
პროკურატურამ პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო ძალადობის საქმეზე გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა. პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ გააგრძელებენ წინააღმდეგობასა და სამართლებრივ ბრძოლას. დასრულდა თუ არა ციხის სკანდალი, რამდენად დააზარალა ამან ხელისუფლება და მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში - ამაზე ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. მათი ნაწილივარაუდობს, რომ ამ ინციდენტს პენიტენციურ სისტემაში შიდა რეორგანიზაცია მოჰყვება.
საგამოძიებო უწყების ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოჩანაწერებზე გიორგი დავითაძის ძალადობისკენ მიმართული ქმედება არ ფიქსირდება. ამასთან, ამავე ვიდეოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. შესაბამისად, განსახილველი დასკვნით ცალსახად გამოირიცხა გიორგი დავითაძის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების ფაქტი.
- პაატა ზაქარეიშვილი: „საზოგადოებაშიც არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იმის შესახებ, თუ რამდენად დამაჯერებელია ეს ფაქტები, რადგან მეტი მტკიცებულებაა საჭირო. საზოგადოება უკვე ყველა მოვლენის მიმართ უფრო ნეიტრალური გახდა".
„ამდენად, საქმეზე მოპოვებული და განხილული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. იგი არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებებთან. რის გამოც, 2026 წლის 9 ოქტომბერს, დანაშაულის არ არსებობის გამო მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
პატიმრის დედა ირმა დავითაძე აცხადებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, გამოძიების ასეთი შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა.
„ირაკლი კობახიძემ გამოსვლა დაიწყო იმით, რომ გამოძიება დროულად დაესრულებინათ, კობახიძისეული დაკვეთით, რომ თურმე დანაშაულებრივი ქმედებები არ იკვეთება.
„სხვას არც ველოდი, რადგან ეს ხელისუფლება ტყუილზე დგას. მათ სინდისზე იყოს და ვუსურვებდი, რომ მათ ოჯახებში და სახლებში ასეთი ტრაპაიძეები და სხვები ესტუმრონ და ასეთი პროცედურა ჩაუტარონ", - განაცხადა ირმა დავითაძემ.
პატიმრის ადვოკატის სალომე ჯანუაშვილის განცხადებით კი, სამართლებრივ რეჟიმში რჩებიან და ბოლოს ინსტანციამდე იბრძოლებენ სიმართლის დასამტკიცებლად.
„დავაყენეთ შუამდგომლობა პროკურატურაში, რომ ამოღებულიყო დეესკალაციაში გადაყვანის სხვა კადრები, მათ შორის სხვა პატიმრების კადრები, როგორ ხდებოდა გადაყვანის პრაქტიკა და გიორგის შემთხვევაში როგორ იყო და რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ასევე თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ საკითხზეც ვესაუბრე პროკურატურას და შუამდგომლობაც დავაყენე, რომ ეს საკითხები გამოკვლელული ყოფილიყო. არც მიგვიღია ამაზე პასუხები, ისე შეწყდა გამოძიება.
„ჩვენ ვრჩებით სამართლებრივ რეჟიმში, ვრჩებით ბრძოლის რეჟიმში და მას შემდეგ რაც ყველა შიდა პროცედურას გაივლის ეს დოკუმენტი, აუცილებლად გასაჩივრდება ეს სტრასბურგში. როცა თავიდან გიორგი მესაუბრა, ის ვერ ხედავდა იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ფარგლებში დამტკიცებულიყო მისი სიმართლე. თავიდანვე იყო გიორგის მოთხოვნა, რომ ეს საქმე წასულიყო სტრასბურგის სასამართლოში". - ამბობს სალომე ჯანუაშვილი.
რამდენად დაზარალდა „ოცნება"
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ამ სკანდალის შედეგად სერიოზული ზიანი არ მიუღია.
„როგორც მე ვუყურებ, სოციალური ქსელების მიხედვით, ვისაც აქვს კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი, იმან უფრო აიტაცა ეს ისტორია; ანუ თავისი დამოკიდებულება, შეიძლება ითქვას, დააგრძელა ამ ისტორიით; ხოლო ვისაც აქვს ხელისუფლებისადმი სიმპათია, იმათ შეაფასეს, როგორც მცდელობა, რომ გაკეთდეს ისეთი სურათი, როგორიც იყო „ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში", - აღნიშნა საყვარელიძემ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ციხის ადმინისტრაციაში გარკვეულ რეორგანიზაციებს უნდა ველოდოთ.
- რამაზ საყვარელიძე: „ხშირად სტრასბურგი ფიგურირებს, როგორც დასაშინებელი ფრაზა, რომ აი, თუ არ მოგვყვებით, წავალთ სტრასბურგში".
„ამ ფაქტმა „ოცნება" სერიოზულად დააზარალა და მემგონი, ეს არჩევნების შედეგებშიც აისახება, მაგრამ, რაც მთავარია, ამ ამბავმა პირველ რიგში შეაშფოთა და დააფიქრა ციხის ადმინისტრაცია. უახლოეს პერიოდში იქ გარკვეული წმენდა ჩატარდება, შეიძლება, ვიღაცები გადაიყვანონ ან გადმოიყვანონ. შიგნით რა ხდებოდა რეალურად და რა მოხდა სინამდვილეში, ეს შეიძლება გახდეს იმ ბადრაგის წევრების სამსახურიდან გაშვების, სხვა სამსახურში გადაყვანის, ან რაღაც ფორმით დასჯის მიზეზი.
„ანუ, ეს ამბავი აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ შიდა რეორგანიზაციას ციხის ადმინისტრაციასა და პენიტენციურ სისტემაში. მემგონი, სულ ცოტა, უახლოესი სამი-ოთხი წელი მაინც მეტი ყურადღება და კორექტულობა იქნება იმის ცოდნით, რომ ამის მიმართ უკვე ეჭვები გაჩნდა და ყველა მსგავსი ფაქტი იქნება გამოაშკარავებული.
„კარგი იქნება, თუ სხვა პატიმრებიც ამოიღებენ ხმას, ვისაც ჰქონდათ ასეთი პრაქტიკა და გამოცდილება, და ისაუბრებენ კონკრეტულ ფაქტებზე, მიანიშნებენ კონკრეტულ თანამშრომლებზე, რომლებიც ძალადობდნენ სხვა პატიმრებზე. რაც უფრო მეტი ასეთი ამბავი იქნება, მით უფრო ყურადღებით განიხილავს სტრასბურგი ამ კერძო საქმეს.
„აქციებით ხალხი დაიღალა. საზოგადოებაშიც არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იმის შესახებ, თუ რამდენად დამაჯერებელია ეს ფაქტები, რადგან მეტი მტკიცებულებაა საჭირო. სიმართლე რომ გითხრათ, საზოგადოება უკვე ყველა მოვლენის მიმართ უფრო ნეიტრალური გახდა და დაღლილია, რადგან შედეგებს ვერ ხედავენ", - თქვა ზაქარეიშვილმა.
რას უნდა ველოდოთ
რამაზ საყვარელიძე ამ საქმიდან მნიშვნელოვანს არაფერს ელოდება. მისივე აზრით, ამ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჩივილიც შესაძლოა უშედეგო გამოდგეს.
„რამდენიმე საქმეზე სტრასბურგმა თქვა, რომ არ იმსახურებს ეს საქმე რეაგირებასო, იგივე სააკაშვილთან დაკავშირებით, თუ არ ვცდები. ხშირად სტრასბურგი ფიგურირებს, როგორც დასაშინებელი ფრაზა, რომ აი, თუ არ მოგვყვებით, წავალთ სტრასბურგში", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ აუცილებელია დავითაძის ოჯახმა დამატებითი მტკიცებულებები შეაგროვოს.
„გაგრძელებისთვის მეტი მტკიცებულებაა საჭირო. პროკურატურა დარწმუნებულია, რომ მტკიცებულებები არ მოიძებნება. თუ ის საკმარისი არ იქნება, სტრასბურგმა, შესაძლოა, არ დააკმაყოფილოს მოთხოვნა და საქმე არ განიხილოს, რადგან მარტო განცხადებაზე სტრასბურგი საქმის აღძვრას არ მოახდენს. საჭიროა მეტი მტკიცებულება, ამიტომ ოჯახი მაქსიმალურად მზად უნდა იყოს, ხოლო ადვოკატმა უნდა მოაგროვოს მეტი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა გარემოებაში შეიძლებოდა მომხდარიყო ის, რაც მოხდა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".