
„ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის არჩევნებში მარცხის მიზეზების გადაფარვას ცდილობს და საზოგადოებაში საკუთარი პოლიტიკური კრახის გამართლებას ეძებს, აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ენმ-ს მიერ ციხის კადრების გამოძიების მოთხოვნაზე.
მისი თქმით, პარტიის გააქტიურება უკავშირდება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვის საკითხზე, ისე ოპოზიციის დაბალ რეიტინგსა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ღონისძიებაზე მოქალაქეების სიმცირეს.
ენმ-ს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი და შუქრი ბურჭულაძე გენერალურ პროკურატურას მიმართავენ და 2012 წლის ე.წ. ციხის კადრების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. მათი მოთხოვნაა, დაიკითხონ ის პირები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალა დადგმული იყო.
ფავლენიშვილისა და ბურჭულაძის განცხადებით, უნდა დადგინდეს, ვინ იდგა ამ პროცესების უკან და ვინ მონაწილეობდა, მათი შეფასებით, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მიზნით განხორციელებულ რუსულ სპეცოპერაციაში.
მათი თქმით, ციხის კადრების გავრცელებიდან 14 წლის შემდეგაც საზოგადოებას ამ საქმეზე პასუხები არ აქვს. ისინი ამტკიცებენ, რომ ე.წ. „ცოცხებისა" და „კარანტინის" ეპიზოდები დადგმული იყო და პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, ვინ იდგა ამ პროცესების უკან. ფავლენიშვილი მომხდარს ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციად აფასებს, შუქრი ბურჭულაძე კი აცხადებს, რომ ამ საკითხზე სიმართლის დადგენა ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია.
„ეს თემა ძალიან დიდი ხანია ბოროტად ტირაჟირებს „ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან დაკავშირებული მედიის სეგმენტში - თითქოს 2012 წელს ქართველი ხალხის გამარჯვება არჩევნებში ე.წ. „ციხის დადგმული კადრებით" ან ე.წ. „რუსული სპეცოპერაციით" იყო განპირობებული," - ეუბნება „რეზონანსს" გია აბაშიძე. „ - ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ენმ-მ როგორმე გადაფაროს საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები. მით უმეტეს ახლა, როდესაც ახლოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი პარტიების აკრძალვაზე.
- გია აბაშიძე: „ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ენმ-მ როგორმე გადაფაროს საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები. მით უმეტეს ახლა, როდესაც ახლოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი"
„მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი: ამით ყურადღებას იპყრობენ იმის გამოც, რომ თუნდაც იმ IRI-ს გაბერილ რეიტინგში 5% აქვთ. თბილისის ცენტრში, სააკაშვილის მხარდამჭერ ღონისძიებაზე კი რამდენიმე ათეული კაცი ძლივს შეიკრიბა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ რადიკალებს სრული პოლიტიკური კრახი აქვთ და როგორმე უნდათ, უნიათოდ გაიმართლონ თავი.
„ამას ემატება ის სამარცხვინო განცხადებებიც, რასაც ნანუკა ჟორჟოლიანი აკეთებს - თითქოს მეგის ქარდავა და სხვა პირები არ იყვნენ ჯალათები და „კეთილშობილი ჩინოსნები" იყვნენ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ცხადად აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ოცნებაშიც კი ხელისუფლებაში დაბრუნება აქვს განზრახული.
„ეს არის პოლიტიკური ველიდან ჩარეცხილი, საზოგადოებისგან მოძულებული სექტანტური ორგანიზაცია, რომელიც ბევრს ხმაურობს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერასდროს აღწევს - ვერც საქართველოში და ვერც საგარეო ასპარეზზე. იქნება ეს ევროპარლამენტის მავნებლური რეზოლუციები თუ სხვადასხვა ტოქსიკური, ანტიქართული განცხადებები უცხოეთიდან",- აცხადებს აბაშიძე.
რას ითხოვს ენმ
როგორც გენერალურ პროკურატურასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე შუქრი ბურჭულაძემ და ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნეს, „უნდა დაისაჯონ ის პირები, ვინც რუსული აგენტურული ქსელის ამოქმედების შემდგომ, საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაში მონაწილეობდნენ".
„14 წელი გავიდა ციხის ე.წ. კადრების გავრცელებიდან. მე შეგახსენებთ, რომ 14 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ადამიანი მალავდა სიმართლეს. როგორც ე.წ. ცოცხების ეპიზოდი, ისე ე.წ. კარანტინის ეპიზოდი არის დადგმული და მთავარ ორგანიზატორებს, მთავარ დამდგმელებს და გამავრცელებლებს: ბედუკაძეს, ელიზბარაშვილს და ლომიას ამის შესახებ არაერთ საჯარო გამოსვლაში აქვთ განცხადება გაკეთებული. ჩვენ მოვითხოვთ გენერალური პროკურორისგან და ზოგადად პროკურატურისგან ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას, ყველა იმ ადამიანის დასჯას და გამოკითხვას, ვინც მონაწილეობას იღებდა რუსული აგენტურული ქსელის ამოქმედების შემდგომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების ოპერაციაში. ეს იყო ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, ხალხი დაარწმუნეს ასეთი შემზარავი დანაშაულის რეალურად არსებობაში და მიაღებინეს გადაწყვეტილება, რომელმაც კატასტროფული შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მე შეგახსენებთ, რომ მაშინ საუბარი იყო 26 000 მითიურ ქართველ ვაჟკაცზე, რომელიც არ არსებობდა, იმიტომ, რომ ერთი ქართველი ვაჟკაცი ხომ მაინც იქნებოდა, რომელიც ჩვენებას დაწერდა, ხმამაღლა ისაუბრებდა ან შურს იძიებდა და ამის შესახებ მერე გაიგებდა საზოგადოება და დღეს არის, მაგალითად, რეჟიმი, რომლის პირობებშიც ხდება ისეთი დანაშაული, როცა ქართველი კაცი და ქართული ოჯახი ამტკიცებს, რომ მოხდა გაუპატიურების ფაქტი და არ იძიებენ ამ საქმეს. მაშინ გაიღო ციხის კარები, შევიდნენ უფლებადამცველები, შევიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები. ახლა მსგავსი არაფერი ხდება და პირიქით, სისტემა აშავებს იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ შემზარავ დანაშაულებზე საუბრობენ. ამიტომაც მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ამ საქმის გამოძიებას. ადრე, თუ გვიან აუცილებლად უნდა დადგეს სამართალი ამ საქმესთან დაკავშირებით," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
- ირაკლი ფავლენიშვილი: „როგორც ე.წ. ცოცხების, ისე ე.წ. კარანტინის ეპიზოდი დადგმულია...ბედუკაძეს, ელიზბარაშვილს და ლომიას ამის შესახებ არაერთ საჯარო გამოსვლაში აქვთ განცხადება გაკეთებული. მოვითხოვთ პროკურატურისგან ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას"
შუქრი ბურჭულაძის განცხადებით კი, უნდა დაიკითხოს ყველა ის პირი, რომლებმაც აღიარეს, რომ 2012 წელს ე.წ. ციხის კადრები იყო დადგმული და სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
„ეს აღიარეს მათ და ჩვენ გვინდა, რომ დაიწყოს გამოძიება ამაზე, ვინაიდან ძალიან რთულია 14 წელი იცხოვრო ტყუილში, მით უმეტეს, როდესაც ეს ტყუილი ეხება რუსული სპეცოპერაციის შედეგებს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ დღეს და რითიც არიან ჩვენი შვილები და საქართველოს მომავალი განწირული", - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.