"მოსკოვი კრძალავს იმ კომპანიების პროდუქციას, რომელთა მფლობელებიც თავად არ არიან"
ირმა ჩიტაია
12.10.2026

რუსეთმა ქართული ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების ნაწილის იმპორტი ისევ შეზღუდა. მიუხედავად ფრთხილი პოლიტიკისა, მოსკოვი მაინც არასაიმედო პარტნიორად რჩება. ამ დროს კი ქართული ღვინის ექსპორტის თითქმის 65% სწორედ რუსეთზე მოდის. დარგის სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კიდევ ერთი სიგნალია ალტერნატიული ბაზრების მოსაძებნად, ნაწილი კი თვლის, რომ მეზობელთან ვაჭრობის შეწყვეტა შეუძლებელია და ხელისუფლებამ პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს.

შეზღუდვების ოფიციალურ დეტალებზე ინფორმაცია რუსული მედიიდან გავრცელდა. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა („როსპოტრებნადზორი“) ქართული წარმოების ზოგიერთი სასმლის იმპორტისა და გაყიდვის დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვა შეეხო „თბილღვინოს“, „თელიანის ველის“, „ასკანელი ძმებისა“ და „ვაინმენის“ ღვინოებს, „ასკანელი ძმების“ კონიაკს, „ქართული ლუდის კომპანიის“ ლუდს, საქართველოში წარმოებულ "კოკა-კოლასა" და მინერალურ წყალ „ნაბეღლავს“.

რუსეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებსა და ხარისხის ბრალდებას უკვე გამოეხმაურნენ ქართველი ბიზნესმენებიც. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია რუსეთის გადაწყვეტილებას ძალის დემონსტრირებასა და ჩვეულებრივ პოლიტიკურ წნეხს უწოდებს. მისი თქმით, საუბარი პროდუქციის დაბალ ხარისხზე უბრალოდ „რუსული იდეოლოგიის ნაწილია“:

„ვინ მოგვცემს ხარისხის დარღვევის უფლებას „კოკა-კოლის“ სისტემაში?! ეს უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენი პროდუქციის ხარისხი ბელგიის ცენტრალურ ლაბორატორიაში მოწმდება“, - განაცხადა ჭყონიამ.

ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ მათი სარეალიზაციო ბაზარი საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთია, რუსეთი მათ ინტერესებში არ შედის და ეს აკრძალვა კომპანიაზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს. მოსკოვის ეს ნაბიჯი პოლიტიკური გაფრთხილებაა, რათა ქვეყანამ ევროპული კურსი არ აირჩიოს.

თუმცა, შეზღუდვების სიაში მოხვედრილი ყველა კომპანია ერთნაირად არ დაზარალდება. „თბილღვინოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ აკრძალვა კომპანიას გარკვეულ დანაკარგს მოუტანს, თუმცა სერიოზულ პრობლემებს არ ელის:

"30-მდე ქვეყანაში ვყიდით ქართულ ხარისხიან ღვინოს და რუსეთში ძალიან ცოტა პროდუქცია გაგვაქვს. ჩვენთვის რუსეთის ბაზრის წილი ძალიან დაბალია. გარკვეული დანაკარგი იქნება, მაგრამ ალბათ, ერთ-ერთი იშვიათი კომპანია ვართ, რომელსაც რუსეთზე ძალიან მცირე დამოკიდებულება აქვს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

შექმნილ ვითარებაში დარგის ექსპერტებს შორის აზრები იყოფა. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ბაზარი მუდმივად არასაიმედოა და ეს შემთხვევა სხვა კომპანიებისთვისაც გაფრთხილებად უნდა იქცეს, რათა რისკების შეფასება დაიწყონ. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ მეზობელ ქვეყანასთან სავაჭრო კავშირების გაწყვეტა შეუძლებელია. ამიტომ შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა საკითხი სიღრმისეულად უნდა შეისწავლონ და პრობლემა სწორი რეაგირებით გადაჭრან.

საკითხის პოლიტიკურ და გეოგრაფიულ ასპექტებზე საუბრობს აგროსექტორში  ცნობილი ბიზნესმენი გელა ხანიშვილი. მისი შეფასებით, მიზეზი შესაძლოა, ბევრი რამ იყოს, თუმცა ფაქტია, რომ შეზღუდვა მსხვილ და მაღალი ხარისხის მწარმოებლებს შეეხო. ამიტომ ბრალდება უხარისხობაზე არასამართლიანია. რუსეთი სწორედ არაპროგნოზირებადობის გამოა არასაბილური პარტნიორი.

„ეს დიდი პოლიტიკური თემაა. რუსეთზე აწყობილ ბიზნესებს, ბუნებრივია, მაღალი რისკი ახლავს. რუსეთი სწორედ იმითაა არასტაბილური ბაზარი, რომ არავინ იცის, რას გააკეთებს. თუმცა, მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გარეშე არსებობა წარმოუდგენელია. ეს ჩვენი არჩევანი კი არა, ობიექტური გეოგრაფიული რეალობაა.

მართალია, ქართული ღვინის ბაზარი მსოფლიოში მუდმივად ფართოვდება, თუმცა მთავარი მაინც დომინანტი ბაზრის საკითხია. ცხადია, დღესაც ექსპორტის უდიდესი ნაწილი კვლავ რუსეთში გადის. შექმნილი ფაქტი, თავის მხრივ, არასასიამოვნოა, ამიტომ აუცილებელია კომუნიკაცია, რეალობის ობიექტური შესწავლა და სახელმწიფოს მხრიდან საკითხის ძირეული ანალიზი,“- განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ხანიშვილმა.

საკითხთან მიმართებაში განსხვავებული პოზიცია და შეფასება აქვს დარგის სპეციალისტ გურამ სამადაშვილს. მისი აზრით, დასახელებული კომპანიები ნამდვილად დაზარალდებიან და, სავარაუდოდ, ეს სია კიდევ უფრო გაფართოვდება. 

„რუსეთის ბაზარი რომ პოლიტიკური, კორუმპირებული და საბჭოური ნეგატივით სავსეა, ეს ისედაც ყველამ ვიცით. ხარისხზე საუბარი საერთოდ ზედმეტია, ეს ნაბიჯი წმინდა წყლის პოლიტიკურ-კორუფციულია. რუსეთი კრძალავს იმ კომპანიების პროდუქციას, რომელთა მფლობელებიც თავად არ არიან და რომლებიც პროევროპულად არიან ორიენტირებულნი. 

დასახელებული ოთხი ღვინის კომპანიის წილი რუსეთის ექსპორტში ისედაც მცირე იყო, ამიტომ საერთო სტატისტიკაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა, ეს ნაბიჯი ძალიან კარგი გამოსაფხიზლებელია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჩრდილოეთზეა დამოკიდებული. რუსეთის ბაზარი მთლიანად თუ დაიხურება, მხოლოდ უკეთესი იქნება,“ - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას გურამ სამადაშვილმა.

მსგავსი წნეხისა და მუდმივი რისკების მიუხედავად, რეალობა უცვლელია. ქართული ღვინისა და ალკოჰოლის სექტორი ჯერჯერობით დიდწილად დამოკიდებულია რუსეთის ბაზარზე. ალტერნატიული ბაზრების ძიების პარალელურად, ექსპორტის უდიდესი ნაწილი კვლავ მეზობელზე მოდის, რაც ადგილობრივ მწარმოებლებსა და სახელმწიფოს უახლოეს მომავალშიც რთული გამოწვევების წინაშე ტოვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×