„მივიღეთ თანხმობა ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან, გიორგი კაკაურიძისგან და ბიუჯეტს მხარი დავუჭირეთ მხოლოდ ამ შენიშვნის გათვალისწინებით"
თამარ ვეფხვაძე
08.10.2026

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 20 ლარზე მეტად უნდა გაიზარდოს. კომიტეტმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვას მხოლოდ იმ დათქმით დაუჭირა მხარი, თუკი მათი გადაწყვეტილება, შენიშვნის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება. ამ გადაწყვეტილებას, დიდი ლბათობით ფინანსთა სამინისტროც გაიზიარებს. 

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი სოციალური ინიციატივების ასახვას ითხოვს. მოთხოვნებს შორისაა დეკრეტული შვებულების ერთჯერადი დახმარების 3 000 ლარამდე გაზრდა და 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის დამატებითი მატება. კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის თქმით, დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტს მხარი სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინების პირობით დაუჭირეს. არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპისა და გლობალური ინფლაციური პროცესების ფონზე, სახელმწიფოს აქვს რესურსი, სოციალური პაკეტები კიდევ უფრო გააუმჯობესოს.

ჯანდაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებას, 70 წლამდე ასაკის პენსია უფრო მეტად გაიზარდოს, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროც მხარს დაუჭერს და შენიშვნას სახელმწიფო ბიუჯეტში ასახავს. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა კიდეც, რომ პენსიის 20-ლარიანი ზრდა არ არის ის, რაც უნდა იყოს, თუმცა იგი არსებული კანონმდებლობის მიხედვით არის დათვლილი:

„სამართლიანობის მხრივ შეიძლება ითქვას, რომ 20-ლარიანი ზრდა არ არის ის, რაც გვინდა, რომ იყოს, თუმცა პირველადი ბიუჯეტი მომზადებულია იმ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, რომელიც ქვეყანაში არსებობს - ეს მოიცავს, როგორც პენსიების, ისე ხელფასების ინდექსაციის ნაწილს. ორივე ეს მიმართულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 

შესაბამისად, როგორც პენსია, ისე ხელფასი ამ კანონმდებლობის მიხედვით არის დათვლილი. ახლა კი სწორედ ამიტომ ტარდება საპარლამენტო განხილვები და სწორედ ამიტომ არსებობს ბიუჯეტის ფორმირების ორთვიანი პერიოდი, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის იმ მაჩვენებლებს, რაც თითოეული მიმართულებით უნდა იყოს“, - განაცხადა კაკაურიძემ.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას დაადასტურა, რომ კომიტეტმა ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვის დროს, მართლაც გამოთქვა შენიშვნა, რომელიც მთავრობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

„მივიღეთ თანხმობა ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან, გიორგი კაკაურიძისგან, რომელმაც წარმოადგინა პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტი, რომ საკითხის განხილვა მოხდეს. ჩვენ ბიუჯეტს მხარი დავუჭირეთ მხოლოდ ამ შენიშვნის გათვალისწინების პერსპექტივით. ვფიქრობ, მომდევნო განხილვაზე, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შემოვა პარლამენტში, ანუ ნოემბრის დასაწყისში, ეს შენიშვნები გათვალისწინებული იქნება. 

პირველად შენიშვნა გამოვთქვი განათლების კომიტეტზე, რადგან მიმაჩნია, რომ შეუსაბამოა 70 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსიის მხოლოდ 20 ლარით მომატება. არ არის სწორი, რომ ასეთი მცირე მატება, შესაბამისად, ეს შენიშვნა ჯანდაცვის კომიტეტმაც გაითვალისწინა და საბოლოოდ, ყველა შევთანხმდით, რომ ეს აზრი კომიტეტის სახელით გაჟღერებულიყო. ველოდებით, რომ ამ შენიშვნას გაითვალისწინებენ“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლადო კახაძემ.  

პარლამენტართა პოზიციას მიესალმება დემოგრაფი თამარ ჩიბურდანიძე. მისი აზრით, დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე, 70 წლის ზემოთ პენსიონერთა პენსიის 60-ლარიანი მატებაც კი არასაკმარისია და ცხადია, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის 20-ლარიანი მომატება ნამდვილად მიზერული იქნებოდა. 

„რა თქმა უნდა, ყველას უხარია პენსიის მატება, რადგან ცხოვრება გაძვირდა. თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ პენსიის მომატება, თუნდაც მცირედით, ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება. პენსიონერების საჭიროებებიდან გამომდინარე, მათთვის პირველ რიგში, აუცილებელია მედიკამენტები და ჯანდაცვის მომსახურება. ერთიც და მეორეც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და შესაბამისად, მათ ამ ხარჯების დიდ ნაწილი აკლდებათ. 

მეორე საჭიროება კომუნალური გადასახადებია. თუკი მარტოხელაა პენსიონერი, ვიცი, რომ მუნიციპალიტეტების დონეზე, მათ ნამდვილად ეხმარებიან. მესამე მთავარი საჭიროებაა პენსიონერის კვება. პენსიონერებს მართლაც ძლიერი კვება სჭირდებათ, რადგან მათი ორგანიზმი გამოფიტულია. ამ მხრივ, დღეს რთული მდგომარეობაა იმიტომ, რომ ფასების ზრდა ვერაფერმა შეაჩერა. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის კომიტეტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დღის წესრიგში დააყენა 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის გაზრდა“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას თამარ ჩიბურდანიძემ.  

პენსიის თუნდაც მცირედით მომატება სახელმწიფო ბიუჯეტს მძიმე ტვირთად იმიტომ აწვება, რომ საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ერის დაბერება. 

„ეს ნიშნავს, რომ ხანდაზმულთა რაოდენობა აჭარბებს ახალშობილთა და ბავშვების რაოდენობას. საქართველოში, საპენსიო ასაკში უკვე 5 წელია შევიდა და ყოველწლიურად დიდი რაოდენობით იზრდება გასული საუკუნის 60-იან წლებში დაბადებული თაობა. ამ თაობას ეძახიან „ჯენერეიშენ“, ანუ „თაობის ბუმს“, რადგან განსაკუთრებით დიდი შობადობა იყო მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, როგორც მსოფლიოში, ასევე საბჭოთა კავშირსა და საქართველოში. დაახლოებით, 9 წლის განმავლობაში, საქართველოში დაიბადა 1 200 000 ახალშობილი. მათგან ზოგი გარდაიცვალა, ზოგმა ვერ მიაღწია საპენსიო ასაკს, მაგრამ დიდი ნაწილი, უმეტესობა უკვე შემოვიდა საპენსიო ასაკში. 

ყოველწლიურად იმდენად სწრაფად იზრდება პენსიონერთა რაოდენობა, რომ ძალიან ძნელია მათი ყველა საჭიროებების დაფინანსება. გლობალურად და მასშტაბურად რომ შევხედოთ, ეს არის უდიდესი ტვირთი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის“, - განუცხადა „რეზონანსს“ თამარ ჩიბურდანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×