
გადაწყდა, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარს მიაღწევს. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა. 70 წლის და უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 60 ლარით გაიზრდება და 555 ლარი გახდება (ხოლო მაღალმთიან დასახლებებში - 665 ლარი). მთლიანობაში ბიუჯეტს პენსიების ზრდა წლიურად 500 მლნ ლარამდე დაუჯდება.
როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დამატებითი ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას 128 მილიონი ლარით.
,,მინდა შეგახსენოთ, რომ სოციალური ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 33 პროცენტს აღემატება. 2026 წელს ასაკობრივ პენსიებზე გამოყოფილი იყო 5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე - 540 მილიონი ლარი. შედარებისთვის, პენსიებზე 2012 წელს მხოლოდ მილიარდ 65 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
სოციალურ ხარჯებზე სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედია. ეს ნიშნავს, რომ სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა. აღნიშნული ზღვრის გადალახვა მნიშვნელოვნად შეანელებს ეკონომიკურ ზრდას და ხელს შეუწყობს ინფლაციურ პროცესებს, რაც სოციალური ხარჯების ეფექტურობაზეც პირდაპირ აისახება. ზღვარს ზემოთ სოციალური ხარჯების გაზრდა შეამცირებს ფისკალური კონსოლიდაციის ხარისხს, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოს დაფინანსებაზეც უარყოფით გავლენას იქონიებდა.
ამასთან, დასაშვები ნორმის ფარგლებში, ჩვენ მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ვეცდებით, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გავუზარდოთ“,- განაცხადა პრემიერმა.
ცვლილება გუშინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გახმოვანდა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც, მათ შორის დეპუტატი პაატა კვიჟინაძეც გამოეხმაურა.
„პენსია რომ 10 ლარით გაიზარდოს, 111 მილიონი სჭირდება, ანუ პენსიის 1 ლარით გაზრდას 11 მილიონი ლარი უნდა. დეპუტატებისთვის ხელფასის ზრდას მილიონზე ოდნავ მეტი უნდა და ეს თანხა პენსიონერებისთვის რამდენიმე თეთრის დამატებას ნიშნავს, ანუ ეს ერთმანეთთან ვერანაირად ვერ იქნება კავშირში, როგორც სურთ რომ დააკავშირონ“, - განაცხადა კვიჟინაძემ.
როგორც წესი, პენსიების ოდენობა და სოციალური გასაცემლების ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის საერთო ეკონომიკურ პროგრესთან. შეზღუდული საბიუჯეტო რესურსების პირობებში, სახელმწიფოს უწევს ოპტიმალური ბალანსის პოვნა საზოგადოების სხვადასხვა სექტორისა დაფინანსებას შორის.
სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ განმარტა, თუ როგორ მოქმედებს ეკონომიკური ზრდის ტემპი სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებასა და პენსიების ზრდის რეალურ შესაძლებლობებზე.
„პენსიის სიდიდე პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ბიუჯეტში მობილიზებულ სახსრებს. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ვრცელდება არა მხოლოდ ცალკეულ სოციალურ ჯგუფზე, არამედ მთლიან საზოგადოებაზე. შესაბამისად, პენსიონერთა ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფასთან ერთად, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს განათლება, ჯანდაცვა, თავდაცვა, კომუნიკაციები და მოზარდი თაობის მხარდაჭერის პროგრამები.
შეზღუდული რესურსების პირობებში, სახელმწიფოს ამოცანაა მოახდინოს ფინანსების მაქსიმალურად ეფექტური გადანაწილება. ეკონომიკური ზრდის დაჩქარება ქმნის დამატებით საბიუჯეტო რესურსს: ეკონომიკის ყოველი დამატებითი 1%-იანი ზრდა (მაგალითად, 6%-ის ნაცვლად 7%-იანი მაჩვენებლის მიღწევა) ბიუჯეტს დაახლოებით 250 მილიონი ლარის დამატებით შემოსავალს უზრუნველყოფს.
აღნიშნული რესურსი, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიძლება მიემართოს პენსიების გაზრდისკენ, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა თუ სხვა სოციალურ ინიციატივებზე. ამდენად, ჩვენი სტრატეგიული მიზანი ეკონომიკის სწრაფი ზრდის უზრუნველყოფაა, რაც საზოგადოებრივი საჭიროებებისა და პენსიების ზრდის მთავარი წინაპირობაა“, - განაცხადა არჩვაძემ.
ფისკალური პოლიტიკის რისკების გამორიცხვისას, სტატისტიკოსმა ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ლარის გამყარების დადებით ეფექტზე გაამახვილა.
,,ბოლო პერიოდში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა და ექსპორტის მაღალი ტემპი გვაქვს - მთლიანობაში, ექსპორტი იმპორტთან შედარებით გაცილებით დამაჯერებლად იზრდებოდა, თანაც ეს ლარის გამყარების ფონზე ხდებოდა. ეროვნული ვალუტის გამყარება ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და უცხოელი პარტნიორებისადმი არსებული ვალდებულებების დაფარვა გაცილებით იაფი გვიჯდება, რაც, ექსპორტის ზრდასთან ერთად, დამატებით სარგებელს გვაძლევს. ამ დაზოგილ თანხებს ქვეყნის შიგნით პირველადი ამოცანების გადასაჭრელად, მათ შორის საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესებისთვის ვიყენებთ; შესაბამისად, ეს მცირე ფაქტორები ერთიანობაში სოლიდურ დადებით ეფექტს ქმნის,“ - აღნიშნა სოსო არჩვაძემ ჩვენთან საუბრისას.
არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. მიუხედავად იმისა, პენსიების მოცულობა მატულობს, საჯარო მოხელეების ანაზღაურების ზრდის ფონზე, ეკონომისტების ნაწილი ცვლილებას სრულფასოვნად არ მიიჩნევენ. ეკონომისტ მერაბ ჯანიაშვილის აზრით, ინფლაციის ფონზე პენსიის მატება ვერანაირად ვერ ახდენს იმ დანაკარგის კომპენსირებას, რა პირობებშიც პენსიონერები ფასების ზრდის გამო აღმოჩნდნენ.
„საქართველოში პენსიასა და სახელმწიფო მაღალჩინოსნების ხელფასებს შორის არსებული სხვაობა კოლოსალურია და ამ მაჩვენებლით ქვეყანა ერთ-ერთ მოწინავეა. პარლამენტარები და დიდი თანამდებობის პირები ყოველწლიურად ათასობით ლარით იზრდიან ანაზღაურებას მაშინ, როდესაც საპენსიო თანხასა და მათ შემოსავლებს შორის უფსკრული სულ უფრო ღრმავდება.
არსებული ინფლაციისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის ფონზე, რეალურად, საპენსიო სახსრებში მსყიდველობითი უნარის კლება გვაქვს. პენსიის 45-ლარიანი მატება ვერ ახდენს იმ მძიმე ინფლაციური წნეხის კომპენსირებას, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით. კომუნალური გადასახადებიდან დაწყებული, მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით დამთავრებული უკვე ყველაფერი გაძვირდა. გამოდის, რომ ამგვარ მცირე მატებას სოციალური ეფექტი, პრაქტიკულად, აღარ აქვს, რადგან ის ფასების ზრდის ტემპს მთლიანად ჩამორჩება,“ - განუცხადა მერაბ ჯანიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.