
ლეგენდარული ამერიკელი რეპერის, თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ კრიმინალური დაჯგუფების ყოფილ ლიდერს, დუეინ „Keffe D“ დევისს სასამართლომ 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 63 წლის დევისის მსჯავრდება გახდა პირველი განაჩენი თითქმის 30-წლიან გაუხსნელ საქმეში, რომელიც ჰიპ-ჰოპის მილიონობით თაყვანისმცემელს აინტერესებდა.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სექტემბერში დუეინ „Keffe D“ დევისი დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებულ მკვლელობაში. საქმე ეხება 1996 წლის 7 სექტემბერს ლას-ვეგასში მოძრავი ავტომობილიდან განხორციელებულ თავდასხმას, რასაც ვარსკვლავის სიცოცხლე ემსხვერპლა. დევისმა განაცხადა, რომ იგი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.
თუმცა დევისს უშუალოდ იარაღიდან არ უსროლია, პროკურორებმა დაამტკიცეს, რომ სწორედ იგი იყო იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა.
საქმეში მთავარ მტკიცებულებად თავად დევისის სიტყვები იქცა, სადაც იგი საჯაროდ და არაერთხელ აღიარებდა, რომ იმ თეთრი ფერის „კადილაკის“ სალონში იმყოფებოდა, საიდანაც თუფაქ შაკურის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
დევისმა თავისი როლის შესახებ სამართალდამცველებს ჯერ კიდევ 2008 წელს, საიდუმლო დაკითხვისას უამბო. ეს დაკითხვა რეპერ Notorious B.I.G.-ის მკვლელობას ეხებოდა, რომელიც თუფაქის დაღუპვიდან რამდენიმე თვეში მოკლეს. იმ პერიოდში დევისს სისხლისსამართლებრივი დევნისგან დაცვის შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული.
თუმცა, 2019 წელს დევისმა გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი და მისცა მრავალი ინტერვიუ, სადაც დეტალურად ისაუბრა თავის მონაწილეობაზე. ამით მან დაარღვია ხელისუფლებასთან გაფორმებული შეთანხმება, რის გამოც მოსამართლემ პროკურატურას უფლება მისცა, მისი ინტერვიუ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებად გამოეყენებინა.
პროკურორებმა დაამტკიცეს, რომ დუეინ დევისმა, რომელიც South Side Compton Crips-ის ქუჩის დაჯგუფების ყოფილი ლიდერი იყო, მკვლელობის ბრძანება გასცა და იარაღი გადასცა თავის ძმისშვილს, ორლანდო ანდერსონს. სწორედ ანდერსონმა გახსნა ცეცხლი თუფაქის მიმართულებით. იგი 1998 წელს სხვა შეიარაღებული ინციდენტის დროს დაიღუპა და სიცოცხლეში უარყოფდა თუფაქის მკვლელობაში მონაწილეობას.
თავის მხრივ, დევისის ადვოკატები ცდილობდნენ მსაჯულები დაერწმუნებინათ, რომ დევისის განცხადებები, წიგნი და ინტერვიუები უბრალოდ გამოგონილი ამბავი, ტრაბახი და გაზვიადება იყო, რომლის მიზანსაც წიგნის გაყიდვა და ფულის შოვნა წარმოადგენდა.
თუფაქ შაკურის მკვლელობა 30 წლის განმავლობაში ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გაუხსნელ საქმედ რჩებოდა, რამაც უამრავი კონსპირაციული თეორია წარმოშვა. თუფაქი 25 წლის ასაკში, თავისი კარიერის მწვერვალზე გარდაიცვალა. მსოფლიოს მასშტაბით, ვარსკვლავმა 75 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე