
აშშ-ისა და უკრაინის პოლიტიკურ წრეებში დიდი ვნებები და ხმაურიანი განხილვები მოჰყვა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას რუსეთთან დიზელის იმპორტზე გარიგების დადების შესახებ. ამერიკულმა მხარემ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესახებ უკრაინის წარმომადგენლებს მაიამიში გამართულ მოლაპარაკებებზე შეატყობინა. ამის პარარელურად, მხარეები აგრძელებენ ახალი სამშვიდობო გეგმის განხილვას, რომელიც ზამთრის დადგომამდე საბრძოლო მოქმედებების სრულ შეწყვეტას ითვალისწინებს.
როგორც გამოცემა „აქსიოსი" თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ექვსჯერ უგულებელყო მისი თხოვნა, შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები.
- „ზელენსკი არასწორად აფასებს ვითარებას. (რუსეთის) ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გაგრძელებით ის ასუსტებს იმ კეთილგანწყობას, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ტრამპთან დაამყარა".
ზელენსკი თანახმა იყო შეესრულებინა ეს თხოვნა და ამის შესახებ ამერიკელ მომლაპარაკებლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერსაც განუცხადა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსები თავის მხრივ შეწყვეტდნენ დარტყმებს უკრაინულ ელექტროსადგურებზე. ტრამპს კი სურდა, რომ უკრაინას ცალმხრივად შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, ვინაიდან მათ წვლილი შეჰქონდათ ამერიკაში საწვავზე მაღალ ფასებში და ტრამპს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმები უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის დარტყმების ტოლფასად არ მიაჩნდა.
„ზელენსკი არასწორად აფასებს ვითარებას. (რუსეთის) ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გაგრძელებით ის ასუსტებს იმ კეთილგანწყობას, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ტრამპთან დაამყარა", - განაცხადა გამოცემის წყარომ.
შეხვედრა მაიამიში
„აქსიოსის" ინფორმაციით, პარასკევს მაიამიში რვასაათიანი მოლაპარაკებების დროს ტრამპის წარმომადგენლებმა უკრაინულ დელეგაციას შეატყობინეს, რომ ტრამპი პუტინთან საუბარს გამართავს და რუსული დიზელის საწვავის იმპორტზე სანქციებს გააუქმებს.
მაიამიში შეხვედრის მთავარი თემა ზამთრის დადგომამდე საბრძოლო მოქმედებების დეესკალაცია და კონფლიქტის დასრულების გზების მოძიება იყო.
- დონალდ ტრამპი: „ჰორმუზის სრუტის ჩვენი სრული კონტროლისა და რუსეთის ენერგეტიკაზე ამ შესანიშნავი განცხადების გათვალისწინებით, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, რეალურად, მსოფლიოსთვის, დაიწევა რეკორდულად და სწრაფად!.."
აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებს უძღვებოდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის დელეგაცია და წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ევროკომისიიდან და ნატოდან.
მოლაპარაკებები ორი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა დაგეგმილზე ადრე, პირველივე დღეს დასრულდა. სტივ უიტკოფმა დისკუსიას „კონსტრუქციული" უწოდა.
განიხილებოდა წინადადება ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტებზე თავდასხმების ორმხრივად შეჩერების შესახებ, რათა უკრაინამ შეძლოს ზამთრის სეზონის გადატანა.
მხარეებმა იმსჯელეს უკრაინისა და ევროპის ხანგრძლივი უსაფრთხოების არქიტექტურასა და პოსტომის აღდგენის გეგმებზე.
აშშ-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მაიამიში გამართულმა შეხვედრამ გამოკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც ამერიკული მხარე უახლოეს ხანში რუსეთთან მოლაპარაკებებისას გაამახვილებს ყურადღებას.
საწვავის საკითხი
ტრამპის თქმით, ჯამში რუსეთი გლობალურ ბაზრებს 3 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის, რაც ფასების რეკორდულ შემცირებას უზრუნველყფს.
„ამ წამს დავასრულე ძალიან წარმატებული განხილვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომლის დროსაც შევთანხმდით, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის 300 000-ზე მეტ ტონა დიზელის საწვავს ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს, კიდევ 500,000 ტონას ნოემბრის განმავლობაში და 1,000,000 ტონას მას შემდეგ დაუყოვნებლივ.
„მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთი მოკლე დროის განმავლობაში დამატებით 3 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის. ჰორმუზის სრუტის ჩვენი სრული კონტროლისა და რუსეთის ენერგეტიკაზე ამ შესანიშნავი განცხადების გათვალისწინებით, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, რეალურად, მსოფლიოსთვის, დაიწევა რეკორდულად და სწრაფად!..
„ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განცხადებაა. დამატებით, უნდა გვესმოდეს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება!", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
- ვოლოდიმირ ზელენსკი: „ეს გამოიწვევ იმას, რომ რუსეთი მეტ ადამიანს მოკლავს, უფრო დიდხანს იბრძოლებს, კიდევ უფრო ნაკლებ პატივს სცემს ამერიკას და კიდევ უფრო მეტ დანაკარგსა და ზიანს მიაყენებს მსოფლიოს".
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტისა და ირანის ომის ფონზე, აშშ-ში დიზელის ფასები რეკორდულად გაიზარდა (გალონზე 6.28 დოლარამდე). ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი ამერიკელი ფერმერებისთვის, სატრანსპორტო კომპანიებისა და მძღოლებისთვის საწვავის გაიაფებაა.
ამ გარიგებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება სისუსტის აშკარა ნიშანია, პუტინისადმი საჩუქრები მშვიდობას არ მოიტანს და რუსეთი დიზელის საწვავისთვის ტერორით „გადაიხდის".
„ეს რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს, რადგან ეს გამოიწვევ იმას, რომ რუსეთი მეტ ადამიანს მოკლავს, უფრო დიდხანს იბრძოლებს, კიდევ უფრო ნაკლებ პატივს სცემს ამერიკას და კიდევ უფრო მეტ დანაკარგსა და ზიანს მიაყენებს მსოფლიოს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა მზადაა დეესკალაციისკენ საპასუხო ნაბიჯები გადადგას და ამერიკულმა გუნდმა იცის ამ პოზიციის შესახებ.
„რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა ნავთობობიექტებზე ჩვენი დარტყმები პასუხია რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ დიდი ხნის ტერორის კამპანიაზე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, სანქციების შემსუბუქება უკრაინაში მშვიდობის მიღწევას არ შეუწყობს ხელს.
ეს შეთანხმება ვაშინგტონშიც გააკრიტიკეს. თან არა მხოლოდ დემოკრატებმა, არამედ ზოგიერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმაც (მაგალითად, დონ ბეიკონმა), რომლებმაც განაცხადეს, რომ პუტინის ომის მანქანის დაფინანსება მორალურად გაუმართლებელია.