
ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია, ევროკავშირთან დიალოგის პერსპექტივა, პრემიერ ირაკლი კობახიძის შესაძლო გადაყენების შესახებ გავრცელებული ცნობები და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა - პოლიტიკური დღის წესრიგის აქტიურ თემებზე ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე საუბრობს. მისი აზრით, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას პრაქტიკული შედეგი არ მოჰყვება, ოპოზიცია პოლიტიკურად დასუსტებულია, ხოლო 4 ოქტომბრის მოვლენები ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა გახდეს.
„რეზონანსთან" ინტერვიუში ედიშერ გვენეტაძე ევროპარლამენტის ახალ დოკუმენტს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მორიგ მცდელობად აფასებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდება საქართველოში ოპოზიციის პოლიტიკური გააქტიურების მცდელობას ემსახურება. გვენეტაძე ასევე სკეპტიკურად უყურებს ევროკავშირთან დიალოგის აღდგენის პერსპექტივას, არ ელის ირაკლი კობახიძის პრემიერობიდან წასვლას და მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა მხრიდან საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა მოსალოდნელია. იგი პაატა ბურჭულაძის განცხადებასაც ეხმაურება და ვარაუდობს, რომ ის შესაბამის უწყებებს შეწყალების თხოვნით მიმართავს.
„რეზონანსი": რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციას, სადაც საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს გმობს და ევროკომისიასა და წევრ ქვეყნებს ივანიშვილზე, კობახიძეზე, პაპუაშვილსა და კალაძეზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს?
ედიშერ გვენეტაძე: მე ამ რეზოლუციას შევაფასებ, როგორც ჩვენს სახელმწიფოზე კიდევ ერთ ზეწოლას, რომელიც ბოლო ამ რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენჯერ განხორციელდა, უკვე სათვალავი გვაქვს არეული. თუმცა, ეს ისეთივე ფარატინა ფურცელია, რომელიც არავისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, განსაკუთრებით საქართველოში და შეუძლიათ წერონ და იკითხონ.
სანქციები რის გამო? ამ ადამიანებს უნდა დაეწესოთ სანქციები იმის გამო, რომ მათ სამშობლო უყვართ? რომ მათ არ უნდათ ევრობიუროკრატიის მონებად, ყმებად გადაიქცეს საქართველო? ევრობიუროკრატიამ ბევრად გადაასწრო საბჭოთა კავშირს და გადაიქცა ევროსაბჭოთა კავშირად. იქიდან გამომდინარე, არავითარი გაგრძელება არ ექნება რეზოლუციას. რა უნდა გააკეთონ? უფრო მეტად ჩვენ ვჭირდებით მათ. რეზოლუცია არის კიდევ ერთი მცდელობა მხოლოდ და მხოლოდ იმისა, რამენაირად გააცოცხლონ მეხუთე კოლონა, რომელსაც ისინი საქართველოში ე.წ.ოპოზიციას უწოდებენ.
„რ": ამ ფონზე, როგორ უყურებთ საქართველოს ევროკავშირთან დიალოგის აღდგენის პერსპექტივას?
ე.გ.: მე რომ მკითხოს კაცმა, დღევანდელ ევროსაბჭოთა კავშირთან არავითარი დიალოგი საჭირო არ არის. იმიტომ, რომ „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა". ეს ევროსაბჭოთა კავშირი არის პოლიტიკურ სამარეში მიმავალი და რა თქმა უნდა აუცილებლად შეიცვლება, განსაკუთრებით ამ ომის შემდეგ და შესაძლებელი იქნება იმ ადამიანებთან დიალოგი, რომლებიც ნამდვილად ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იქნებიან.
„რ": ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძის პრემიერობის პოსტიდან გადაყენებას გეგმავს - ამ საკითხზე რას იტყვით?
ე.გ.: მაგასაც ქართული ანდაზით შევაფასებდი: „მელას რას ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო". ოპოზიცია აბსოლუტურად განულებულია და სხვა რაღა დარჩენია სალაპარაკო? მე პირადად ამ წუთში ვერ ვხედავ ირაკლი კობახიძემ რომ დატოვოს თანამდებობა. ყოველ შემთხვევისთვის, ქვეყანაში ის პროცესია, რაც უნდა მიმდინარეობდეს და უპირველესი ამოცანა, რომელიც ირაკლი კობახიძეს და ხელისუფლებას დასახული ჰქონდა, ეს იყო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის არჩაბმა ომში.
„რ": 4 ოქტომბერის საქმეზე დაკავებულმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობააო. პრემიერმა თქვა, ბრალის აღიარება დააანონსაო. რამდენად მოსალოდნელია მანაც მოითხოვოს საპროცესო შეთანხმება?
ე.გ.: მოსალოდნელი კი არა, მოულოდნელი ამაში არაფერი არ არის. ეს ასეც იქნება. იმიტომ, რომ ხო ხედავთ, გადამტრიალებლები როგორ ერთი-მეორის მიყოლებით ინანიებენ იმას, რაც მათ ჩაიდინეს ქვეყნის და ერის წინაშე. ამიტომ, სულ მალეა მოსალოდნელი, რომ დაწერს, რომელი რევოლუციონერი გვყავდა და გვყავს ახლა პაატა ბურჭულაძე? ეს მსოფლიოში ცნობილი ბანი სამწუხაროდ შეაცდინეს და შეაცდინა ფულების სიყვარულმა. ახლა ფულს ვეღარ ელოდება და ამიტომ, რა თქმა უნდა, კალამს და ფურცელს ვერ წაართმევენ ხელიდან შეწყალების მოთხოვნით.
- ედიშერ გვენეტაძე: „4 ოქტომბერმა საბოლოო წერტილი დაუსვა ცხვრის ქურქში გადახვეული მგლების მცდელობას, რომ საქართველოში მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება"
4 ოქტომბერმა საბოლოო წერტილი დაუსვა ეგრეთ წოდებულ მეხუთე კოლონას. სინამდვილეში, ცხვრის ქურქში გადახვეული მგლების მცდელობას, რომ საქართველოში მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომ ამიერიდან ვერავინ ვერ გაბედოს ის, რასაც ბურჭულაძე და მისი თანამოაზრეები ბედავდნენ და უნდათ, რომ გაბედონ.