ნატალია ჯვარიძე
08.10.2026

ციმბირში, ირკუტსკის კვლევით ინსტიტუტში თანამშრომლის გარდაცვალებამ ფილტვის შავი ჭირის გავრცელების ეჭვი გააჩინა. ოფიციალური მოსკოვი ლაბორატორიულ ავარიას უარყოფს. აშშ-მ ციმბირიდან ჩასული მგზავრების შემოწმება დაიწყო. ქართველი სპეციალისტების შეფასებით კი, ჯანმოს რეკომენდაციებსა და არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ვირუსის გავრცელების რისკი პრაქტიკულად ნულის ტოლია, თუმცა პრევენციული მზადყოფნა აუცილებელია.

ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომელი პნევმონიით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ ლაბორატორიაში მუშაობისას, სინჯარის გატეხვის შედეგად ის შესაძლოა შავი ჭირის გამომწვევ ბაქტერიას დაინფიცირებოდა. გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი 200-მდე ადამიანი დაკვირვებისა და კარანტინის ქვეშ მოათავსეს.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ ლაბორატორიული ავარია არ დაფიქსირებულა და პაციენტის გარდაცვალების მიზეზად „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონია" დასახელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ეპიდემიოლოგები სიტუაციას აკვირდებიან.

გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები, რომ ირკუტსკის ოლქში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა მძიმე რესპირატორული სიმპტომებით. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვი, რომ ისიც ფილტვის შავი ჭირით (პნევმონიური ფორმით) იყო დაინფიცირებული. ოფიციალური მოსკოვი ამასაც უარყოფს.

  • „შავი ჭირის შემთხვევების დიდი უმრავლესობა გახლავთ ბუბონური... ბუბონური შავი ჭირი საკმაოდ კარგად ემორჩილება ანტიბიოტიკებით მკურნალობას და ადამიანები იკურნებიან. ბუბონური შავი ჭირის დროს სიკვდილიანობა 10%-ს არ სცილდება, ინჰალაციური, ანუ ფილტვისმიერი შავი ჭირის დროს კი ეს ადის ძალიან მაღლა და შეიძლება 100%-მდეც ავიდეს"

აშშ-მ ამასობაში ციმბირიდან ჩასული მგზავრების შემოწმება დაიწყო. ნიუ იორკის ჯონ კენედის აეროპორტში, სადაც საეჭვო რეგიონიდან რეისების უმეტესობა ჩადის, სამედიცინო პუნქტიც კი მოეწყო.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორმა ერიკა შვარცმა განაცხადა, რომ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის დეპარტამენტი და სხვა უწყებები აკვირდებიან ციმბირიდან მიმავალი რეისების მგზავრებს. შვარცმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი უწყება „სრულიად დარწმუნებულია, შეერთებული შტატებისთვის საფრთხე უკიდურესად დაბალია".

პარალელურად, ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთს დიპლომატიური გზით აცნობა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის არმიწოდება ჯანდაცვის სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს. სახდეპარტამენტის პრესსპიკერმა „უოლ სტრიტ ჯორნალს" დაუდასტურა, რომ მათ რუსეთის მთავრობისგან დამატებითი ინფორმაცია ოფიციალურად მოითხოვეს.

რა საფრთხის წინაშეა საქართველო

ინფექსიონისტ ალექსანდრე გოგინავას შესაფებით, ამ ეტაპზე საქართველო რისკის ქვეშ ნაკლებადაა. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით რუსეთის ფედერაციიდან გავრცელების რისკი არის ძალიან დაბალი. ამიტომ ამ ეტაპზე იმის ალბათობა, რომ შეიძლება, ვთქვათ, პულმონური შავი ჭირი ჩვენს ქვეყანაში გავრცელდეს, პრაქტიკულად ნულის ტოლია.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივყვეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. თუ შეიცვლება ინფორმაცია და იქნება სხვა რეკომენდაციები წამოვა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს. თუმცა შიდა რეაგირებაც აუცილებელია, განსაკუთრებით თუ გაგვაჩნია პირდაპირი ფრენები რუსეთის იმ რეგიონიდან, სადაც სავარაუდოდ ეს დაავადებაა გავრცელებული. როგორც ვიცი, პირდაპირი ფრენები არ არის და, აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე თეორიულადაც კი ნაკლებადაა სავარაუდო, რომ ეს დაავადება რუსეთის ფედერაციის და კონკრეტულად იმ რეგიონის გარეთ გავრცელდეს. დანარჩენი უკვე დამოკიდებულია იმაზე, რა განვითარებას მიიღებს თვითონ ადგილობრივად და გაუარესდება თუ არა ეპიდსიტუაცია. ამას უნდა დაველოდოთ და დინამიკაში შევაფასოთ ეს ყველაფერი.

