
ბოლო დღეებში მედიის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია რუსეთში, სავარაუდოდ, "შავი ჭირის" ეპიდემიასთან დაკავშირებული ცნობები. არსებული ინფორმაციით, უკვე ორი ადამიანია გარდაცვლილი, 200-მდე პირი კი იზოლაციაშია. ცნობილი ფაქტია, რომ ამ ვერაგმა დაავადებამ შუა საუკუნეებში 50 მილიონამდე ადამიანი შეიწირა. ეპიდემიურ ქვეყნებს შორის იყო საქართველოც.
როგორ უნდა დავიცვათ თავი დაავადებისგან და როდის დაფიქსირდა ბოლოს შავი ჭირის შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში? ექიმი-ეპიდემიოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ხათუნა ზახაშვილი ამ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას:
"ზოგადად, შავი ჭირის ვირუსის გადამტანები არიან გარეული მღრღნელების სხვადასხვა სახეობები. ქვეყნებისა და ტერიტორიების მიხედვით, განსხვავებულია გადამტანების სახეობა. ძირითადად ისინი ავადდებიან და შემდეგ ადამიანზე გადაცემა რწყილების საშუალებით ხდება. რწყილის გარეშე ეს დაავადება მღრღნელიდან ადამიანზე ვერ გადავა.
შავი ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ყოველ წელიწადს თავს იჩენს სხვადასხვა ტერიტორიაზე. მაგალითად, მადაგასკარში ყოველ წელიწადს აქვთ ეპიდემიის აფეთქება. ეს არის, როგორც გითხარით, მღრღნელების დაავადება, როდესაც მათი რაოდენობა იზრდება, მათში იფეთქებს ხოლმე ეპიდემია. ეს არის ბუნებრივი რეგულაციის მექანიზმი და ეპიდემიის შემდეგ, როდესაც მათი რაოდენობა მცირდება, ხდება ერთგვარი შესვენება. გამრავლების შემდეგ კი ისევ იჩენს თავს. არსებობს შავი ჭირის ბუნებრივი კერები, სადაც საუკუნეებია ვერ აღმოფხვრეს დაავადების შემთხვევები. ადამიანს გადაედება მაშინ, როდესაც ერთ გარემოში ხვდებიან დაავადებული მღრღნელი, ინფიცირებული რწყილი და ადამიანი.
საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი კერა, რომელთაგან ერთ-ერთი მეტ-ნაკლებად აქტიურია, მეორე კი - ნაკლებად. ადგილობრივი მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების მიერ ადგილზე ვითარება მუდმივად კონტროლდება. ქვეყანაში შავი ჭირის ბოლო შემთხვევა 1922 წელს დაფიქსირდა.
რაც შეეხება სიმპტომებს, დაინფიცირებიდან მალევე ვლინდება - მაღალი ცხელებით, ძლიერი ინტოქსიკაციითა და სუნთქვის გართულებით მიმდინარეობს.
ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბუბონური. საშიში დაავადებაა რეალურად, უბრალოდ დროულად უნდა მოხდეს მკურნალობა. რაც შეეხება ფილტვისმიერ ფორმას, მისი გადადება უფრო მარტივია და ფატალურ შედეგს ვიღებთ", - განუცხადა "ამბებს" ხათუნა ზახაშვილმა.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე