თამთა ჩაჩანიძე
12.10.2026

პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისგან მანანა კობახიძის თვითაცილების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც „ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელია და „ნაციონალური მოძრაობის" მწვავე კრიტიკოსი იყო, სარჩელისგან აცილების ოფიციალური მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.

საქმის სპეციალისტები და პოლიტიკური მიმომხილველების ნაწილი ეჭვობს, რომ თვითაცილების მცდელობის მიზეზი, დიდი ალბათობით, დასავლეთიდან მოსალოდნელი შესაძლო სანქციებია მათ მიმართ, ვინც პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებაში მიიღებს მონაწილოებას.

რაც შეეხება ოპოზიციას, „ლელო - ძლიერმა საქართველომ" მანამდეც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებში აზრთა სხვადასხვაობაა პარტიების აკრძალვაზე, დღეს კი პარტიის წევრი გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ მოსამართლეებს აიძულებენ მონაწილეობა მიიღონ განხილვაში.

„არ გვიკვირს (მანანა) კობახიძის მცდელობა, თავი აარიდოს ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაში მონაწილეობას, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ივანიშვილის ამ გეგმის განხორციელებაში, ემუქრებათ არა მხოლოდ საერთაშორისო, ფინანსური და სავიზო სანქციები, არამედ ქართული საზოგადოების უმკაცრესი ვერდიქტი და სამარცხვინო ადგილი საქართველოს ისტორიაში.

„ეს ძალიან კარგად ესმით საკონსტიტუციო სასამართლოშიც, თუმცა ივანიშვილი მოქმედებს კრიმინალური სინდიკატის პრინციპით და ყველას აიძულებს ამ ანტიკონსტიტუციურ, დანაშაულებრივ აქტში მონაწილეობას", - აცხადებს სიორიძე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლე მანანა კობახიძის მიერ წარსულში „ქართული ოცნების" დამფუძნებლობა მისი აცილების საფუძველი არ უნდა იყოს. მისი განცხადებით, ასეთი მიდგომის შემთხვევაში, მანანა კობახიძეს კანონების განხილვაში მონაწილეობა საერთოდ აღარ უნდა შეეძლოს.

  • ირაკლი კობახიძე: „თავის დროზე, პარტიის დამფუძნებლობა არ არის საფუძველი აცილებისთვის. ასე საერთოდ არცერთი კანონი არ უნდა განიხილოს მანანა კობახიძემ."

„როგორც იურისტი, გიპასუხებთ, რომ, თავის დროზე, პარტიის დამფუძნებლობა არ არის საფუძველი აცილებისთვის. ასე საერთოდ არცერთი კანონი არ უნდა განიხილოს მანანა კობახიძემ. თავის დროზე იყო კონკრეტული პარტიის დამფუძნებელი და მეათე წელია არის მოსამართლე. მას არავითარი შეხება არ აქვს არც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, არც ვინმე უზღუდავს სხვა პარტიის მიმართ ახალი პოზიციის ჩამოყალიბებას, ან სხვაგვარად მოქმედებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხი მანანა კობახიძეს

11 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითაცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კობახიძემ სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა და განაცხადა, რომ მისმა პოლიტიკურმა წარსულმა და „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გაკეთებულმა მწვავე საჯარო განცხადებებმა, შესაძლოა, საზოგადოებაში მისი მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვები გააჩინოს.

მოსამართლე შუამდგომლობაში აღნიშნავდა, რომ წარსულში „ქართული ოცნების" დამფუძნებელი წევრი და პარტიის თავმჯდომარე იყო, ასევე პარლამენტის წევრობის პერიოდში საჯაროდ აკრიტიკებდა „ნაციონალურ მოძრაობას" და მის წარმომადგენლებს. მანანა კობახიძის განცხადებით, მოსამართლედ არჩევის შემდეგ იგი კონსტიტუციის შესაბამისად, პირადი განწყობებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს, თუმცა ამ კონკრეტული საქმის განხილვაში მისმა მონაწილეობამ შესაძლოა, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა დააზიანოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამ არგუმენტებს არ დაეთანხმა:

„მოსამართლის თანამდებობაზე განწესებამდე, მისი პოლიტიკური აქტივობისას გაკეთებული განცხადებების შინაარსის, თუნდაც მკაცრი კრიტიკის პირობებში, აცილების წინაპირობად განსაზღვრა, გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის პარალიზებას და უარყოფითად აისახება ამ ინსტიტუციის როგორც მიუკერძოებლობაზე, ასევე ობიექტურობაზე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მანანა კობახიძის შუამდგომლობა #1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს", - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომლის პლენუმის შემადგენლობაში არიან: რევაზ ნადარაია, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე და ვასილ როინიშვილი.

რატომ უნდოდა მოსამართლეს თვითაცილება

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მანანა კობახიძეს შეეძლო ამ სარჩელის განხილვისგან თვითაცილების უფრო საფუძვლიანი მიზეზი მოეყვანა.

„ეს არგუმენტი ჩემთვის არ არის საკმარისი თვითაცილებისთვის, ვინაიდან ადამიანმა თავისი ცხოვრების განმავლობაში, თან როდესაც ცხოვრების ხანგრძლივობა საკმაოდ დიდია, არაერთხელ შეიძლება შეიცვალოს რაღაც მდგომარეობა, შეიძლება შეიცვალოს პოზიციები, მთავარია, რომ ის იქცეოდეს კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად. ამაში თავად უნდა იყოს პირველ რიგში დარწმუნებული.

  • ვახტანგ ხმალაძე: „სავსებით მოსალოდნელია სანქციები საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ."

„თუმცა, არის მეორე მომენტი, რომ მას თავის დროზე, წლების წინ, თავად აქვს დასმული საკითხი, რომ აკრძალულიყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ეს ჩემი აზრად უფრო, ავე ვთქვათ, საფუძვლიანი არგუმენტია, ვიდრე პირველი", - განაცხადა ხმალაძემ „რეზონანსთან".

კითხვაზე, რატომ ცდილობს სარჩელის განხილვისგან თვითგანრიდებას მანანა კობახიძე და ხომ არ არის ამის მთავარი მიზეზი შესაძლო დასავლური სანქციები, ხმალაძემ გვითხრა:

„სავსებით მოსალოდნელია სანქციები საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ. იმიტომ, რომ, ჩემი შეფასებით, სარჩელი არის უსაფუძვლო და არანაირი კონსტიტუციით განსაზღვრული საფუძველი პარტიის აკრძალვისა უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ სანქციები სავსებით რეალურია".

კიდევ ერთ კითხვაზე, თვითაცილების ეს მცდელობა რამდენად მიანიშნებს სასამართლოში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაა და ერთგვარი შიდა ბუნტის ზღვარზე მისულ დაძაბულობაზე, რის შესახებაც ოპოზიცია საუბრობს, ხმალაძემ აღნიშნა:

„თეორიულად შესაძლებელია, თუმცა პრაქტიკულად, ჩემი აზრით, ნაკლებად ალბათურია, გამომდინარე სასამართლოს შემადგენლობიდან და მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებებიდან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×