ნატალია ჯვარიძე
09.10.2026

ბოლოდროინდელი სამხედრო წარმატებების ფონზე, როგორც ჩანს, იემენელ ჰუსიტებს სულ უფრო ეხსნებათ მადა და სულ უფრო და უფრო თამამ იერიშებს ახორციელებენ უშუალო მტერზე - საუდის არაბეთზე. მათი ძირითადი სამიზნე სტრატეგიული აეროპორტები და საჰაერო სივრცეა. მიტანილმა სარაკეტო და დრონებით იერიშებმა მსხვერპლი და მასშტაბური ზიანი გამოიწვია.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია ჰუსიტების სამხედრო წარმატებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სტრატეგიული ბაბ-ელ-მანდების სრუტის დაკავებამ და რეგიონში ახალი სამხედრო ალიანსების ჩართვამ სპარსეთის ყურეში ვითარება უკიდურესად დაძაბა, რაც შესაძლოა კიდევ მასშტაბური კონფლიქტის კერად იქცეს.

ჰუსიტები საუდის არაბეთს თავს ესხმიან იმის გამო, რომ სამეფო იემენის სამოქალაქო აქტიურად უჭერს მხარს იემენის ოფიციალურ, საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას, ანუ ჰუსიტების მთავარ მტერს. ამ იერიშებით ჰუსიტები ცდილობენ აიძულონ საუდის არაბეთი შეწყვიტოს სამხედრო ჩარევა იემენის საქმეებში და პასუხი გასცენ საუდის არაბეთის მხარდაჭერით განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს.

თუმცა კონფლიქტის ძირი რელიგიურ უთანხმოებაში იმალება. ჰუსიტები შიიტები არიან, საუდის არაბეთს კი სალაფიტური, ანუ რადიკალური სუნიტური რეჟიმი მართავს, რომელიც შიიტებს სდევნის. მეტ-ნანკელბად ანალოგიური სიტუაციაა სპარსეთის ყურის სხვა, ნავთობით მდიდარ ქვეყნებში. ამიტომ არის, რომ ჰუსიტები ერთადერთ მოკავშირედ შიიტურ ირანს მიიჩნევენ. ეს უკანასკნელი კი, როგორც ბოლო მოვლენებმა აჩვენა, ამით კარგ გეოსტრატეგიულ და სამხედრო ხეირს ნახულობს.

  • ვახტანგ მაისაია: „ჰუსიტებმა დაამარცხეს საუდის არაბეთისა და იემენის ცენტრალური ხელისუფლების გაერთიანებული ძალები. ისინი გახდნენ ახალი თავსატეხი საერთაშორისო საზოგადოებისთვის"

„როიტერსის" ინფორმაციით, ერ-რიადში მდებარე მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე ორი თავდასხმა განხორციელდა, რაზეც პასუხისმგებლობა ირანის მოკავშირე ჰუსიტურმა დაჯგუფებამ აიღო. მათი განცხადებით, აეროპორტს ორი ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს.

საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური სამმართველოს განცხადებით, თავდასხმების შედეგად საუდის არაბეთის სამი მოქალაქე დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. უწყება „იქსზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ პირველი თავდასხმის სამიზნე აეროპორტის ინფრასტრუქტურა იყო, მეორისა კი საუდიტების სახელმწიფო ავიაკომპანია „საუდიას" კუთვნილი თვითმფრინავი.

გარდა ამისა, „როიტრზის" ცნობით, 7 ოქტომბერს, იემენში ჰუსიტებმა ადენის საერთაშორისო აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტებითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონებით იერიში მიიტანეს.

ერთი რაკეტა აეროპორტის ასაფრენ ბილიკთან რამდენიმე წუთით ადრე დაეცა, ვიდრე კაიროდან მომავალი რეისი დაეშვებოდა. უსაფრთხოების მიზნით თვითმფრინავი ჯედაში გადაამისამართეს, ხოლო ასაფრენ ბილიკზე მყოფი ორი თვითმფრინავი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

მედიის ცნობით, თავდასხმები იემენში რამდენიმე მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების გამწვავების ფონზე განხორციელდა. საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილმა სამთავრობო ძალებმა ჰუსიტების წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყეს და, კოალიციის საჰაერო მხარდაჭერით, სტრატეგიული ბაბ-ელ-მანდების სრუტისა და ქალაქ მოჩას მიმდებარე წითელი ზღვის სანაპიროს დასაბრუნებლად იერიში განახორციელეს. შედეგად ჰუსიტები იმ ტერიტორიებიდან განდევნეს, რომლებიც დაჯგუფებას გასულ თვეში ჰქონდა დაკავებული.

8 ოქტომბერს ჰუსიტებმა საჯაროდ „ბოლოჯერ" გააფრთხილეს საერთაშორისო ავიაკომპანიები, შეეწყვიტათ ფრენები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში, რომელსაც მათ სამხედრო ზონა უწოდეს.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ჰუსიტური მოძრაობა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ახალი თავსატეხი გახდა.

„ჰუსიტები ბოლო დღეებში ძალიან გაააქტიურდნენ. ფაქტობრივად, უკვე დაიკავეს ბაბ-ელ-მანდების სრუტე და, შესაბამისად, უკვე პირდაპირ აკონტროლებენ სპარსეთის ყურიდან სუეცის არხის მიმართულებით გამავალ გზას, რაც დიდ პრობლემას უქმნის უკვე განსხვავებულ რეალურ გეოეკონომიკურ პროექტების განმახორციელებელ აქტორებს.

ამის გამო პაკისტანის, თურქეთისა და საუდის არაბეთის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელსაც უწოდებენ „ისლამურ ნატოსაც", თუ შეიძლება ასე ითქვას, ფაქტობრივად, ამოქმედდა. თურქეთი და პაკისტანი გზავნიან სამხედრო კონტინგენტს, ხოლო საუდის არაბეთის სამხედრო ქვედანაყოფები იქნენ გაწვეული და, როგორც ჩანს, საბრძოლო მოქმედებებში მიიღებენ მონაწილეობას ჰუსიტების წინააღმდეგ. სერიოზული სამხედრო კონფლიქტი შეიძლება დაიწყოს ამ მიმართულებით, სერიოზულად დგას საქმე.

ჰუსიტებმა დაამარცხეს საუდის არაბეთისა და იემენის ცენტრალური ხელისუფლების გაერთიანებული ძალები. ისინი გახდნენ ახალი თავსატეხი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს მართალია, ალბათ, უახლოეს პერიოდში სპარსეთის ყურეში კიდევ უფრო განვითარდეს სიტუაციები და ახალი კონფლიქტის კერა მივიღოთ ამერიკისა და ირანის სამხედრო კონფლიქტის პარალელურად", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×