
„ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის ახალი მწვავე დაპირისპირებაა - „კულტურის პალატის" ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თინათინ რუხაძეზე ახალ დეტალებს ასაჯაროებს და მის საქმიანობაში შესაძლო დარღვევების შესწავლას პროკურატურასა და აუდიტის სამსახურს სთხოვს. სკანდალის ცენტრში მხოლოდ ყოფილი მინისტრი არ არის - ოქიტაშვილი აცხადებს, რომ რუხაძეს სუს-ის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე მფარველობდა და ის საკუთარ გავლენებსა და მმართველი გუნდის მაღალჩინოსნებთან კავშირებს იყენებდა.
ამ სკანდალს „ქართული ოცნების" დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ დავით ოქიტაშვილის ბრალდებებში შესაბამისი საფუძველი გამოიკვეთება, პროკურატურას არა მხოლოდ თინათინ რუხაძის, არამედ მდინარაძის გამოკითხვაც მოუწევს. ამ განცხადებამ დამატებითი კითხვები გააჩინა - შეიძლება თუ არა ოქიტაშვილის ბრალდებებმა სამართლებრვივ ჭრილში გადაიყვანოს პროცესი? რამდენად შორს წავა გამოძიება და მივა თუ არა მდინარაძემდე, თუ პროკურატურა საკითხის შესწავლას დაიწყებს?
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნების" ზოგიერთი აქტიური მხარდამჭერი მამუკა მდინარაძის მიმართ უკმაყოფილებას უკვე თამამად გამოხატავს. ამ ფონზე ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სკანდალის საბოლოო სამიზნე მდინარაძე იყოს, ნაწილი კი ამბობს, რომ ასე ხელაღებით არაფრის თქმა არ შეიძლება, სანამ შესაბამისი მტკიცებულებები არ იქნება წარმოდგენილი.
სკანდალის დეტალები
„კულტურის პალატის" ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თინათინ რუხაძეს მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში, ასევე რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და სამართალდამცავ უწყებებს ყოფილი მინისტრის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს. კერძოდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ მიმართვაში ოქიტაშვილმა პროკურატურისა და აუდიტისგან პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროება მოითხოვა.
გარდა ამისა, ოქიტაშვილის თქმით, თინა რუხაძე მას კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობას უზღუდავდა. ასევე, ის ითხოვს პასუხს, თუ ვინ დაავალა მინისტრს, რომ შეეჩერებინა „ისტორიული პროექტი, ვარსკვლავების გახსნა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის".
განცხადებაში ოქიტაშვილი ასევე ახსენებს მამუკა მდინარაძეს და წერს, რომ, თინა რუხაძის სიტყვებით, მდინარაძეს „ოქიტაშვილი სძულს" და არ უნდა გაეკარონ.
ამასთან, ოქიტაშვილმა „ფორმულასთან" განაცხადა, რომ რუხაძეს მდინარაძე მფარველობდა.
- დავით ოქიტაშვილი: „მათ გუნდს უღალატეს ორივემ, მოღალატე არავის არ უნდა. (რუხაძე) იძახდა, რომ ფეხებს მომჭამთ ძირში, რადგან მე მამუს კადრი ვარო... ხალხს ამით აშინებდა".
„მამუკა მდინარაძე იყო მისი (თიკა რუხაძის) რეკომენდატორი და ამ ქალის თავხედობა იქამდე მიდიოდა, რომ ის ვერ გაბედავდა ამდენს, თუ მას არ ეყოლებოდა ზურგი. ის ყოველთვის იძახდა, რომ ჩემს უკან დგას მამუ. მერე ვკითხე - ვინ არის მამუ? აღმოჩნდა, რომ ის არის მდინარაძე. თავად იძახდა - მე ფეხებს მომჭამთ ძირშიო. მათ გუნდს უღალატეს ორივემ, მოღალატე არავის არ უნდა. იძახდა, რომ ფეხებს მომჭამთ ძირში, რადგან მე მამუს კადრი ვარო... ხალხს ამით აშინებდა", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
„ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურა, კანონმდებლობის მიხედვით, ვალდებულია ოქიტაშვილი დაიბაროს და დაკითხოს.
„ჩემი კითხვები ამ შემთხვევაში ძალიან უწყინარი იქნება. ახლა მთავარია რა კითხვები ექნება საქართველოს პროკურატურას, იმიტომ, რომ ამ განცხადების შემდეგ, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია შეამოწმოს - დაუძახოს ოქიტაშვილსაც, ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია მას. თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება და კითხვები იქნება, საქართველოს პროკურატურა ქალბატონ რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს. ჰკითხავს მდინარაძესაც, შარმანაშვილსაც, პეტრიაშვილსაც, ყველას, თუ რამე საფუძველი იქნება და ასეც უნდა მოიქცეს. ასე რომ, დაველოდოთ სამართლებრივ პროცედურას", - განაცხადა შარმანაშვილმა.
