თამთა ჩაჩანიძე
07.10.2026

ევროპარლამენტი საქართველოს საკითხზე კიდევ ერთ რეზოლუციას მიიღებს. დოკუმენტზე კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა, რომლის თემაც „ქართული ოცნების" მიერ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებია.

რეზოლუციას ევროპარლამენტარები 8 ოქტომბერს უყრიან კენჭს. როგორც ცნობილია, დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკული შეფასებები და კონკრეტული მოწოდებები იქნება სანქციების დაწესების თაობაზე.

მმართველ გუნდში ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციებს რეალური ფასი არ აქვს. მათი შეფასებით, ახალი დოკუმენტიც საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმა იქნება და წინა გადაწყვეტილებებისგან არსებითად არ განსხვავდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სარჩელის განხილვის ახლა დაწყება არის პირდაპირი გზავნილი ევროკავშირისთვის, რომ "საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და მათი მმართველობის პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს".

ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ" 7 ოქტომბერს გაიმართა. აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას კი კენჭს 8 ოქტომბერს უყრიან.

რა ფასი აქვს ევროპარლამენტის რეზოლიციას

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" იმედი, თითქოს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას რეალური შედეგი არ მოჰყვება, შესაძლოა უსაფუძვლო აღმოჩნდეს.

მისი თქმით, თუ საკითხი ევროპულ საბჭომდე მივა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება, მმართველი გუნდისთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას უკვე „ჩალის ფასი" აღარ ექნება.

  • ნიკა ჩიტაძე: "თუ ევროპულმა საბჭომ შესაბამისი დადგენილება მიიღო, "ოცნებისთვის" ამ რეზოლუციას "ჩალის ფასი" აღარ ექნება"

ჩიტაძე ასევე აღნიშნავს, რომ ვითარება წინა პერიოდთან შედარებით შეცვლილია, რადგან უნგრეთი საბჭოში ამ გადაწყვეტილებას ვეღარ დაბლოკავს, თუმცა მნიშვნელობა ექნება სლოვაკეთისა და ბულგარეთის პოზიციებსაც.

"რაღაც იმედი აქვთ, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია განსახილველად აღარ გადაეცემა აღმასრულებელ სტრუქტურას - მაგალითად, ევროპულ საბჭოს, რომელიც გადაწყვეტილებას სწორედ ევროპარლამენტის რეზოლუციების საფუძველზე იღებს.

"როგორც გვახსოვს, ევროპარლამენტმა რამდენიმე რეზოლუცია მიიღო, სადაც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასანქცირებას ითხოვდნენ, თუმცა აღნიშნული დადგენილება უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს. სწორედ ამიტომ აცხადებდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ქედმაღლურად, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას "ჩალის ფასი" აქვს.

"დღეს ვითარება შედარებით შეცვლილია, რადგან უნგრეთი აღარ დაბლოკავს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპული საბჭოს საფუძველზე მიიღება. თუმცა, გასათვალისწინებელია იგივე სლოვაკეთისა და ბულგარეთის პოზიციებიც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორივე ქვეყანა ევროკავშირის ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხებს იღებს, თავის დროზე ორბანს უფრო მეტი წონა ჰქონდა და ორბანის ხელისუფლებამ დაბლოკა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ინიციატივა - მაგალითად, სანქციებთან დაკავშირებით.

"შესაბამისად, თუ ევროპულმა საბჭომ შესაბამისი დადგენილება მიიღო, "ქართული ოცნებისთვის" ამ რეზოლუციას "ჩალის ფასი" აღარ ექნება. რაც შეეხება ზოგადად რეზოლუციებს - იქნება ეს ევროპარლამენტის თუ, მაგალითად, გაეროს რეზოლუცია - ამ შემთხვევაში, ისინი არა სავალდებულო, არამედ სარეკომენდაციო ხასიათისაა",- განაცხადა ჩიტაძემ.

ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დოკუმენტს ქართველი ხალხისთვის არანაირი რეალური ძალა და ფასი არ ექნება, და რომ ოპოზიცია ამაოდ ელოდება ევროპული სტრუქტურებისგან მხარდაჭერას, ხოლო თავად ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს ალოგიკურს და ურთიერთსაწინააღმდეგოს უწოდებს.

  • ედიშერ გვენეტაძე: "ჩალის ფასი შეიძლება უფრო მეტიც იყოს, ვიდრე ამ რეზოლუციას ექნება"

"ამ რეზოლუციასაც ზუსტად ისეთივე ძალა ექნება ქართველი ხალხისთვის, როგორიც ყველა დანარჩენს ჰქონდა. ადგილობრივი, გაუქმების მოლოდინში მყოფი პირები თუ ე.წ. პარტიები სინამდვილეში კი „მეხუთე კოლონა" სწორედ იმიტომ ატოკდნენ, რომ ახლა ელოდებათ ის, რასაც იმსახურებენ. უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება მორიგი რეზოლუცია, რომელზეც ქართველი ხალხი დიდი ხანია ამბობს, რომ წერონ და იკითხონო. ჩალის ფასი შეიძლება უფრო მეტიც იყოს, ვიდრე ამ რეზოლუციას ექნება.

"ევროკომისია თავადვე ატარებს გამოკითხვებს და საკუთარ კვლევებში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნდობის რეიტინგით ევროპის საუკეთესო ათეულშია და მეხუთე ადგილს იკავებს. ახლა, ეს ერთი მეორეს არ გამორიცხავს?! ისე აიბლანდნენ და აირივნენ ერთმანეთში, რომ უკვე სრულიად ალოგიკურ და საკუთარი თავის საწინააღმდეგო რეზოლუციებს იღებენ",- განაცხადა გვენეტაძემ.

რას ამბობენ "ოცნებაში"

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და რეზოლუციას გამოეხმაურა.მისი თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე.

"ემპირიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ევროპარლამენტის ყველა რეზოლუცია, უკლებლივ ყველა რეზოლუცია ბოლო ხანებში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული, იმ ქაღალდის ფასადაც არ ღირს, რომელზედაც შეიძლება ეს რეზოლუცია დაიბეჭდოს.

"ზუსტად იგივე მოლოდინი გვაქვს ახალი რეზოლუციის მიმართ. ეს იქნება კიდევ ერთი თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე იმ ხალხის მხრიდან, რომელთა უკანაც დგას ძალა, რომელსაც სურს, რომ საქართველო გამოყენებული იყოს პროქსი სახელმწიფოდ", - განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×