
ევროკავშირი ძველ პოზიციას ინარჩუნებს და თბილისს კვლავ ეუბნება, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი მხოლოდ ქაღალდზეა. ეს გზავნილი ბრიუსელიდან იმ ფონზე მოდის, როდესაც ერთი დღით ადრე "ოცნებაში" იმედოვნებდნენ, რომ საბოლოო ჯამში "ევრობიუროკრატებს თვალის გასწორება მოუწევთ" და საქართველოსთან მიმართებით რეალობას სხვაგვარად დაინახავდნენ.
თუმცა, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებამ აჩვენა, რომ ბრიუსელი ამ ეტაპზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს და საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროკავშირის გაფართოების ანგარიშშიც აისახება.
ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და "ქართული ოცნების" დაპირისპირების მთავარი მიზეზი დემოკრატიული რეფორმების საკითხია და რომ მმართველ გუნდს ბრიუსელის მოთხოვნების შესრულება ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს უშლის.
ნაწილის შეფასებით კი, ევროკავშირის ახალი მიდგომები მხოლოდ გაფართოებას არ ემსახურება და რეალურად კავშირის კიდევ უფრო ცენტრალიზებისა და წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტის შეზღუდვის რისკებს შეიცავს.
რას ნიშნავს ევროკავშირისგან კიდევ ერთი გზავნილი
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირისა და "ოცნების" დაპირისპირების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბრიუსელი საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარებას ითხოვს, მმართველ გუნდს კი ამ მოთხოვნების შესრულება ძალაუფლების შენარჩუნებას უშლის ხელს.
მისი თქმით, "ოცნებამ" დასავლეთთან არსებული წითელი ხაზები უკვე გადაკვეთა და ევროკავშირის განცხადებებსა თუ რეზოლუციებს მისთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. მისი თქმით, ვითარების შეცვლა მხოლოდ ძლიერი სამოქალაქო პროტესტის შემთხვევაშია შესაძლებელი, თუმცა, დღეს ასეთი პროტესტი არ ჩანს.
- ვახტანგ ძაბირაძე : "რადგან წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია, მნიშვნელობა არ აქვს რა რეზოლუციას მიიღებენ, ან რა განცხადებები გაკეთდება. მთავარია, მოჰყვება თუ არა ამას მძლავრი პროტესტი"
„ევროკავშირის პოზიცია კარგა ხანია ვიცით: ისინი საქართველოში რეფორმების გატარებას ითხოვენ, "ქართულ ოცნებას" კი არ სურს მათი განხორციელება. მთელი პრობლემაც სწორედ ამაშია. რა თქმა უნდა, ღირებულებებზე საუბარი რელევანტური არაა. ევროკავშირი ჩვენგან არც ომში ჩართვას ითხოვს და არც რაიმე მსგავსს - ის უბრალოდ მოითხოვს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და მათ გამართულ ფუნქციონირებას.
"თუმცა, "ქართული ოცნება" ამ ყველაფერს უკუღმა ატრიალებს, თითქოს ომში ჩართვას სთხოვდნენ. მსგავსი ოფიციალური განცხადება არასდროს გაკეთებულა, მითუმეტეს, 2008 წელი მათაც კარგად ახსოვთ, თუ რა მოხდა მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს დაესხა თავს.
"ქართულმა ოცნებამ" გადაკვეთა ის წითელი ხაზები, რომლებიც ყველა წინა ხელისუფლების დროს არსებობდა ჩვენსა და ჩვენს პარტნიორებს შორის. არსებულ სიტუაციაში "ოცნებას" ეს ყველაფერი ხელს აძლევს. მთავარი გარდატეხა მაშინ მოხდა, როდესაც მმართველმა გუნდმა ანტიდასავლური პროპაგანდა დაიწყო და ამას, პირველადი აღშფოთების გარდა, უფრო მწვავე რეაქცია არ მოჰყოლია.
"რაკი "ქართულმა ოცნებამ" ეს ეტაპი გადალახა - მითუმეტეს, დღევანდელი ოპოზიციის პირობებში, მისთვის უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ან როგორი იქნება მისი დამოკიდებულება. ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმები "ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნებაში უშლის ხელს. მისთვის კი, როგორც წარსულში, ისე დღესაც, პირველ ადგილზე სწორედ ძალაუფლების შენარჩუნება დგას.
"რადგან წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა რეზოლუციას მიიღებენ, ან რა განცხადებები გაკეთდება. მთავარია, მოჰყვება თუ არა ამას მძლავრი პროტესტი. ასეთი პროტესტის შემთხვევაში "ოცნება" უკან დაიხევდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პროტესტი დღეს არაა და მმართველ პარტიას ყველაფერი გასდის. შესაბამისად, მარტა კოსის, თუ ურსულა ფონ დერ ლაიენისა განცხადებები მათ ნაკლებად აღელვებთ",- განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ წარმოდგენილი მიდგომა რეალურად არა დემოკრატიული გაფართოების, არამედ ევროკავშირის კიდევ უფრო ცენტრალიზებისა და წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტის შეზღუდვის მცდელობაა.
