რეზონანსი
10.10.2026

10 ოქტომბერს, 19:50-ზე განსაკუთრებული ასტროლოგიური მოვლენა გველოდება. ეს მორიგი ახალი მთვარე არ არის. ახალი მთვარე ზუსტად მეათე თვის მეათე დღეს ხდება, 2026 წლის ციფრთა ჯამიც 10-ია (2+0+2+6=10), ეს ყველაფერი ახალი მთვარის ახალი ციკლის დაწყებას ემთხვევა. შედეგად იქმნება ე.წ. „10:10:10-ის კოდი“ - სიმბოლური თანხვედრა, რომელიც ძველი ეტაპის დასრულებასა და ახალი ციკლის დაწყების ენეგიას აძლიერებს.

ამ მოვლენას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აქვს. ასტროლოგიური კვლევის მიხედვით, ასეთი ზუსტი თანხვედრა, როდესაც „სამმაგი ათიანი“ ახალი მთვარის ასტრონომიულ განახლებას ემთხვევა, ბოლოს 1360 წელს დაფიქსირდა. სწორედ ამიტომ 2026 წლის 10 ოქტომბერი საინტერესოა არა მხოლოდ ნუმეროლოგიური სიმბოლიზმის, არამედ მასშტაბური ციკლებისა და ისტორიული პარალელების თვალსაზრისით.

„10:10:10-ის“ კოდი და ძველი ციკლის დასრულება

რიცხვით სიმბოლიკაში ათიანი დასრულებულ ციკლსა და ახალი ეტაპის დაწყებას უკავშირდება. სამმაგი ათიანი ამ იდეას კიდევ უფრო აძლიერებს. ის მიგვანიშნებს ეტაპზე, როდესაც ძველი ცხოვრებისეული პროგრამები რესურსს კარგავს და ძველი წესით გაგრძელება შედეგს აღარ გვაძლევს.

აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რიცხვითი სიმბოლიზმისა და ახალი მთვარის დამთხვევა. ახალი მთვარე თავად წარმოადგენს ერთგვარ ნულოვან წერტილს - ერთი მთვარის ციკლი სრულდება და მეორე იწყება. ამიტომ 10 ოქტომბრის ენერგია გადატვირთვის თემას აძლიერებს და ყურადღებას იმ ურთიერთობებზე, შეთანხმებებზე, ჩვევებზე, გეგმებსა და ცხოვრებისეულ სტრატეგიებზე გადააქვს, რომლებმაც საკუთარი ფუნქცია ამოწურა.

მსგავსი რიცხვითი თანხვედრა ამ საუკუნეში ყოველ ცხრა წელიწადში მეორდება, მაგრამ ახალი მთვარის ზუსტ დამთხვევას გაცილებით იშვიათი ხასიათი აქვს. სწორედ ეს ქმნის 2026 წლის 10 ოქტომბრის განსაკუთრებულობას.

ახალი მთვარე სასწორში - წონასწორობის აღდგენის დრო

10 ოქტომბერს ახალი მთვარე სასწორის 17-18-ე გრადუსზე დგება. ამიტომ ახალი ციკლის ერთ-ერთი მთავარი თემა ურთიერთობებში, პარტნიორობასა და შეთანხმებებში ბალანსის აღდგენაა.

სასწორი გვაჩვენებს, როგორ ვთანამშრომლობთ სხვებთან, რამდენად თანაბრად ნაწილდება პასუხისმგებლობა, ვითვალისწინებთ თუ არა ერთმანეთის ინტერესებს და ვტანხმდებით თუ არა პირობებს, რომლებიც რეალურად აღარ გვაკმაყოფილებს.

ამ ახალი მთვარის პერიოდში ურთიერთობებში არსებული დისბალანსი მკაფიოდ იკვეთება. წინა პლანზე გამოდის ძველი შეთანხმებები, პარტნიორული ურთიერთობები, უთქმელი პრეტენზიები და ის სიტუაციები, სადაც ერთი მხარე მუდმივად თმობს, მეორე კი იღებს.

სასწორის მმართველი ვენერა მხოლოდ სიყვარულსა და ურთიერთობებს არ მართავს. მისი სფეროა მატერიალური ღირებულებები, ფინანსები, სურვილები და მიღებ-გაცემის პრონციპი. ამიტომ ახალი მთვარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ფინანსური წონასწორობა ხდება: რამდენად შეესაბამება გაცემული დრო და რესურსი მიღებულ ენერგიას. რამდენად რეალურია სურვილები არსებული შესაძლებლობების ფონზე და რამდენად თანაბარია გაცვლა როგორც ფინანსურ, ისე პირად ურთიერთობებში.