არის თუ არა საბოლოო სამიზნე მდინარაძე
კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ამ სკანდალის საბოლოო სამიზნე და მდინარაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისთვის ხომ არ მზადდება რაიმე საფუძველი, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" არაფერს გამორიცხავს, თუმცა, მიაჩნია, რომ ამისთვის შესაბამისი მტკიცებულებები უნდა არსებობდეს და არც თანამდებობიდან უკვე წასული ადამიანის მისამართითაა მთლად მართებული ქვების სროლა.
„ამ ცის ქვეშეთში არაფერი არაა გამორიცხული. ვინაიდან ახალფეხადგმული სახელმწიფო ვარ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყველაფერი ისე მყარად არ არის, როგორც დიდი ხნის დემოკრატიის მქონე სახელმწიფოში. ჩვენ ამ პროცესს გავდივართ და აქ რაღაც საოცრებებს ვერაფერს ვერ ვხედავ. სწორად თქვა „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ, ეს არის პროკურატურის საქმე და თუ ვინმეს რაიმე სათქმელი აქვს, მივიდეს პროკურატურაში, წარმოადგინოს დოკუმენტები და დაამტკიცოს.
- ედიშერ გვენეტაძე მდინარაძეზე: „კაცი როდესაც თანამდებობიდან გადადგება, შემდეგ მასზე ქვების სროლა და ა.შ., ეს პირადად მე არ მიმაჩნია სწორად, სანამ შესაბამისი დოკუმენტები და მტკიცებულებები არ იარსებებს".
„მდინარაძე იმხელა თანამდებობის მქონე პირი იყო, წავიდა და ახლა კაცი როდესაც თანამდებობიდან გადადგება, შემდეგ მასზე ქვების სროლა და ა.შ., ეს პირადად მე არ მიმაჩნია სწორად, სანამ შესაბამისი დოკუმენტები და მტკიცებულებები არ იარსებებს", - განაცხადა გვენეტაძემ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას არ გმორიცხავს, რომ საბოლოო სამიზნე მდინარაძე იყოს.
„გამორიცხული არ არის. აშკარად ჩანს, რომ „ქართულ ოცნებაში" არავინ არ ფიქრობს საქართველოზე და ყველა მედროვე ფიქრობს - ვიდრე არის ხელისუფლებასთან ახლოს, რამე მოასწრონ, რამე ჩაიჯიბონ. ვნახეთ, რომ ღარიბაშვილისთვის ყველაფერი „მოსული" იყო, ანუ ყველა ფულებს აკეთებდა. აქედან მოყოლებული, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში" ეს განცდა გაჩნდა, რომ ფულის კეთება და კანონის დარღვევა შეიძლება, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არაა. ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ ერთმანეთის ჩაძირვა-ჩაშვება დაიწყეს. ახლა, რადგან გამოჩნდა, რომ მდინარაძემ თავისი ფუნქციები ვერ შეასრულა, უკვე მდინარაძის ხალხს ებრძვიან. შეძლებენ თუ არა მდინარაძის ხალხის ჩაძირვას, არ ვიცი, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ამ ტიპის მოძრაობები მიდის - ერთი გუნდი მეორე გუნდს წევს, ფიქრობენ არჩევნების წინ ადგილი მოისუფთაონ. პატარა ჯგუფები ერთმანეთს ებრძვიან, რომ მოასუფთავონ ადგილი, რათა იქ თვითონ გაფართოვდნენ და თვითონ მიიღონ სიებში ადგილი. მე მგონი ეს გაგრძელდება არჩევნებამდე", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
- პაატა ზაქარეიშვილი: „პატარა ჯგუფები ერთმანეთს ებრძვიან, რომ მოასუფთავონ ადგილი, რათა იქ თვითონ გაფართოვდნენ და თვითონ მიიღონ სიებში ადგილი. მემგონი ეს გაგრძელდება არჩევნებამდე".
კითხვაზე, რამდენად შეიძლება, რომ ღარიბაშვილის სცენარი ვიხილოთ მდინარაძის მისამართითაც, ზაქარეიშვილმა გვითხრა:
„საქმე ისაა, რამდენად გაწირავს კობახიძე თავის ადამიანს. მე მგონი კობახიძე ამის გამკეთებელი არის. თუ კობახიძეს თავის ძალაუფლების შესანარჩუნებლად მდინარაძის ჩაძირვა დასჭირდა, ის ამაზე წავა. კობახიძეს ურჩევნია ეს არ მოხდეს, იმიტომ კი არა, რომ მდინარაძე მოსწონს, უყვარს და გადარჩენა უნდა, თუ მდინარაძე ჩაძირა, მის გუნდში ყველა იფიქრებს, რომ მასაც ჩასძირავს, ეს კი მისთვის ძალიან ფრთხილი საქმეა და კობახიძე მაინც ყველაფერს გააკეთებს, რათა მდინარაძე გადაარჩინოს, მაგრამ არა იმდენად, რომ თვითონ ჩაჰყვეს მდინარაძეს. ფრთხილი იქნება - რამდენადაც შეიძლება რომ გადაარჩინოს, გადაარჩენს, მაგრამ თუ მდინარაძის გადარჩენამ კობახიძის კარიერა ეჭვქვეშ დააყენა, ის მას გაწირავს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.