
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია და დასავლური წნეხი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობას ემსახურება, რაც რუსეთის ინტერესებშია. ის ირაკლი კობახიძის პრემიერობიდან გადაყენებაზე გავრცელებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ამის საფუძველი არ იკვეთება. ამასთან, პოლიტიკაში ედუარდ სააკაშვილის შესაძლო გამოჩენაზე ფიქრობს, რომ ქარიზმატული ოპოზიციური ლიდერის საჭიროებიდან გამომდინარე, ლოგიკური საფუძველი ექნება.
რამაზ საყვარელიძე: სოციალურ ქსელში, ფეისბუქში წავაწყდი ცნობილი ანალიტიკოსის, ლაშა ჯაფარიძის რეპლიკას აღნიშნულ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც წერდა: რას შვრებიან ეს ევროპელები, როგორ გვკრავენ ხელსო. „ხელის კვრას" გამოვიყენებ, როგორც მეტაფორას, იმიტომ, რომ სწორია - გვკრავენ ხელს, ოღონდ საით? ანუ ეს სანქციები და ბრძოლა საქართველოსთან... ის ამბობდა, რომ ეს ხომ ზრდის ანტიევროპულ განწყობებსო. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ მათ ნაკლებად ადარდებთ, არის თუ არა საქართველოში ანტიევროპული განწყობა. მაშ რაში სჭირდებათ? დემოკრატია აწუხებთ? თვლიან, რომ უკრაინაში არის დემოკრატია, სადაც ოპოზიციური პარტიები აკრძალული და დაპატიმრებულია?
- „ლაპარაკი იმაზე, აწყობს თუ არა ევროპას საქართველოსთან დაპირისპირება, ღიმილის მომგვრელია. მას არც რუსეთთან დაპირისპირება აწყობს, მაგრამ ფაქტია, რომ აგრძელებს. ესე იგი, მოტივი ევროპულ პოლიტიკაში კი არა, რაღაც სხვა, უფრო პირადულ/ადამიანურ ფაქტორებშია. მე მგონი, ასეთივე მოტივებით არის განპირობებული საქართველოს მიმართ აგრესიაც"
ჩვენ ვნახეთ კიდეც, ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა თქვა, ორმაგი სტანდარტები გვაქვსო: უკრაინაში ოპოზიცია არ არსებობს და მას პირველ ადგილზე ვაყენებთ, აქ კი შეიძლება ოპოზიციას რამე დაემართოს და ამის გამო სანქციებს ვაწესებთო. ასე რომ, ამის მთქმელები და დამნახავები არიან, მაგრამ გაგონება არ უნდათ. ოცი ადამიანი დაჯდა, ილაპარაკეს, გული მოიოხეს და მერე 400-მა თუ 600-მა წევრმა მხარი დაუჭირა. ესე იგი, რაღაც სხვა ხდება.
მათ სჭირდებათ ვიღაცის დარწმუნება იმაში, რომ ძალიან მკაცრად ექცევიან საქართველოს - ვიღაც ისეთის, ვისაც სამაგიეროდ მათთვის რაღაც კარგი გაკეთება შეუძლია. ახლა ის კი არ არის, უკრაინული რეპლიკები რომ იყო, თითქოს სააკაშვილის ოჯახი აფინანსებს ამ გადაწყვეტილებებს... მე მგონი, მაგ ოჯახის ფინანსებზე ძალიან გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ. ამისთვის საჭირო ფინანსები სააკაშვილის მომხრეებს არ გააჩნიათ. მთელი პარტიაც რომ ავიღოთ, ისინიც კი აღარ ითხოვენ აქტიურად მის გათავისუფლებას.
მაგრამ არის ერთი ფაქტორი, სადაც ნაწილობრივ, შეიძლება სააკაშვილის ხელიც ერიოს. ფაქტორი, რომელიც სულ მაფიქრებს - ეს ხელის კვრა საით მიმართულია? ანუ, რას ემსახურება ის, რისკენაც შეიძლება გადაიხარო? ასოციაციას თვითონვე გიკარნახებენ და გეუბნებიან, რუსეთის გავლენის ქვეშ ხარო. ხომ არ არის მთელი ეს სანქციები იმის დაკვეთა, რაც რუსეთს სჭირდება - იქნება ეს ფინანსური თუ ორგანიზაციული რესურსი, რათა საქართველოში არეულობა დააფინანსოს?
რაში სჭირდება რუსეთს არეულობა, თან ევროპის მხრიდან, რომელიც მასთან რეალური ომის პირობებშია? ამავე ევროპაში არიან წრეები და ადამიანები (მაგალითად, მარტა კოსი, რომელმაც ეს საკითხი წამოწია), რომლებიც თავის დროზე საბჭოთა პერიოდის უშიშროების სამსახურში მუშაობდნენ. დოკუმენტები კოსის შესახებ წარდგენილია ევროკავშირში, მაგრამ უპასუხეს, რომ საკმარისი რაოდენობის არ არის და არ გაითვალისწინეს ეს მასალები, რომლებიც მას საბჭოთა უშიშროებასთან კავშირში ამხელდა. ახლა უკვე რა ტიპის სამსახურებთან ან რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებთან არიან კავშირში, ეს ცალკე საკითხია.
