ნატალია ჯვარიძე
12.10.2026

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჯერად ახლად შექმნილ ოპოზიციურ პარტიებს უპირისპირდება. მისი აზრით, ოპოზიციაში იქმნება ახალი პარტიები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, „ოცნების" სარჩელის საფუძველზე, 5 ოპოზიციურ პარტიის აკრძალვას ელოდებიან, რათა შემდეგ ოპოზიციურ ველზე მათი ნიშა დაიკავონ. ამ პარტიებსა და მათ ლიდერებს სააკაშვილი „იმბეცილოებს" უწოდებს, რომელთაც სურთ გახდნენ „ახალი მიშა" და ამ კონტექსტში მინიშნებას აკეთებს პარტია „ჯერ საქართველო"-ს დამფუძნებელ ვიქტორ ყიფიანზე.

„სამართლიანი არჩევნების სჯერათ და ვერ გაუგიათ, უსამართლო სისტემა ზუსტად რა პრინციპით მუშაობს. ამასობაში, უამრავი ამბიციური იმბეცილი დარჩა ამ საზოგადოებაში, რომლებიც ისტერიულად ქმნიან პარტიებს. პარტიები კი არა, „კუტოკებია". როგორც ჩანს, ამ იმბეცილებს სერიოზულად სჯერათ, რომ არსებულ პარტიებს გააუქმებენ, ისინი გავლენ ყველგან და იქნებიან წინა პლანზე და ისინი დაიკავებენ მათ ადგილს, რომ მე ციხეში დავრჩები ან, როგორც ბევრი ოცნებობს, ქვეყნიდან გამაძევებენ და ამ დროს ვიღაც ყიფიანი, ან ქიბროწაშვილი, ან ვინმე სხვა იმბეცილი გახდება ახალი მიშა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ორშაბათს გამართულ მის სასამართლო სხდომაზე.

  • მიხეილ სააკაშვილი: „ამ იმბეცილებს სერიოზულად სჯერათ, რომ არსებულ პარტიებს გააუქმებენ და ისინი დაიკავებენ მათ ადგილს; რომ მე ციხეში დავრჩები ან, ქვეყნიდან გამაძევებენ და ამ დროს ვიღაც ყიფიანი, ან ქიბროწაშვილი, ან ვინმე სხვა იმბეცილი გახდება ახალი მიშა".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს მმართველი პარტიის სარჩელს და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციურ ველზე ახალი პარტიები მართლაც ეცდებიან თავის დამკვიდრებას.

„ნაციონალური მოძრაობა" და მისი ანასხლეტები მშვენივრად აცნობიერებენ, რომ მათი იურიდიული, პოლიტიკური მუშაობის დასასრული საკმაოდ სამართლიანად ახლოვდება, როგორც მიაჩნიათ ეს ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში. შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ აკეთებდნენ პოზიტიურ განცხადებებს საზოგადოებაში გულის მოსაგებად, ისინი ისევ და ისევ ნეგატივსა და შიდა დაპირისპირებაზე ლაპარაკობენ, რომ არაფერი ვთქვათ „ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან და მის მხარდამჭერებთან კონფრონტაციაზე. მთავარი მომენტი აქვთ შიდა უწყვეტი დაპირისპირება და ნებისმიერი კონკურენტი ოპოზიციური ძალის როგორმე ჩაჩოჩება და უწინარესად მედია დომინანტობის შენარჩუნება.

  • გია აბაშიძე: „არ მინდა საქართველოში გაგრძელდეს ის მახინჯი ტენდენცია, როდესაც შეიკრიბებიან ლექტორები, პროფესორ-მასწავლებლები და ჰგონიათ, რომ ეს ე.წ. ტუსოვკაა პარტიული საქმიანობა".

„რასაკვირველია, ამ პარტიების შესაძლო აკრძალვა დასრულდება ისე, როგორც ამას კანონი და სამართლიანობა მოითხოვს და არა ზოგადად, ვთქვათ, პოლიტიკური სურვილებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, 2028 წლამდე, რა თქმა უნდა, ეს მოხდება. ის პირები, რომლებიც არ იყვნენ სისხლიანი „ნაცრეჟიმის" დროს საკვანძო თანამდებობებზე, გააგრძელებენ პოლიტიკურ მოღვაწეობას. მაგრამ აქ ჩნდება ძალიან დიდი შეკითხვა - როგორც ყოფილი არაკრიმინალი „ნაცების", ასევე ახალი პოლიტიკური პარტიების საკითხი.

„ავიღოთ თუნდაც ვიქტორ ყიფიანის ახალი პარტია, ან ლევან ცუცქირიძის„თავისუფლების მოედანი". მათ აქვთ შესაბამისი პოლიტტექნოლოგიური ალღო, რომ ამომრჩეველს ელაპარაკონ იმ უამრავ პრობლემასა და გამოწვევაზე, რაც ხალხს აწუხებს? ან ავტომატურ რეჟიმში ნებსით თუ უნებლიედ არ იმეორონ სააკაშვილის ფლანგის ნარატივები? აი, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, რაც ახასიათებს რადიკალურ ოპოზიციას, ან იმ ოპოზიციურ მოთამაშეებს, რომლებსაც სურთ გაემიჯნონ დესტრუქციულ პოლიტიკურ თამაშებს და იყვნენ დამოუკიდებელი მოთამაშეები.

„ნებისმიერი პარტია იქნება თუ პოლიტიკოსი, თუ მას აქვს რეალური შესათავაზებელი პროგრამები, ვიდრე მმართველ პარტიას, ელექტორატის ყურადღებას იპყრობს. სხვა ნებისმიერი შემთხვევა განწირულია წარუმატებლობისთვის", - აღნიშნა აბაშიძემ.

  • ნიკა ჩიტაძე: „ღმერთმა დაიფაროს რომ ეს პარტიები გაუქმდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, ოპოზიციის ნიშა დაიკავოს ყიფიანის პარტიამ".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფსორი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ 5 პარტიის აკრძალვის შემთხვევაში ვიქტორ ყოფიანის პარტიამ შესაძლოა ოპოზიციის ნიშა დაიკავოს:

„ვნახოთ, აიკრძალება თუ არა ეს პარტიები. ღმერთმა დაიფაროს რომ ეს პარტიები გაუქმდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, ოპოზიციის ნიშა დაიკავოს ყიფიანის პარტიამ".

კითხვაზე, სააკაშვილი რატომ დაუპირისპირდა მაინც და მაინც ვიქტორ ყიფიანს, გია აბაშიძე პასუხობს, რომ სააკაშვილი ყიფიანის პარტიას კონკურენტად მიიჩნევს.

„ვფიქრობ,სააკაშვილი ნებისმიერ ახალ მოთამაშეს უყურებს როგორც კონკურენტს და ეს არ არის მხოლოდ კონკრეტულად ვიქტორ ყიფიანი. კონკრეტულად ვიქტორ ყიფიანისთვის ეს არც პლიუსია და არც მინუსი. არ მინდა საქართველოში გაგრძელდეს ის მახინჯი ტენდენცია, როდესაც შეიკრიბებიან ლექტორები, პროფესორ-მასწავლებლები და ჰგონიათ, რომ ეს ე.წ. ტუსოვკაა პარტიული საქმიანობა და საზოგადოებაში რაღაც რეიტინგის მოპოვება", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×