
ოპოზიცია პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესის პარალელურად სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს და მოვლენების შესაძლო განვითარების საპასუხო ნაბიჯების განსაზღვრას გეგმავს, ამავდროულად მიიჩნევენ, რომ პროცესმა ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო დონეზეც პოლიტიკური ვითარების შეფასება უნდა შეცვალოს და ოპოზიცია საერთო სტრატეგიით მოქმედების აუცილებლობის წინაშე დააყენოს.
ოპოზიციური სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქვეყანაში საპროტესტო მუხტის გაძლიერება და შიდა პოლიტიკური პროცესების გამოცოცხლებაა. არ გამორიცხავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა ქუჩის პროტესტის გააქტიურებასაც შეუწყოს ხელი. მთავარ კითხვად რჩება, შეძლებს თუ არა ოპოზიცია საზოგადოებრივი უკმაყოფილების მობილიზებას და საპროტესტო ტალღის იმ მასშტაბამდე გაზრდას, რომელიც ხელისუფლებაზე რეალურ პოლიტიკურ ზეწოლას მოახდენს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, პარტიების აკრძალვამ შესაძლოა შიდა და საგარეო პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გაართულოს, თუმცა შიდა მასშტაბური საპროტესტო მუხტის გაჩენას ამ ეტაპზე ნაკლებად ელოდება. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ამ პარტიების გაუქმება შესაძლოა თავადაც არ იყოს ხელსაყრელი, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ საბოლოოდ შუალედური გადაწყვეტილება მიიღონ.
„ძალიან გამიკვირდება, რომ რაღაც ახალი გეგმა აღმოაჩინონ. დიახ, პროცესების გამოცოცხლებაში შეიძლება აქციების გამართვას გულისხმობენ. აქციების გამართვა, რა თქმა უნდა პროცესს გამოაცოცხლებს, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რაღაც არ ველი, რომ ეს ძალიან მასშტაბური აქციები იქნება და დიდი თავშეყრა. დღეს საზოგადოებაში საკმაოდ ნიჰილისტური განწყობაა პარტიების და ზოგადად პოლიტიკოსების მიმართ და ახლა რაღაც ისეთი არაორდინალური უნდა მოხდეს, რომ საყოველთაო აღელვება გამოიწვიოს. ცხადია, შიგნიდან უკმაყოფილება იქნება, გარედანაც იქნება შეფასებები, მაგრამ ამან რომ მასშტაბური პროტესტი გამოიწვიოს, რაღაც არ ველი.
- ვახტანგ ძაბირაძე: „აქციები, რა თქმა უნდა, პროცესს გამოაცოცხლებს, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რაღაც არ ველი, რომ ეს ძალიან მასშტაბური იქნება. დღეს საზოგადოებაში საკმაოდ ნიჰილისტური განწყობაა"
„გარედან იქნება ალბათ დაჩქარებული სანქციები, იქნება მკაცრი განცხადებებიც, უფრო ხისტიც. იანვარში იქნება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ და საკმაოდ რთულს და მძიმეს „ქართული ოცნებისთვის", მაგრამ „ოცნება" ახლა ამას შეგუებულია და შიგნით არსებულ ბალანსს ეს ვერ შეცვლის, ჯერჯერობით სამწუხაროდ „ქართული ოცნება" ისევ ინარჩუნებს კონტროლს სიტუაციაზე.
„ვთქვათ, გააუქმა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს პოლიტიკური პარტიები, აქედან მერე რა მოგება ექნება „ოცნებას"? ეს ხომ ქვეყნის შიგნით პროცესებს უფრო გაართულებს? სხვა მხრივ ვერაფერს იზამს, პერსონალურ რეპრესიებს „ქართული ოცნება" ვერ დაიწყებს, მიუხედავად იმისა, თუ რა პროცესები მიდის ახლა 4 ოქტომბრის აქტივისტებთან დაკავშირებით, თუნდაც იგივე მიმართულებით წავიდეს ყველაფერი, ეს ხომ რეალურ ვითარებას ქვეყნის შიგნით ვერ შეცვლის. შეიძლება „ქართულ ოცნებას" უფრო სხვა რამ აქვს ხედველობაში. ძალიან გააქტიურდა ჩვენი მეზობელი რუსეთი და შესაძლოა „ოცნება" სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებზე წავიდეს. მაგრამ ამ რიგგარეშე არჩევნებიდანაც რისი მიღება სურს „ოცნებას", რომ პარლამენტის უმრავლესობაში სულ ორჯონიკიძეები იყვნენ? დღეს გასაგებია, ჩუმად არიან, წყნარად არიან, მაგრამ იმ კრიტიკულ ზღვარს, რასაც ორჯონიკიძეობა ჰქვია, ძნელია გაუძლოს ადამიანმა.
„ვფიქრობ, რომ რაღაც გამოსავალს იპოვიან და შუალედურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას" დღეს ამ პარტიების აკრძალვა არაფერში არ აწყობს, მთელი ეს 14 წელი ხელისუფლებას სწორედ იმითი ინარჩუნებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ეძახის ყველას, თუ ახლა მაგასაც გააუქმებს, მე ხომ ვერ დავიძახებ ამ „ნაციონალურ მოძრაობას"? შეიძლება რაღაც შუალედური გადაწყვეტილება მიიღონ, უფრო ველოდები, რომ კიდევ დამატებითი პარტია მოიძებნოს, რომ ეს სხდომები კიდევ გადავადდეს, ვნახოთ რა იქნება, თუმცა არ მგონია, რომ სრულ გაუქმებაზე მიდგეს საქმე", -განაცხადა ძაბირაძემ.