მისი შეფასებით, ახალი მექანიზმები განსაკუთრებით პრობლემურია იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლოა განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ქვეყნებზე ფინანსური და პოლიტიკური ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობა გაზარდოს.
"ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ წარმოდგენილი ევროკავშირის გაფართოების ახალი წესები პოლიტიკური ცინიზმის ნათელი მაგალითია. ბრიუსელი კანდიდატ ქვეყნებს ეტაპობრივ ინტეგრაციას ჰპირდება, რეალურად კი ქმნის მექანიზმს, რომელიც სუვერენიტეტს ძირშივე უთხრის საფუძველს.
- გია აბაშიძე: "ბრიუსელის ახალი სტრატეგია არ არის მზადება დემოკრატიული გაფართოებისთვის - ეს არის ცენტრალიზებული ბიუროკრატიული სისტემა, სადაც ეროვნული სუვერენიტეტი ფიქციად იქცევა"
"ევროკავშირი ცდილობს, დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნების საბაბით, ტოტალური კონტროლის სისტემა დაამყაროს. რა დგას რეალურად ამ ცვლილებების უკან?
"ვეტოს ინსტიტუტის დემონტაჟი: მარტა კოსის ინიციატივით ერთსულოვნების პრინციპის კვალიფიციური უმრავლესობით ჩანაცვლება სუვერენულ სახელმწიფოებს ართმევს უფლებას, დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები ბრიუსელის კარნახის წინააღმდეგ.
"15-წლიანი „პრობაციის" პერიოდი: მექანიზმი, რომელიც ახალ წევრებს „დემოკრატიული გადახვევების" გამო ფინანსებისა და ხმის უფლების ჩამორთმევით ემუქრება, თანასწორი პარტნიორობის ნაცვლად უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს.
"იდეოლოგიური დიქტატი: ევროკომისრის ღია განცხადებები იმის შესახებ, რომ "აღარ იქნება ახალი ორბანები", ადასტურებს, რომ კავშირში განსხვავებული აზრი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა დანაშაულად არის გამოცხადებული.
"ეკონომიკური პროტექციონიზმი: კანდიდატი ქვეყნების (განსაკუთრებით უკრაინის) აგრარული სექტორის მკაცრი შეზღუდვა ახალ წევრებს სამუდამოდ მეორეხარისხოვან პერიფერიად ტოვებს.
"ბრიუსელის ახალი სტრატეგია არ არის მზადება დემოკრატიული გაფართოებისთვის - ეს არის ცენტრალიზებული ბიუროკრატიული სისტემა, სადაც ეროვნული სუვერენიტეტი ფიქციად იქცევა",- წერს აბაშიძე.
კოსის განცხადება და "ოცნების" პოზიცია
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ბრიუსელისთვის რომ დაეჯერებინათ და რუსეთთან ესკალაციაზე წასულიყვნენ, საქართველო დღეს, უკრაინის მსგავსად ომისგან დანგრეული ქვეყანა იქნებოდა.
"მე მგონი, ჯობია, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო და ეს არჩევანი იყო გასაკეთებელი. ჩვენ რომ მოგვესმინა და დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, საქართველო დღეს ქაღალდზე იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფო ბევრი მიზეზის გამო - პირველი, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო ეკონომიკურად იქნებოდა ისეთი დაზიანებული, როგორც მოლდოვა არის დაზიანებული.
"ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო, დიდი ალბათობით, სამხედრო კონფლიქტში, ახალ სამხედრო დაპირისპირებაში შევიდოდა რუსეთთან და დღეს ომისგან ისეთივე დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, როგორიც არის უკრაინა. ასე რომ „მთავარი ცოდვა", რაც ჩვენ მიგვიძღვის ბრიუსელის წინაშე არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხი ამით რჩება მოგებული.
"ვიმეორებ: რომ დაგვეჯერებინა ყველაფერი, რასაც ისინი გვირჩევდნენ, დღეს საქართველო იქნებოდა მხოლოდ ფურცელზე. ასე რომ, ქალბატონ კოსს შეუძლია ეს ხატოვანი გამოთქმები რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ გაიმეოროს, მაგრამ ჯობია, იყო მხოლოდ ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ფურცელზე სახელმწიფო", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა.
მისივე თქმით, ის რაც ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება გაფართოების ანგარიშში.
"როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა", - განაცხადა კოსმა.