რუსეთის ინტერესში ნამდვილად შედის საქართველოს არეულობა. არეულობა არა იმ კუთხით, რომ სააკაშვილი გამოუშვან ან ვისმეს სანქციები დაუწესონ, არამედ მოხდეს დესტაბილიზაცია. თვითონ სააკაშვილის გამოშვებაც ხომ დესტაბილიზაციის ფაქტორი გახდება?
გარდა ამისა, საქართველოზე გადის ტრანზიტული გზა, რომელსაც რუსეთი ხმამაღლა ვერ შეეწინააღმდეგება, რადგან მაშინ გამოვა, რომ ჩინეთს ეჭიდება. ჩინეთთან კი რუსეთი ძალიან ფრთხილობს, ეშინია ურთიერთობის გართულების - ნახევარი ციმბირი წაიღო ჩინეთმა და ხმას ვერ იღებს. ამიტომ, აქ ის წინა პლანზე ვერ გამოვა. მაგრამ თუ საქართველოს შიდა პროცესები (იგივე „ნაციონალური მოძრაობის" გააქტიურება, სააკაშვილის გათავისუფლება ან სხვა მექანიზმები) შიდა დაპირისპირებასა და დესტაბილიზაციას გაზრდის, და ეს დესტაბილიზაცია ევროპიდან იქნება ინსპირირებული, სადაც ევროპა გამოჩნდება ავტორად, ეს თითქოს ევროპას აწყობს, სინამდვილეში კი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთს აწყობს, რადგან ჩაკეტავს აღმოსავლეთიდან კავკასიის სატრანზიტო გზას.
რუსეთს ეს აწყობს, რადგან კავკასიაში ჩინეთის შემოსვლა არ სურს. გამორიცხული არ არის, ჩინეთმა, როგორც ფაქტობრივად წაართვა ციმბირი, ისე დაიწყოს შუა აზიის რესპუბლიკების წართმევაც, თუკი აქ მისი ფაქტორი გაძლიერდა.
ამ სურათში უფრო გასაგებად და ლოგიკურად მესახება ის, რასაც ევროპელები აკეთებენ. მათი საქციელისთვის სხვა ლოგიკის მოძებნა მიჭირს. ევროპულ ინტერესებიდან გამომდინარე, ევროპას სწორედ სტაბილურობა და ასეთ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა სურს, რადგან ეს ტვირთები საქართველოდან ევროპისკენ უნდა წავიდეს და ნორმალური ტვირთბრუნვით ევროპა უფრო მოგებული დარჩება.
დღეს დიდი ეჭვია, რომ ევროკავშირის ელიტა უფრო ცალკეული პოლიტიკოსების პირად ინტერესებსა და პოლიტიკურ კავშირებზეა აწყობილი, ვიდრე მთლიანი ევროპის ინტერესებზე. ეს ჩანს იმაშიც, საითკენაც მიდის ევროპა. ის მხარს უჭერს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას უკრაინასა და რუსეთს შორის, რაც დიდი შემოსავლის წყაროა. ამაზე უკვე არაერთი პოლიტიკური წრე და დოკუმენტი ლაპარაკობს. სავარაუდოა, რომ ის ხეირი, რასაც უკრაინის ზოგიერთი ფენა ნახულობს, ომისგან ევროკავშირის კონკრეტულ წევრებსაც აქვთ და ამიტომაც აწყობთ უკრაინის ომი.
თორემ, მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებას თუ ავიღებთ მიზნად, ევროპის მომავალი ოპტიმისტურად ნამდვილად ვერ შეფასდება იმ ნაბიჯების ფონზე, რომ იგი ჩაბმულია ომში და ამავდროულად იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. ამასთან, არც ცდილობენ ამ კრიტიკული რუსულ-უკრაინული სიტუაციის მშვიდობისკენ მიყვანას. ყველაზე ინტენსიური მხარდაჭერა ამ ომს სწორედ ევროკავშირის მხრიდან აქვს.
ასე რომ, ლაპარაკი იმაზე, აწყობს თუ არა ევროპას საქართველოსთან დაპირისპირება, ღიმილის მომგვრელია. მას არც რუსეთთან დაპირისპირება აწყობს, მაგრამ ფაქტია, რომ აგრძელებს. ესე იგი, მოტივი ევროპულ პოლიტიკაში კი არა, რაღაც სხვა, უფრო პირადულ/ადამიანურ ფაქტორებშია. მე მგონი, ასეთივე მოტივებით არის განპირობებული საქართველოს მიმართ აგრესიაც.
„რეზონანსი": ოპოზიციაში გააქტიურდა ისევ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა კობახიძე პრემიერობის პოსტიდან გაადაყენოს. რამდენად არის ეს რეალური?
