თამთა ჩაჩანიძე
12.10.2026

საქართველო საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე დგას - აშშ-ს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებული აქვს, ევროკავშირი დიალოგის აღდგენას კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას უკავშირებს. ამ ფონზე რუსეთმა ქართული პროდუქციის ნაწილის იმპორტსა და რეალიზაციაზე შეზღუდვები დააწესა, რასაც შესაძლოა უფრო ფართო ეკონომიკური ზეწოლის დაწყების საფრთხეც უკავშირდებოდეს.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ერთდროულად დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესებასა და რუსეთის მხრიდან ზეწოლის ზრდას - ამაზე ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

რუსეთში ზოგიერთი ქართული პროდუქციის შეტანა და რეალიზაცია 9 ოქტომბრიდან შეჩერებულია და სავაჭრო ქსელებიდან მათი ამოღება უკვე დაიწყეს. ემბარგოს ოფიციალურ მიზეზად „სანიტარიული ზომები" დასახელდა. თუმცა, ამ შეზღუდვას მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ „ყურადღება უნდა გამახვილდეს თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემაზე, ასევე სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის დაწყებაზე".

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სანქციები მოსკოვიდან გაფართოვდეს და მეორე ტალღა ვიხილოთ. ეს ყველაფერი კი ხდება ჟენევის დისკუსიების მორიგი, 68-ე რაუნდის წინ, რომელიც 10-11 ნოემბერსაა დანიშნული, სადაც რუსეთს გადაწყვეტილი აქვს კიდევ ერთხელ გადაჭრით მოსთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების" გაფორმება.

პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფიას ინფორმაციით, ეს რუსული სანქციების მხოლოდ პირველი ტალღაა და 40-ზე მეტი მსხვილი ქართული კომპანიისთვის მზადდება ანალოგიური აკრძალვები.

კითხვაზე, თუ გაირკვა რა მოხდა რეალურად და რა პრინციპით შეირჩნენ ეს კომპანიები რუსეთის მხრიდან, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა ამ საკითხის გარკვევას ცდილობს.

„ჩვენ ვერკვევით ამ საკითხში და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება, ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით კი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, რომ საკითხი რუსეთის ფედერაციასთან გაარკვიოს.

„რამდენიმე კომპანიის მიმართ არის და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმლის მიმართ. ანუ რამდენიმე კომპანიასთან დაკავშირებით არის, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება მიღებული. გასაკვირია! საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველია, ამიტომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში და ვნახოთ, იმედია, რომ შეიცვლება გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენთვის საფუძველიც გაუგებარია ამ შემთხვევაში. ის ინტერპრეტაციები, რომლებიც მოვისმინეთ სხვადასხვა აქტორის მხრიდან, ეს ცალკე ინტერპრეტაციებია, მაგრამ ჩვენ რამე ოფიციალური საფუძველი არ მოგვისმენია",- განაცხადა პაპუაშვილმა.

  • შალვა პაპუაშვილი რუსულ ემბარგოზე: „საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველია, ამიტომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში და ვნახოთ, იმედია, რომ შეიცვლება გადაწყვეტილება".

„ოცნების" წარმომადგენელთა შეფასებით, რუსეთში მხოლოდ რამდენიმე ქართული კომპანიის პროდუქცია აკრძალეს და არა ზოგადად ქართული ღვინო, თუმცა, როგორც „კომერსანტი" წერს, რუსეთში ქართული პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები ღვინის იმ მწარმოებლებს შეეხო, რომელთა წილიც რუსეთში საქართველოდან ღვინის ექსპორტის მთლიანი მოცულობის დაახლოებით 75-80%-ია. ამავე ინფორმაციით, ღვინო რუსეთის ბაზარზე საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტია. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ რუსეთში 3,67 მილიონი ლიტრი ღვინო გაიტანა და ამ მაჩვენებლით რუსეთში ღვინის უმსხვილესი მიმწოდებელი ქვეყანა გახდა.

რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობას და კონკრეტულად ევროკავშირთან, პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან მზაობაა დიალოგისთვის, თუმცა ევროკომისიას ხისტი დამოკიდებულება აქვს.

„ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა დიალოგისთვის, დისკუსიისთვის ყველა საკითხთან დაკავშირებით. არ არსებობს არავითარი დახურული საკითხი. მზად ვართ დისკუსიისთვის. თუ იქნება ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების გადატვირთვას, თუმცა ამ ეტაპამდე ვართ მოლოდინის რეჟიმში. ქვეყნების დონეზე არის არსებითი ცვლილება, თუმცა ამას ნაკლებად ვიტყოდი ევროკომისიის ხელმძღვანელობაზე. სამწუხაროდ, ევროკომისიის ხელმძღვანელობა კვლავაც გამოირჩევა ხისტი დამოკიდებულებით, რაც არის სამწუხარო. ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია თუ გადაიხედება, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ურთიერთობები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანამდე ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ სანამ „ოცნება" საკამათო კანონებს არ გაიწვევს და ევროპული ღირებულებებისკენ ნაბიჯებს არ გადადგამს, მათთან არ ითანამშრომლებენ.

ზეწოლა ორი მხრიდან

როგორც ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" ამბობს, საქართველო ამ მდგომარეობაში გეოპოლიტიკურმა რყევების გამო აღმოჩნდა.

„ეს იმ რყევებმა, გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ და გადანაწილებებმა გამოიწვია, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარეობს. თუმცა, ვფიქრობ, ეს დროებითი გამოწვევაა, ვინაიდან აშშ-სთან ურთიერთობები ლაგდება. ევროკავშირშიც ხედავთ დღეს როგორი უმძიმესი სიტუაციაა, იქამდეც მივიდნენ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ უმთავრეს ქვეყანაში, საფრანგეთში „კატიუშას" მღერიან.

