
საერთაშორისო ბაზარზე დიზელის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. 1 ბარელის ღირებულებამ უკვე 200 დოლარს გადააჭარბა და როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, შესაძლოა, 250 დოლარსაც კი მიაღწიოს. დიზელის გაძვირებას ორი მიზეზი აქვს: აშშ-ირანისა და რუსეთ-უკრაინის ომი. თუ ეს კონფლიქტები არ დარეგულირდება და ჩაკეტილი სრუტეები არ გაიხსნება, ნავთობპროდუქტების გაიაფება წარმოუდგენელია.
კომპანია „მატიოს“ დამფუძნებლის, რატი მესხიშვილის შეფასებით, დიზელის გლობალური დეფიციტი და მაღალი ფასები, დიდი ალბათობით, 2027 წლამდე შენარჩუნდება. დიზელი მსოფლიო ეკონომიკის, სატვირთო გადაზიდვების, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის უმთავრესი პროდუქტია. შესაბამისად, მისი დეფიციტი პირდაპირ აისახება გლობალურ ინფლაციაზე.
"გამორიცხული არ არის, უახლოეს პერიოდში, მნიშვნელოვნად გაძვირდეს თითქმის ყველა ტიპის პროდუქტი, თუ სერვისი", - აღნიშნა მესხიშვილმა.
განსხვავებული პოზიცია აქვს „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელს, ზაალ იაკობიძეს, რომელმაც ვარაუდი გამოთქვა, რომ საქართველოს ბაზარზე დიზელის საწვავის ფასის შემცირების ტენდენცია, შესაძლოა, ნოემბრის დასაწყისში აისახოს.
მისი განმარტებით, საქართველოში საწვავის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი იმპორტის წყაროსა და შესყიდვის ფორმულის ცვლილებაა. კერძოდ, თუ ადრე საწვავის ნაწილი რუსეთიდან შემოდიოდა და მისი ფასი ერთი დღის ან ერთი კვირის საშუალო მაჩვენებლით განისაზღვრებოდა, ევროპიდან შესყიდვის შემთხვევაში ფასის ფორმირება უფრო ხანგრძლივი პერიოდის საშუალო მაჩვენებელი ხდება.
„ადრე, მაგალითად, რუსეთიდან შემოტანილი საწვავის შემთხვევაში, ერთი დღის ან ერთი კვირის საშუალო ფასი იყო. ახლა ევროპიდან შესყიდული საქონლის შემთხვევაში, ძირითადად, ერთი თვის საშუალო ფასია. აგვისტოს საშუალო ფასი უფრო დაბალი იყო, ვიდრე სექტემბრის საშუალო. შესაბამისად, საქართველოში შემოვიდა უფრო მაღალი თვითღირებულების საქონელი“, - აღნიშნა იაკობიძემ.
მისივე თქმით, დიზელის საწვავზე ბოლო პერიოდში ფასის შემცირება გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. თუ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენცია შენარჩუნდება და ფასების მკვეთრი მერყეობა არ გაგრძელდება, საქართველოში დიზელი, შესაძლოა, მომდევნო თვის დასაწყისში გაიაფდეს კიდეც.
რაც შეეხება ბენზინს, ზაალ იაკობიძე მიიჩნევს, რომ შემოდგომის მეორე ნახევარსა და ზამთარში საწვავზე მოთხოვნის შემცირება ფასის კლების ერთ-ერთი შესაძლო წინაპირობაა, თუმცა საბოლოო შედეგი საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესებსა და სხვა ფაქტორებზეც იქნება დამოკიდებული.
ბოლო რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში საწვავის ფასი იზრდება. გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით მიმდინარეობს. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა - 14-31 თეთრით, დიზელის ღირებულებამ კი - 30-52 თეთრით მოიმატა. აგვისტო-სექტემბერში ბენზინი - 42 თეთრამდე, დიზელი კი - 91 თეთრამდე გაძვირდა. ფასის მატების ტენდენცია შენარჩუნებულია ოქტომბერშიც.
პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სწორედ ნავთობპროდუქტების მომარაგების აღდგენის მიზნით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა და შეთანხმებასაც მიაღწია, თუმცა ეს გარიგება ეკონომიკსტ პაატა ბაირახტარს ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიად მიაჩნია, რომელსაც არავითარი რეალური შედეგი არ ექნება.
„ტრამპის შეთანხმება პუტინთან ეს არის წმინდა წყლის წინასაარჩევნო კამპანია, რომლის საშუალებითაც აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს, საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, დიზელის საწვავის ისტორიულად მაღალი ფასი (რომელიც უშუალოდ ირანთან კონფლიქტს და სრუტეების ჩაკეტვას უკავშირდება) გადააბრალოს ზელენსკის. პუტინთან ამ შეთანხმების ერთადერთი მიზანიც სწორედ ეს არის, თორემ თუ ტექნიკურ ნაწილზე ვისაუბრებთ, ის ოდენობა, რაც რუსეთმა აშშ-ს უნდა მიაწოდოს, ზღვაში წვეთია, რადგან ამერიკის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 3%-ია. რეალურად, ამ მოცულობას არაფრის შეცვლა არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ამ შეთანხმებაზე სერიოზული იმედების დამყარება, რომ დიდ ზეგავლენას მოახდენს ნავთობპროდუქტების ღირებულებაზე, რა თქმა უნდა, გულუბრყვილობაა“, - განუცხადა „რეზონანსს“ბაირახტარმა.
ვინაიდან ტრამპი-პუტინის შეთანხმება მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის პიარის ნაწილია და რეალური შედეგის მოტანა არ შეუძლია, საინტერესოა, რა გამოსავალი არსებობს შექმნილი სიტუაციიდან, გარდა იმისა, რომ აშშ-ირანის ომი დასრულდეს და ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნას.
„გლობალურად,მიწოდების უდიდეს შოკთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, ფიქტიური შეთანხმებები აზრს მოკლებულია და რეალურად, ვერაფერს შეცვლის. სინამდვილეში, ჩვენ სახეზეა ნავთობპროდუქტების მიწოდების პრობლემა, რადგან სრუტეები ჩაკეტილია და ვერ ატარებენ იმ რაოდენობის ნაკადს, რა რაოდენობაც უნდა გაატაროს და ეს იწვევს შოკს. ვიდრე ეს ნაპრალები არ ამოივსება, სიტუაცია არ გამოსწორდება“, - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
„რეზონანსის“ კითხვაზე, რატომ კეთდება აქცენტი მხოლოდ დიზელის საწვავის გაიაფებაზე და არა - ბენზინზე, ეკონომისტმა გვიპასუხა, რომ ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი, დიზელის ფასი უფრო მასშტაბურად არის მომატებული, ვიდრე ბენზინისა და მეორე - დიზელის საწვავი ინდუსტრიული პროდუქტია.
„დიზელის საწვავზე აქცენტი ორი ფაქტორის გამო კეთდება. პირველი - დიზელი უფრო მასშტაბურად არის გაძვირებული. თუ ბენზინის შემთხვევაში, წლიურ ჭრილში 30%-იანი მატებაა, დიზელის შემთხვევაში, თითქმის 55%-იანი ზრდაა, რაც კოლოსალურად მაღალი მაჩვენებელია.
გარდა ამისა, დიზელი ინდუსტრიული პროდუქტია, დაწყებული ლოგისტიკით, სოფლის მეურნეობით დასრულებული, ყველგან მოიხმარენ დიზელი. აქედან გამომდინარე, დიზელზე უფრო მეტი ყურადღება მახვილდება და ეს არის მთელი ფილოსოფია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას პაატა ბაირახტარმა.