს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„ფედერალისტების" ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ისინი ჩავლენ ბათუმში, თუმცა განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ჩვენ ბათუმში ვიქნებით, უბრალოდ პროცესზე არ ვიქნებით, რადგან პროცესად არ ვთვლით. ჩვენ ვიქნებით ბათუმში, რადგან კამპანია უნდა გვქონდეს 18-დან 25 ოქტომბრამდე. ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ. ბათუმში ვიქნებით, დავცინებთ იმ პროცესს, თუმცა მონაწილეობას არ მოვიღებთ, რადგან შესაძლებლობას არ მივცემთ, რომ რაიმე სამართლებრივი ფორმა, თუნდაც მოჩვენებითი მიეცეს ამ პროცესს.

„ბიძინა ივანიშვილი რომ ამას აკეთებს, ჩვენ მივესალმებით, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ცხადს ხდის ფაქტს, რომ მას ეშინია ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი ამაში მას ფასს გადაახდევინებს", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა 15 ოქტომბერს ალიანსის ლიდერების საგანგებო ბრიფინგზე.

„ნაციონალური მოძრაობას", რომელიც ფორმალურად რჩება ოპოზიციის ალიანსის წევრად, სამოქმედო სტრატეგიაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ხუთშაბათს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ამ საკითხზე პარტია ცალკე განცხადებას გააკეთებს.

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: „ბათუმში ვიქნებით, დავცინებთ იმ პროცესს, თუმცა მონაწილეობას არ მოვიღებთ".

„ლელო - ძლიერი საქართველო" აპირებს სასამართლოსთან ითანამშრომლოს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ის პლატფორმა, რომლიდანაც „ქართულ ოცნებას" ამხელენ საერთაშორისო თანამეგობრობისა და ქართული საზოგადოების წინაშე, რათა მან „უმძიმესი პოლიტიკური ფასი" გადაიხადოს.

„ქართულ ოცნებას" შეუძლია გააუქმოს პარტია, მაგრამ ის ვერ გააუქმებს ქართველ ხალხს. შესაბამისად, სამართლებრივ, კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ხალხთან ერთად საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რადგან პარტიების აკრძალვა, მათ შორის, საბოლოოდ ართმევს საქართველოს შანსს გააგრძელოს სვლა ევროკავშირისკენ და შეუქცევადად აბრუნებს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის სფეროში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავარძელებთ პოლიტიკურ და პარტიულ ბრძოლას ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის", - განაცხადა სიორიძემ.

რაც შეეხება პარტიას „გახარია საქართველოსთვის", ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, იმოქმედონ.

  • გიორგი გახარია: პასიური დაკვირვება უკვე აღარ არის საკმარისი. დღევანდელი ყოყმანი საერთაშორისო თანამეგობრობას ხვალ გაცილებით უფრო რთულად სამართავი კრიზისის წინაშე დააყენებს".

„მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედონ და მტკიცედ დაუდგნენ გვერდში ქართველ ხალხს დემოკრატიის, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში. პასიური დაკვირვება უკვე აღარ არის საკმარისი. დღევანდელი ყოყმანი საერთაშორისო თანამეგობრობას ხვალ გაცილებით უფრო რთულად სამართავი კრიზისის წინაშე დააყენებს", - წერს გახარია „ფეისბუქზე".

ეფექტური სტრატეგია და ქუჩის პროტესტი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის უკეთესია საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდნენ, ვიდრე ამ პროცესს ბოიკოტი გამოაცხადონ.

„ოპოზიციურ სპექტრში გავრცელდა ასევე ის განცხადებაც, რომ „თავმოყვარე ხალხი" მასობრივად უნდა შეიკრიბოს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან და გააპროტესტოს სასამართლო პროცესები. იბადება ლოგიკური შეკითხვა - საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელიც ნამდვილად არ იკრიბება და არ შეიკრიბება საპროტესტოდ, უთავმოყვარეოა, თუ ეს მარგინალური ოპოზიცია, რომელიც ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს?

„ის, რომ რადიკალურ ოპოზიციაში ეპატაჟი და თეატრის იაფფასიანი ელემენტები არსებობს, ეს ახალი არაა. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას იტყვის. არ დავემორჩილები, არ გადავიხდი, არ შევალ და ა.შ. - ასეთი ფრაზები მანამდე გვახსოვს, მაგრამ კანონმა იკანონა. ასე რომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ რა ე.წ. ბოიკოტს აცხადებს, სინამდვილეში კანონი იტყვის თავის სიტყვას. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში - ის სრულად დააკმაყოფილებს „ქართული ოცნების" სარჩელს, თუ მხოლოდ ნაწილობრივ.

  • გია აბაშიძე: „რასაკვირველია, უკეთესია სასამართლოში გამოცხადდნენ და ნუ იმწვავებენ მართლმსაჯულებასთან ურთიერთობისას, რადგან ასეთი ე.წ. დემარშები არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ამართლებს."

„რასაკვირველია, უკეთესია სასამართლოში გამოცხადდნენ და ნუ იმწვავებენ მართლმსაჯულებასთან ურთიერთობისას, რადგან ასეთი ე.წ. დემარშები არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ამართლებს. მივლენ - არ მივლენ, ადვოკატებს გაუშვებენ - არ გაუშვებენ, თუ რაღაც მდარე ხარისხის პერფორმანსს მოაწყობენ სასამართლოს გარეთ ან რომელიმე ოპოზიციურ ტელემედიაში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ, ფუჭია და სამარცხვინო სისულელე იქნება, თუ ისინი გამოაცხადებენ რაღაც დაუმორჩილებლობას", - თქვა აბაშიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ ორივე ვარიანტი დასაშვებია.

„ალბათ ორივე მხარე თავისებურად მართებულია - ერთი მხრივ, დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ცნობენ და მეორეს მხრივ, სამართლებრივი ბრძოლაა და არგუმენტებს წარადგენენ. ეს იმდენად აბსურდული ვითარებაა, რომ ორივე ვარიანტი დასაშვებია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ თითოეულ პარტიას თავისი პოზიცია გააჩნია, ზუსტად ისე, როგორც არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამიტომ ამაში მე უცნაურას და ისეთს ვერ ვხედავ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

გია აბაშიძის აზრით, საპროტესტო გამოსვლები ვერც აქამდე ამართლებდა და ვერც ახლა გაამართლებს.

„საპროტესტო აქციები ვერ ამართლებს დიდი ხანია. იმ შაპიტოს, რომელსაც აწყობენ შაბათობით და ეძახიან ე.წ. მასობრივ მსვლელობას, საზოგადოება ინტერნეტ სივრცეში ელოდება, როგორც მორიგი კომედი შოუს დაწყებას და სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ ხოლმე ოპოზიციური აქტორები, რომ მათ მასხრად იგდებენ და უნდა შეცვალონ სტრატეგია, ტაქტიკაც და ისე შეებრძოლონ ხელისუფლებას, არა სასაცილო აქციებითა და კომედი შოუებით", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×