თამთა ჩაჩანიძე
08.10.2026

ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციაში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს გმობს და ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ პერსონალური სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტს 445-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 37 წინააღმდეგ წავიდა, 97-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

რეზოლუციას თბილისში განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ხელისუფლება დოკუმენტს კვლავ უსაფუძვლოსა და საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევის მცდელობად აფასებს, და აცხადებს, რომ მსგავსი რეზოლუციები რეალურ გავლენას ვერ ახდენს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ დოკუმენტში ხელისუფლების კონკრეტული პირების პერსონალური პასუხისმგებლობაა გამოკვეთილი და სანქციების საკითხის დღის წესრიგში დაყენება სწორედ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, მთავარი კითხვა ისაა, მოჰყვება თუ არა რეზოლუციას ევროკავშირის მხრიდან კონკრეტული პოლიტიკური და პრაქტიკული ნაბიჯები.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს რეალური პოლიტიკური შედეგი არ ექნება, ისევე როგორც წინა რეზოუციებს, რის გამოც მათი გავლენა მნიშვნელოვნად მცირდება. ფიქრობს, რომ მსგავსი რეზოლუციების მიღება ხელისუფლებაზე ზეწოლის გარეშე საბოლოოდ მხოლოდ „ოცნების" შიდა პოლიტიკურ გზავნილებს აძლიერებს.

„მართალი გითხრათ, მაგ რეზოლუციის ფასს საერთოდ ვერ ვხედავ. ისეთი რეზოლუციები, თუ რეალური ქმედება არ მოჰყვა, „ოცნებას" ათამამებს. ყველა იმ რეზოლუციას, რომელიც ბოლო დროს მიიღეს, არანაირი სათანადო რეაქცია და ქმედებები არ მოჰყოლია არც ევროკომისიის, და არც წევრი ქვეყნებიდან. ასეთ ფუჭ გასროლებს, სჯობს საერთოდ არ მიიღონ.

  • დავით ზურაბიშვილი: „ყველა იმ რეზოლუციას, რომელიც ბოლო დროს მიიღეს, არანაირი სათანადო რეაქცია და ქმედებები არ მოჰყვა ევროკომისიის, ან თვითონ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან. ასეთ რეზოლუციას, ასეთ ფუჭ გასროლებს, სჯობს საერთოდ არ მიიღონ"

„სამ თვეში ერთხელ ეგეთ რეზოლუციას იღებენ და არაფერი მერე იქიდან არ სრულდება. აბსოლუტურად დაკარგული აქვს ყოველგვარი ეფექტი. ერთადერთი შეიძლება ასეთ რეზოლუციებს ეფექტი ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ანგარიშს უწევს და უნდა, რომ რაღაც კარგად და სოლიდურად გამოჩნდეს ევროკავშირთან და ევროსაბჭოსთან და როცა ეს მათ არ ენაღვლებათ და უბრალოდ სხვა მხრივ პრობლემები არ ექმნებათ, რომ მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ასეთ რეზოლუციას, გინდა მიუღიათ, გინდა არა. ეს მხოლოდ ქვეყნის შიგნით „ოცნების" პროპაგანდას კვებავს. დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი ამას არ მოჰყვება",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

პოლიტიკოსთა შეფასებები

„ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციებით ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა. ააცილა ქართველი ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას, სუვერენიტეტის დარღვევას და ისევ და ისევ საკუთარ თავზე უფრო მეტს საუბრობს ასეთი რეზოლუციები, ვიდრე საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. მაშინ, როდესაც კვლავ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ახლა საინტერესოა, მანამდე რომ ამბობდნენ, მას ორი უკურნებელი სენი ჭირსო, ახლა რა განმარტებას გააკეთებენ, ორი უკურნებელი სენი დაამარცხა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა", - განაცხადა გორდულაძემ.

როგორც „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი, გიორგი შარაშიძე აღნიშნავს, „ოცნება" იმიტომ ამბობს რეზოლუციებზე „ჩალის ფასი აქვსო", რომ თავად თქვეს უარი ევროკავშირში ინტეგრაციაზე.

  • გიორგი შარაშიძე:„ოცნების" ყველა ლიდერმა საკუთარ თავს მოჰკითხოს, საკუთარ თავს დააბრალოს, რატომ დგება დღეს დღის წესრიგში მათი პერსონალური დასანქცირების საკითხი"

„ოცნების" ყველა ლიდერმა საკუთარ თავს მოჰკითხოს, საკუთარ თავს დააბრალოს, რატომ დგება დღეს დღის წესრიგში მათი პერსონალური დასანქცირების საკითხი. იმიტომ, რომ სწორედ ეს ადამიანები, მათ შორის პერსონალურად, არიან პასუხისმგებლები ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევაზე და ძალიან ბევრ სხვა დანაშაულზე. მათ ნუღარ უკვირთ, თორემ ჩვენ არავის დასანქცირება არ გვიხარია",- აღნიშნავს შარაშიძე.

„შალვა პაპუაშვილს განსაკუთრებით უნდა მივულოცოთ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია - ერთობ საპატიო ადგილი მოიპოვა იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ევროპარლამენტი პარლამენტის მოქმედი სპიკერის დასანქცირებას ითხოვს. შალვა საპატიო მეოთხე ადგილზე გავიდა ვენესუელელ ხორხე როდრიგესის და ორი რუსის-ვიაჩესლავ ვოლოდინისა და ვალენტინა მატვეენკოს შემდეგ, იშვიათი მიღწევაა. ივანიშვილის პრემიერ-ვარსკვლავ-ბიჭუნას გარდამავალი სკამი, შემდეგ წრეზე, აშკარად მას უნდა ერგოს",- ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას.

რა წერია რეზოლუციაში

დოკუმენტი მკაცრად აკრიტიკებს ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვას და ხელისუფლებას მათი წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის გატანისკენ მოუწოდებს. რეზოლუციაში ასევე საუბარია პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, „საბოტაჟის" საქმეების გაუქმებასა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და კანონმდებლობის გამოყენების შეწყვეტაზე.

ამასთან, ევროპარლამენტი ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს კვლავ მოუწოდებს, პერსონალური სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილსა და კახა კალაძეს, ხოლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შეჩერებაზე მიუთითებს.

რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირს დააშორებს და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს გამორიცხავს. ევროპარლამენტი ამავე დროს აცხადებს, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.

„[ევროპარლამენტი] ხელახლა იმეორებს თავის მოწოდებას პერსონალური სანქციებისა და სავიზო აკრძალვების შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე, უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ;

„[ევროპარლამენტი] ხელახლა იმეორებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი თავის მხარდაჭერას; [ევროპარლამენტი] იმეორებს თავის არაერთხელ გაჟღერებულ გაფრთხილებას, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს და გამორიცხავს ნებისმიერ ნაბიჯს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ;

„[ევროპარლამენტი] ავალებს თავის პრეზიდენტს, რომ რეზოლუცია გადასცეს საბჭოს, ევროკომისიას, უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს თვითდანიშნულ მთავრობას", - ნათქვამია რეზოლუციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×