„ზოგადად, შავი ჭირი გახლავთ ყველაზე საშიში პათოგენი, რომელიც ისტორიის განმავლობაში არის დაკავშირებული უამრავ პანდემიასთან და ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლის მოსპობასთან. თუმცა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ის ასეთი აქტუალური არ იყო იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ამ დაავადებისადმი, ასე ვთქვათ, ეფექტური სამკურნალო საშუალებები - ანტიბიოტიკები, რომლებიც მკვეთრად ამცირებენ დაავადების მძიმე მიმდინარეობას. როცა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაიხვეწა, ეს დაავადება, რა თქმა უნდა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღარ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს სამყაროსთვის. იყო მხოლოდ ენდემურად მცირე ზომის ეპითაფეთქებები, განსაკუთრებით აზიის და აფრიკის ქვეყნებში, მაგრამ მაინც ფართომასშტაბიანი გავრცელება არ ხდებოდა. ძირითადად ეს დაავადება გადადის ინფიცირებული ცხოველებიდან - განსაკუთრებით საშიშია მღრღნელები და რწყილები, რომლებიც ამ დაავადების გადამტანია.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, აქ საუბარია იმაზე, რომ ეს არ არის ბუნებრივი გზით გავრცელებული დაავადება. აქ არის სავარაუდო შემთხვევა, რომ ლაბორატორიის მუშაკს, რომელიც მუშაობდა შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში, ლაბორატორიაში, დაემათა მძიმე პნევმონია და გარდაიცვალა. ოფიციალურად, როგორც ვიცი, ლაბორატორიულად ეს დიაგნოსტირებული არ არის, რომ მაინცდამაინც შავ ჭირთან არის ეს დაკავშირებული, თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც არის ასეთი მაღალი რისკის მსგავსი დაავადებაა, ამ ყველაფერზე ყურადღება გქმახილებული უნდა იყოს. შავი ჭირი იმიტომ არის საყურადღებო, რომ ეს არის პულმონური - ფილტვისმიერი ფორმა, რაც შესაძლოა დაავადება ადამიანიდან ადამიანზე გავრცელდეს", - განაცხადა გოგინავამ „რეზონანსთან".

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობდ, რომ სიფრთხილისა და შესაბამისი მზადების ზომების მიღება აუცილებელია.

„ოფიციალური ვერსია იცით, რაც გამოქვეყნდა რუსეთის მიერ, რომ ეს ქალბატონი, რომელიც მუშაობდა ამ ინსტიტუტში, დაიღუპა დაუდგენელი გენეზის, არადიფერენცირებული გენეზის ფილტვების ანთებით. სხვადასხვა წყაროში წერია, რომ თითქოს ეჭვი მიიტანეს კორონავირუსზე და შესაბამისად, თითქოს მძიმე კოვიდით იყო გადაყვანილი საავადმყოფოში. ძალიან ბევრი წყარო ამბობს, რომ აქ იყო სწორედ ინჰალაციური, ანუ ფილტვისმიერი შავი ჭირი, რაც ძალიან მძიმე დაავადებაა.

„შავი ჭირის შემთხვევების დიდი უმრავლესობა გახლავთ ბუბონური... ბუბონური შავი ჭირი საკმაოდ კარგად ემორჩილება ანტიბიოტიკებით მკურნალობას და ადამიანები იკურნებიან. ბუბონური შავი ჭირის დროს სიკვდილიანობა 10%-ს არ სცილდება, ინჰალაციური, ანუ ფილტვისმიერი შავი ჭირის დროს კი ეს ადის ძალიან მაღლა და შეიძლება 100%-მდეც ავიდეს.

„ირკუტსკი მოშორებით არის ჩვენგან და არ ვიცი, პირდაპირი ფრენა არსებობს თუ არა. თუ პირდაპირი ფრენა არის, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ საზღვრების კონტროლის შესახებ ზომები, რაც უკვე მიიღო ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა. რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე, ვფიქრობ, უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი. ეს პროტოკოლი სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს.

„2014 წელს ებოლას დიდი აფეთქება იყო დასავლეთ აფრიკაში. ეს ქვეყნები ჩვენგან შორს იყო, მაგრამ მზადყოფნის ზომები გავატარეთ, მაგალითად პირადი დაცვის საშუალებების, წამალ-მედიკამენტების და ასე შემდეგ მარაგების შექმნა. ვფიქრობ, ამას სახელმწიფო გააკეთებს. ქვეყანაში დიდი პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ საყურადღებოა ის, რაც ხდება. დიდი ალბათობით, დღეს უკვე იციან შავი ჭირის პრევენცია და მკურნალობა, ანტიბიოტიკების არსებობის გამო. დიდი ალბათობით, დიდ პანდემიასთან საქმე არ უნდა გვქონდეს, მაგრამ საყურადღებოა და შესაბამისი მზადყოფნის რეჟიმთან დაკავშირებული პროტოკოლები უნდა იყოს დამუშავებული, რაც არსებობს", - აღნიშნა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×