რ.ს: ჩვენ ვნახეთ პრემიერები, რომლებიც გათავისუფლდნენ თანამდებობიდან. ნუ, ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო ღარიბაშვილი. მაგრამ საზოგადოებაში ტრიალებდა ვერსია, რომელმაც ერთხელ ოფიციალურად განცხადებაში გაჟღერდა, მის გარემოცვაში კორუფციის არსებობაზე. გარდა იმისა, რომ კორუფცია ცუდიაა, ხიფათს შეიცავს პოლიტიკური წრეებისთვისაც. მგონი, რაც უფრო მაღალია თანამდებობა, მით უფრო შესაძლებელია ამმ კორუფციით კომპრომატების მიცემა მტრულად განწყობილი მხარეებისთვის და ისინი მერე უკვე თოჯინასავით ათამაშებენ იმ პიროვნებას, ვინც გამოიჭირეს კორუფციაში.ამ მხრივ არის კორუფცია საფრთხე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - კარგია, ცუდია და ასე შემდეგ. ეს სახიფათოა და მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბევრ შემთხვევაში თანამდებობის დატოვების მოტივი იყოს, რიმ ისინი ადვილად მართვადი შეიძლება ყოფილიყვნენ ან უკვე იყვნენ მათ მიერ, ვისაც საქართველოს საქართველოს მართვა სურდა.
სანქციებს გვიწესებენ წამყვანი ევროპული ქვეყნები. ჩვენ დასჯაში, ჩვენ მართვაში, ჩვენი ქვეყნის მანიპულაციაში ისინი დაინტერესებული არიან. და თუ დაინტერესებული არიან, სახელმწიფო ვერტიკალში იმ ხალხის ყოლა, რომელთა მართვაც დაინტერესებულ მხარეს შეეძლო, ძალიან სახიფათო იყო. ამიტომ ლილუაშვილის საქმეც, რომელიც ღარიბაშვილთან ერთად „გაირჩა", თუ შეიძლება ასე ითქვას, გასაკვირი არ არის. ლილუაშვილს ეჭირა ის თანამდებობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს მანიპულაციით დაინტერესებული ქვეყნებისთვის.ახლა რატომ გავაკეთე ამხელა შესავალი? იმიტომ, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ინფორმაცია იმის შესახებ (ღმერთმა ნუ ქნას), რომ კობახიძეს ან მის გარემოცვას რაიმე ისეთი „ცოდვები" უპოვეს, რაშიც მათ კომპრომეტირებას გამოიწვევდა.
„რ": სააკაშვილმა გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნა, რომ პოლიტიკოსის პატიმრობაში ყოფნა ზრდის მის პოლიტიკურ რეიტინგს. მაგალითად მოიყვანა ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის შვილმა გაიმარჯვა. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ სააკაშვილმა პოლიტიკაში მისი შვილი, ედუარდი მოიყვანოს და რა შანსები ექნება?
რ.ს: ამ მინიშნების გარეშეც არ არის გამორიცხული ანალოგიური ნაბიჯის გადადგმა, თან ვიცით, რომ ადრეც იყო მაგ მიმართულებით გარკვეული ტენდენციები. ეს ლოგიკური იქნება იმ მხრივაც, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილი ორიენტირებულია სააკაშვილზე, როგორც ქარიზმატულ პიროვნებაზე. პოლიტიკაში არის ასეთი ეფექტი - ქარიზმატული ლიდერის ფენომენი ქმნის სიტუაციას, როდესაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, შეიძლება ითქვას, უკრიტიკოდ უყვარს კონკრეტული ფიგურა და მიჰყვება მას. ასეთი მოვლენები გვხვდება როგორც პოლიტიკაში, ისე რელიგიაშიც (მაგალითების მოყვანას აღარ დავიწყებ). ხოდა, სააკაშვილის შვილი ამ ხალხისთვის ნაწილობრივ იქნება იმავე ქარიზმის მატარებელი, რადგან მათთვის სწორედ ასეთი ელემენტებია მნიშვნელოვანი - იქნება ეს გარეგნობა, ნათესაური კავშირი თუ სხვა მსგავსი დეტალები.
მეორეს მხრივ, სააკაშვილის ვაჟს არანაირი კავშირი არ აქვს იმ ადრინდელ დანაშაულებთან, რის გამოც თვითონ მიხეილია მიუღებელი მოსახლეობისთვის. ასე რომ, თუკი გადაიდგა ეს ნაბიჯი და სააკაშვილის შვილი ჩაუყენეს პროცესებს სათავეში, ამ ნაბიჯს ექნება თავისი ლოგიკური საფუძველი და მომგებიანობა ამ ფაქტორების გამო - ერთის მხრივ, ის ამ ოჯახის წევრია, სააკაშვილის შვილია, რაც საკმარისია (მიმდევრებისთვის), და მეორეს მხრივ - ახალგაზრდაა, რომელსაც იმ ძველ პერიოდთან კავშირი არ აქვს.