ნატალია ჯვარიძე
06.10.2026

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს პატიმრობიდან მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც მისი „პოლიტიკური რეინკარნაციისათვის" მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს. იგი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსის პატიმრობაში ყოფნა ზრდის მის პოლიტიკურ რეიტინგს და ამის მაგალითად ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყავს, სადაც ასევე პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის შვილმა მოქმედი პრეზიდენტი დაამარცხა.

4 ოქტომბერს ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც მოულოდნელად გაიმარჯვა პატიმრობაშ მყოფი ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ვაჟმა ფლავიუ ბოლსონარუმ. მან 2%-ით აჯობა მოქმედ პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულას, თუმცა საბოლოო გამარჯვებისთვის საჭირო ხმები (50%-ზე მეტი) ვერ მიიღო. შესაბამისად, 3 კვირაში არჩევნების მეორე ტური შედგება, სადაც პრეზიდენტი ლულა და ბოლსონარუ უმცროსი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

  • მიხეილ სააკაშვილი ბიძნა ივანიშვილს: „პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამიტომ მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის!"

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ამ გზავნილში სააკაშვილი მის შვილის, ედუარდ სააკაშვილის პოლიტიკაში მოსვლას მიანიშნებს. თუმცა, ძაბირაძის აზრით, პოლიტიკურ ველზე მისი გააქტიურება არსებით ცვლილებებსა და ამომრჩევლის მობილიზებას ვერ მოიტანს.

რა თქვა სააკაშვილმა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე" სამშაბათს გავრცელებულ წერილში აცხადებს, რომ პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

„ბორია, მოდი აქ!

„შენს საყვარელ ბრაზილიაში, ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა მისმა შემცვლელმა პრეზიდენტმა ბოლსონარომ ციხეში ჩასვა საკმაოდ საეჭვო ბრალდებებით. ლულამ ვადაზე ადრე დააღწია თავი პატიმრობას და საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა ბოლსონარო. ამის შემდეგ ბოლსონარო გამოაცხადეს კრიმინალად, დააპატიმრეს აშკარად გამოგონილი ბრალდებებით.

„ჰოდა ახლა ბრაზილიაში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც კენჭს იყრის ბოლსონაროს შვილი ფლავიო, რომლის მთავარი დაპირებაა, რომ ციხიდან გამოუშვებს საკუთარ მამას და ის დიდი უპირატესობით ამარცხებს ლულას.

„ჰოდა, მორალი ამ ისტორიის შემდეგშია: პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამიტომ მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის!", - წერს სააკაშვილი.

რა მოხდა ბრაზიალიაში

4 ოქტომბერს ბრაზილიაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 12 კანდიდატი მონაწილეობდა. პირველ ტურში გამარჯვებისთვის ხმათა არანაკლებ 50%-ის მოპოვება იყო საჭირო, რაც ვერცერთმა პრეტენდენტმა ვერ შეძლო. არჩევნების წინ ჩატარებული გამოკითხვების უმრავლესობა აჩვენებდა, რომ ყველაფერი პირველივე ტურში დასრულდებობდა და მოქმედი პრეზიდენტი ლულა შეინარჩუნებდა თანამდებობას, თუმცა პირველ ადგილზე გავიდა მემარჯვენე სენატორი ფლავიუ ბოლსონარუ - პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ვაჟი.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „როგორც ჩანს, ჟორჟოლიანი არ გამოადგა და ახლა აქცენტი კეთდება ედუარდზე, რომ მან ისეთივე გზა გაიაროს, როგორც ბრაზილიაშია მოხდა."

წინა არჩევნებზე, 2022 წელს, ლულამ მცირე უპირატესობით დაამარცხა ჟაირ ბოლსონარუ. ამის შემდეგ დამარცხებული პრეზიდენტის ათასობით მხარდამჭერმა ბრაზილიის პარლამენტი იერიშით აიღო, რის შემდეგაც ბოლსონარუ ცნობილ იქნა დამნაშავედ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და მას 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ამჟამად პატიმრობაშია.

გასულ კვირას ბრაზილიის ელექტრონულმა ხმის მიცემის სისტემამ რამდენიმე საათში დაამუშავა ბიულეტენების აბსოლუტური უმრავლესობა. შედეგად, ფლავიო ბოლსონარუმ ხმათა 47,03% დააგროვა, ხოლო ლულამ - 45,16%.

არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვები კანდიდატებს შორის ცდომილების ფარგლებში არსებულ განსხვავებას აჩვენებდა, თუმცა მათ უმრავლესობაში მოქმედი მემარცხენე პრეზიდენტი მაინც ოდნავ უსწრებდა მემარჯვენე სენატორს. ამასთან, ბევრი რესპონდენტი ამბობდა, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.