ახალი მთვარე (მზე-მთვარის შეერთება) ჰარმონიულ სექსტილს ქმნის იუპიტერთან ლომში. ეს ასპექტი წარსულის გამოცდილებას ახალი შესაძლებლობების წყაროდ აქცევს.

უკვე გავლილი გზა ამ პერიოდში მხოლოდ წარსული აღარ არის. დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ნაცნობ სიტუაციას სხვა კუთხით შევხედოთ და უფრო ფართო პერსპექტივა დავინახოთ.

განსაკუთრებით აქტუალური ხდება პარტნიორობა, შეთანხმებები, ერთობლივი პროექტები, მოლაპარაკებები და შემოქმედებითი ინიციატივები. ახალი ინფორმაცია, შემოთავაზება ან იდეა უკვე ნაცნობ სიტუაციას სრულიად სხვა თვალით დაგვანახებს და გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველს შექმნის.

ამ ახალი მთვარის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ვენერას რეტროგრადული მოძრაობაა. ვენერა 3 ოქტომბრიდან რეტროგრადულია, ამიტომ ახალი მთვარის დროს მისი ყურადღება წარსულ გამოცდილებაზეა მიმართული.

ამ პერიოდში ბრუნდება ძველი ურთიერთობები, წარსულში დაწყებული იდეები და პროექტები, გადადებული საკითხები და ადამიანები, რომლებთანაც მნიშვნელოვანი ისტორია გვაკავშირებს. დასრულებულად მიჩნეული თემები ხელახლა იხსნება, რათა მათი საბოლოო შეფასება მოხდეს.

აქ მთავარი თავად დაბრუნება კი არა, დაბრუნებული საკითხის ახალი ფორმით გადაწყვეტაა. მიზანი ძველი მდგომარეობის აღდგენა არ არის. საჭიროა ძველი ისტორიის გაგრძელება სხვა წესებით, უფრო დაბალანსებული პირობებით და შეცვლილი დამოკიდებულებით.

ამ პროცესს ვენერასა და მარსს შორის დაძაბული კვადრატი კიდევ უფრო ამძაფრებს. ვენერა სასწორში შეთანხმებასა და ურთიერთობაში ბალანსს ეძებს, მარსი კი ლომში საკუთარი პოზიციის დაცვას, მოქმედებასა და საკუთარი ძალის დამტკიცებას აძლიერებს. აქ ერთმანეთს უპირისპირდება ორი პრინციპი: „მე მინდა“ და „ჩვენ უნდა შევთანხმდეთ“.

ამ ფონზე ძლიერდება ეჭვიანობა, მესაკუთრეობის განცდა, კონტროლის სურვილი, სიამაყე და საკუთარი სიმართლის დამტკიცების მოთხოვნილება. განსაკუთრებით მძაფრი ხდება ის კონფლიქტები, რომლებიც ურთიერთობაში უკვე დაგროვილ უკმაყოფილებას ეყრდნობა.

ამიტომ 10 ოქტომბრის პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ემოციური აფეთქების მომენტში არ ღირს. ჯერ საჭიროა ემოციური მუხტი დაცხრეს, შემდეგ კი გავარკვიოთ, რა გვინდა რეალურად და რა გადაწყვეტილება ემსახურება ჩვენს ინტერესს გრძელვადიან პერსპექტივაში.

10 ოქტომბრის ახალი მთვარე 2026 წლის ოქტომბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური წერტილია. „10:10:10-ის“ სიმბოლური კოდი კიდევ უფრო მკაფიოდ აყალიბებს ამ დღის მთავარ იდეას: დასრულდეს ის, რაც საკუთარ თავს ამოწურავს და დაიწყოს ახალი ეტაპი სხვა წესებით.

ამ დღის მთავარი კითხვა ასეთია: რა უნდა შევცვალო ჩემს ქმედებაში, ფინანსებში, ურთიერთობებში, არჩევანსა და დამოკიდებულებაში, რათა მომავალში განსხვავებული, სასურველი შედეგი მივიღო?

ახალი დასაწყისი ყოველთვის სრულიად ახალი გზის არჩევას არ მოითხოვს. ზოგჯერ ის ნაცნობი გზის გაგრძელებაა, მაგრამ სხვა წესებით, უფრო გაცნობიერებული არჩევანითა და უფრო სამართლიანი პირობებით.

10 ოქტომბრის ახალი მთვარე გვაძლევს შესაძლებლობას, შევაჯამოთ ძველი გამოცდილება, შევინარჩუნოთ ის, რაც ნამდვილად ღირებულია, დავასრულოთ ის, რამაც საკუთარი თავი ამოწურა და ახალი ციკლი უფრო სამართლიან, თანასწორ, მკაფიო არჩევანზე დავაფუძნოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×