
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2027 წლიდან, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ის ნაცვლად, 8.4%-ით იზრდება. აქამდე საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება ყოველწლიურად 10%-ით იზრდება, ოღონდ მხოლოდ ოთხი წლით, ანუ 2022 წლიდან მოყოლებული 2026 წლამდე. ახლა კი სხვა რეალობა დადგა.
ეკონომისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, მართალია, წელს ვადა ამოიწურა, მაგრამ ხელისუფლებამ საჯარო უწყებების თანამშრომელთა ხელფასის ზრდა მაინც არ შეწყვიტა. სპეციალისტების მეორე ნაწილი თვლის, რომ კერძო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 8%-ით მოიმატა, ამიტომ მთავრობამ ცოტა მეტით - 8.4%-ით გაზარდა. რაც მთავარია, ეს ზრდა საჯარო სექტორის აბსოლუტურად ყველა რგოლის თანამშრომელს შეეხება.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, შრომის ანაზღაურების ფონდი 395 მილიონი ლარით იზრდება. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კერძო სექტორში ბოლო 4 კვარტალში გაზრდილი ხელფასების შესაბამისად, 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო და 1 735 ლარი გახდება. მაგალითად, 2026 წელს, საბაზო თანამდებობრივი სარგო - 1 600 ლარი იყო.
შედეგად, საჯარო სექტორში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგო 8.4%-ით მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულის ფარგლებში იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოც, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მთლიანად პარლამენტის წევრების ხელფასი.
მომავალი წლიდან, პრეზიდენტისა და პრემიერის ხელფასი - თვეში 17 350 ლარი, წლიურად - 208 200 ლარი; მინისტრის - თვეში 14 747 ლარი, წლიურად - 176 970 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის - თვეში 17 350 ლარი, წლიურად - 208 200 ლარი; პარლამენტის წევრის - თვეში 13 880 ლარი, წლიურად - 166 560 ლარი იქნება.
გარდა ამისა, როგორც 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, მომავალი წლის იანვრიდან დაგეგმილია: სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმი/ექთნის ხელფასების; საჯარო სკოლების მასწავლებლების, მათი ადმინისტრაციული პერსონალისა და საბავშვო ბაღების პერსონალის; ინკლუზიური განათლებისთვის შესაბამისი უნარების მქონე მასწავლებლების ხელფასების; ასევე ჯარისკაცებისა და პოლიციელთა ხელფასების მატება.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, 2027 წლიდან საჯარო უწყებებში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება 8.4%-ით იმიტომ იზრდება, რომ თავის დროზე, ანუ 2022 წელს, საჯარო უწყებების თანამშრომელთა ხელფასის ზრდა 10%-ით, მხოლოდ ოთხი წლის ვადით დაანონსდა.
„წელს 2026 წელი სრულდება, ვადა ამოიწურა და უკვე მომდევნო, 2027 წელს, არ იყო ხელფასის ზრდა ვალდებულებით განსაზღვრული. მართალია, ვადა ამოიწურა, მაგრამ როგორც ჩანს, მთავრობის გადაწყვეტილებით, უკვე მომდევნო წლიდან არა 10%-იანი, არამედ 8.4%-იანი მატება იქნება. აქ საგანგაშო არაფერია, პირიქით, ძალიან კარგია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურების ზრდა შენარჩუნდა, რადგან შესაძლებელია, ასეთი რამ არც კი მომხდარიყო. შესაბამისად, კარგია, რომ იზრდება და ჩანს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამომდინარე, ამის საშუალება ნამდვილად არსებობდა“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი კაპანაძემ.
იგი დარწმუნებულია, რომ ანაზღაურების მატება შეეხება საჯარო სექტორში დასაქმებულ აბსოლუტურად ყველა რგოლის თანამშრომელს.
„რამდენადაც სახელმწიფო ბიუჯეტს ჩავხედე, ხელფასის ზრდა დაგეგმილია საჯარო სამსახურში დასაქმებული ყველა ადამიანისთვის, რადგან ბიუჯეტში ყველა სახელმწიფო უწყებაა აღნიშნული. შესაბამისად, ის, ვინც დასაქმებულია საჯარო სამსახურში, არ აქვს მნიშვნელობა, რა პოზიციაზეა, მისი ანაზღაურება გაიზრდება 8.4%-ით, ხოლო მათი მინიმალური ანაზღაურება 1 735 ლარი იქნება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ გიორგი კაპანაძემ.
შრომითი ანაზღაურების 8.4%-იან ზრდასთან დაკავშირებით ოდნავ განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომისტ დავით ჩიხელიძეს, რომელმაც „რეზონანსს“ განუცხადა, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასმა წლიურ ჭრილში 8%-ით მოიმატა. სახელმწიფომ კი გადაწყვიტა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი ცოტა მეტით - 8.4%-ით გაეზარდა.
„საჯარო უწყებებში ხელფასის ზრდა დაიწყო 2022 წლიდან და მოტივაცია იყო, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების ხელფასი გათანაბრებოდა კერძო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებას იმიტომ, რომ საჯარო სექტორიდან პროფესიონალი კადრების გადადინება არ გაგრძელებულიყო კერძო სექტორში. „საქსტატის“ მონაცემებით, კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი წლიურ ჭრილში გაიზრდა 8%-ით. შესაბამისად, სახელმწიფომ იმაზე ოდნავ მეტით მოუმატა ხელფასი საჯარო სექტორში დასაქმებულებს, ვიდრე კერძო კომპანიებმა თავიანთ თანამშრომლებს.
საინტერესო დეტალი არის ის, რომ ხელფასის მატება შეეხება აბსოლუტურად ყველას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას მოემატება, პირობითად, 8.4%-ით. მაგალითად, განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ მასწავლებლებს ხელფასი მოემატება საათობრივად - 2 ლარით. ყველას შეეხება, მაგრამ ეს ზრდა 8.4%-ზე ნაკლები არ იქნება.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს დადებითი ცვლილება შეეხება არა მხოლოდ მინისტრებს, მათ მოადგილეებს და პარლამენტარებს, არამედ - ყველას, თითოეულ ადამიანს, რომელიც საჯარო სექტორშია დასაქმებული. მათი გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია ის არის, რომ საჯარო სამსახურებში მოიზიდონ და შეინარჩუნონ პროფესიონალი კადრები“, - განუცხადა „რეზონანსს“ დავით ჩიხელიძემ.