ლულამ შედეგს მოულოდნელი უწოდა.

„ვაღიარებ, რომ დარწმუნებული ვიყავი პირველსავე ტურში გამარჯვებაში. თამაში ახლა იწყება. ჩვენ დამატებითი დრო გვაქვს და ამ დამატებით დროში ბრაზილიელ ხალხს ჩვენს მხარეს გადმოვიბარებთ", - განაცხადა მან.

ბოლსონარუმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ძალიან კმაყოფილია შედეგით:

„ძალიან კმაყოფილი ვარ იმ რეალური შესაძლებლობით, რომ სამ კვირაში ბრაზილია მიიღებს საბოლოო პასუხს თანამედროვე მთავრობის არჩევით".

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 25 ოქტომბერს გაიმართება.

სად არის და რას საქმიანობს ედუარდ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი, ბოლო ცნობებით, ნიდერლანდებში ცხოვრობს.

მისი საქმიანობა ძირითადად მედიას, ჟურნალისტიკასა და ტექნოლოგიების სფეროს უკავშირდება. მუშაობდა ისეთ გამოცემებსა და ორგანიზაციებთან, როგორებიცაა NPR და Coda Story, სადაც ძირითადად აშუქებდა ციფრული ტექნოლოგიების, თვალთვალისა და ავტორიტარული რეჟიმების მიერ ტექნოლოგიების გამოყენების თემებს. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა აშშ-ში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში.

ედუარდ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ჩართული არ არის და საჯარო პოლიტიკური აქტივობებისგან თავს იკავებს, თუმცა პერიოდულად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას მამის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

2022 წლის 12 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა და მათ შორის ედუარდ სააკაშვილმა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგზე სიტყვით ედუარდ სააკაშვილი გამოვიდა. მისი თქმით, ოჯახს ეშინია, რომ შესაძლოა სააკაშვილს „რამე საშინელება" დაემართოს, ხოლო ამის თავიდან არიდებისთვის გამოსავალი მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელებაშია

ბრიფინგს პოლონელი ევროპარლამენტარი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან ანა ფოტიგა უძღვებოდა.

ემზადება თუ არა ედუარდ სააკაშვილი პოლიტიკაში მოსასვლელად

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ, შესაძლოა, რამდენიმე თვეში ედუარდ სააკაშვილი ოფიციალურად აირჩიონ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ, რადგან, მისი შეფასებით, ენმ-ში რეფორმათა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნულმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ვერ გაამართლა.

„ეს, ფაქტობრივად, ალბათ იმას ნიშნავს, რომ თვითონ თუ ვერა, მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი იყრის კენჭს. როგორც ჩანს, ჟორჟოლიანი არ გამოადგა და ახლა აქცენტი კეთდება ედუარდზე, რომ მან ისეთივე გზა გაიაროს, როგორც ბრაზილიაშია მოხდა. ოღონდ აქ საპრეზიდენტო მმართველობა არ არის, ამიტომ ის იქნება სიის პირველი ნომერი. არ გამიკვირდება, რომ ძალიან მალე პარტიის თავმჯდომარეც გახდეს -„ნაციონალური მოძრაობის" ახალი ლიდერი. ყოველ შემთხვევაში, ეს მინიშნება ამას ჰგავს.

„მე არ ვიცი ახლა ბრაზილიაში რა და როგორ იყო, ან პატიმრობაში რატომაა მისი პრეზიდენტი და რა ბრალდებას უყენებენ, ან როგორია ბრაზილიის შიდა სიტუაცია, მაგრამ საქართველოში არ მგონია ამან რაღაც ისეთი რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიოს.

„ადრე ასეთი პარალელის გავლება ბჰუტოსთან ხდებოდა. პაკისტანში ბენაზირ ბჰუტოს მამა იყო პრემიერი და რომ მოკლეს, მერე მისმა ქალიშვილმა იყარა კენჭი და პრემიერ-მინისტრი გახდა. აქ დაახლოებით იგივე იყო სააკაშვილის ცოლთან დაკავშირებით - პირველ ცოლზე მაქვს საუბარი, ახლა უკვე აირია მონასტერი. აი, ეს ვითარება იყო მაშინ. დღეს ვითარება შეიცვალა და უკვე ბრაზილიასთან ავლებენ პარალელს.

„როგორც წესი, სააკაშვილს გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს და მისი რეიტინგი მოემატა თუ არა, ძალიან კარგად გამოჩნდა აგერ ახლა საპროტესტო აქციაზე, რიყეზე რომ გამართა „ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც მან ჩაშალა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობის რაოდენობა იმდენად მცირე იყო, რომ დღეს სააკაშვილი უკვე აღარ წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ოპოზიციურ ლიდერს, როგორც მას ჰგონია", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×