„ახლა რუსეთის ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობები ჰქონდეს. იმ შვიდ-რვა კომპანიასთან დაწესებული სანქციები დიდ უსაშველო რამეს არ წარმოადგენს. არცერთი მხრიდან ზეწოლის გაძლიერება არცერთი შემთხვევისათვის არ მოხდება. ეს არც დასავლეთის და არც ჩრდილოეთის ინტერესებში არ შედის, რადგან საქართველოს დღეს ისეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობა უჭირავს, რომელიც თანაბრად აუცილებელია როგოც რუსეთისათვის, ისე დასავლეთისთვის", - განაცხადა გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოსკოვის მხრიდან ზეწოლა მოსალოდნელი იყო და დიდი ალბათობით, მომავალში უფრო გაძლიერდება.

„ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო. როგორც ჩანს, მოსკოვმა ჩათვალა, რომ ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან უკვე დასრულდა და საქართველოს მიმართ დასავლეთიდან არ იქნება ისეთი მხარდაჭერა, როგორიც თუნდაც სომხეთს აქვს. ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯები. ჩვენი მხრიდან თავდაუსხმელობის შეთანხმება, ფაქტიურად, ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაა და ჩათვალეს, რომ დღეს მათთვის ხელსაყრელი ვითარებაა.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „როდესაც დასავლეთი ჩვენგან ითხოვს ამ კანონის გაწვევას, ეს გასაგებია, მაგრამ ვითარება მაშინ, როდესაც ეს კანონები მიიღეს და ვითარება დღეს განსხვავდება ერთმანეთისაგან... მე უფრო მეტად დასავლეთის დახმარების იმედი მაქვს".

„მოსკოვის მხრიდან ზეწოლა რა თქმა უნდა გაძლიერდება და მთლიანად იქნება მოცული მთელი ჩვენი ეკონომიკა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, თუ დასავლეთი არ გამოგვიწვდის დახმარების ხელს. იმედი მაქვს, რომ დასავლეთი ბოლოს და ბოლოს მაინც იმას გააკეთებს, რომ რუსეთთან არ დაგვტოვებს ერთ-ერთზე. როდესაც დასავლეთი ჩვენგან ითხოვს ამ კანონის გაწვევას და ასე შემდეგ, ეს გასაგებია, მაგრამ ვითარება მაშინ, როდესაც ეს კანონები მიიღეს და ვითარება დღეს განსხვავდება ერთმანეთისაგან", - განაცხადა ძაბირაძემ.

შესაძლო გამოსავალი

ედიშერ გვენეტაძე გვეუბნება, რომ გამოსავალი არის მოთმინების პოლიტიკა.

„რა ნაბიჯები უნდა გადადგას პარატა საქართველომ? ჩვენ ის ბალანსირებული და სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, რომელსაც ვაწარმოებთ 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული. სხვა არაფერი შეგვიძლია. როდესაც დაიწყებ ყვირილს, უნდა გქონდეს შესაბამისი ძალა. ჩვენ კი შესაბამისი ძალა, ჩვენი სიმცირიდან გამომდინარე, არ გვაქვს.

  • ედიშერ გვენეტაძე: „როდესაც დაიწყებ ყვირილს, უნდა გქონდეს შესაბამისი ძალა. ჩვენ კი შესაბამისი ძალა, ჩვენი სიმცირიდან გამომდინარე, არ გვაქვს."

„რატომ აკრიტიკებენ ევროკავშირს? იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენ ვიცით ვინცაა და რუსეთის მიმართ არაერთი განცხადება გაკეთებულა, მაგრამ ევროკავშირს რომ უნდა საქართველო მოაქციოს იმ გალიაში, რომელშიც მათ 60-იან წლებში ბელგიაში აფრიკელი ბავშვები ჰყავდათ, ამიტომ კეთდება ეს განცხადებები, რომ არ შევიდეთ იმ გალიაში", - განაცხადა გვენეტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ გამოსავალია ის, რომ მოუხედავად ყველაფრისა, დასავლეთმა ხელი გამოგვიწოდოს.

„როგორც ჩანს, ხელისუფლება პირიქითაა - ცდილობს რუსეთს კი არ დააბრალოს ეს ყველაფერი, არამედ დასავლეთს და იმედი მაქვს, კრიტიკის მიუხედავად, დასავლეთი ხელს მაინც გამოგვიწვდის. მე უფრო მეტად დასავლეთის დახმარების იმედი მაქვს, ვიდრე იმის, რომ საქართველოს ხელისუფლება რაღაც ზომებს იღებს და რაღაცნაირად ამ არსებულ ვითარებას შემოაბრუნებს.

„ხელისუფლება ყოვეეთვის აფრთხილებდნენ, იქნება ეს ოპოზიცია, დამოუკიდებელი ექსპერტები თუ სხვები, რომ რუსეთზე ეკონომიკურად ასე ჩამოკიდება არ შეიძლებოდა. თუ რუსეთმა ეკონომიკური ბერკეტები გამოიყენა უკრაინასა და დასავლეთში, გამოიყენებდა საქართველოშიც. თუ, მაგალთად, ხვალ რუსეთმა ტურისტების შემოსვლა აკრძალა რაღაც მიზეზით, საშინელებაში აღმოჩნდება ტურისტული სფერო. ყველა ნორმალური ქვეყანა ასეთ სიტუაციაში ეკონომიკის დივერსიფიკაციას აკეთებს", - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×