
რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევის მიხედვით, პარლამენტისადმი ხალხის ნდობის მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია, ხოლო მთავრობისადმი ნდობით უკვე საუკეთესო ხუთეულში გადავინაცვლეთ, - წერს “ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, 2022 წლიდან მოყოლებული, ბრიუსელი, ფაქტობრივად, „ყოველდღიურ“ რეჟიმში დაკავებულია საქართველოს მთავრობის კრიტიკით, ასევე, უამრავი სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებით და რევოლუციების დაფინანსებით.
მაჭავარიანი აღნიშნავს იმასაც, რომ ევრობიუროკრატებს მოუწევთ იმ უმარტივესი ჭეშმარიტების აღიარებაც, რომ შუა კორიდორის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ვართ და შავ ზღვასაც ნამდვილად ვესაზღვრებით.
"ასევე, მათივე გამოქვეყნებული ყველა კვლევითა და ინდექსით, რომელიც დემოკრატიის ხარისხს ეხება, საქართველო მოწინავე პოზიციაზეა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, 2022 წლიდან მოყოლებული, ბრიუსელი, ფაქტობრივად, „ყოველდღიურ“ რეჟიმში დაკავებულია ჩვენი კრიტიკით. კრიტიკასთან ერთად, უამრავი სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებით და, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, რევოლუციების დაფინანსებით.
ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ისტორიულ მინიმუმზეა გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების რეიტინგები, ისლანდიამ უარი განაცხადა არათუ ევროკავშირის წევრობაზე, არამედ მოლაპარაკებების განახლებაზეც კი, გერმანელმა ხალხმა სასტიკი უარი უთხრა ბრიუსელის მიერ მართულ პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგს და, რაც მთავარია, იმის ფონზეც, რომ ყოველდღიურად უარესდება აშშ-სთან ურთიერთობა.
აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს თავად ბრიუსელს, მისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ბრიუსელის მმართველი კლასი აცდენილია თავის ფუნდამენტურ ღირებულებებს და არ ემსახურება ევროპელი ხალხის ინტერესებს. როგორც აშშ-მ თავის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ჩაწერა, ბრიუსელი, თავისი დღევანდელი პოლიტიკით, ევროკავშირს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს.
ევროპელი ხალხის დაკვეთა არაა:
• ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია;
• LGBT პროპაგანდა;
• უკონტროლო, არალეგალური მიგრაცია;
• იაფ ენერგორესურსებზე უარის თქმა;
• რუსეთ-უკრაინის ომის „ბოლო უკრაინელამდე“ დაფინანსება.
ევრობიუროკრატების მხრიდან სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელება იწყება ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია უკრაინის მიმართ. იწყება ბრალდებები დემოკრატიის უკუსვლაზე.
უფრო მეტიც - იწყება რევოლუციების ხელშეწყობა და დაფინანსება. ისინი ცდილობენ ნებისმიერი გზით ჩაანაცვლონ „ქართული ოცნება“ მათ მიერ მართული აგენტურით. მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე!
მას შემდეგ, რაც დახურულ შეხვედრებზე ვერ დაგვითანხმეს ომში ჩართვაზე, რაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს შანტაჟის მიზნით დე ფაქტო სანქციები დაუწესეს, მას შემდეგ, რაც ბრიუსელიდან დაფინანსებული აქციების მიუხედავად, უარი ვთქვით რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების მთავრობის ოფიციალური ნებართვით გაგზავნაზე და ჩვენი შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემაზე, დღის წესრიგში კანდიდატის სტატუსის საკითხით რევოლუციის მოწყობა დადგა.
2022 წლის აპრილიდან დაიწყო აგენტურული პარტიების, მდიდარი NGO-ების და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტების დატრენინგება ივნისის რევოლუციური მოვლენებისთვის.
თვეებით ადრე დაიწყო ბრიუსელისგან მხარდაჭერილმა აგენტურამ 2025 წლის 4 ოქტომბრის რევოლუციისთვის მომზადება. რამდენიმე დღით ადრე ევროკომისიამ ოფიციალურად სოლიდარობა აღუთქვა ხელისუფლების დამხობის ამ გეგმას.
2022-2025 წლებს შორის ვიხილეთ კიდევ სამი რევოლუციის მცდელობა, რომელიც ასევე ბრიუსელისგან იყო მხარდაჭერილი და დაფინანსებული. რევოლუციების აღნიშნულ სცენარებზე ძალიან ვრცლად და დეტალურად ჩემს წინა პოსტებში ვისაუბრე.
როგორც აღვნიშნე, რევოლუციების მცდელობების გარდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, მათი მხრიდან გვახსოვს სხვა უამრავი უსამართლობა, სიცრუე, დეზინფორმაცია და ჩვენს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა:
• კანდიდატის სტატუსით დაგვაშანტაჟეს;
• ქართულ გამჭვირვალობის კანონს რუსული დაარქვეს;
• 27-ვე წევრი ქვეყნის ელჩს სააკაშვილის გამო დემარში მოაწყობინეს;
• ყველა რეზოლუციაში პოლიტპატიმრად მოიხსენიეს;
• ზურაბ ადეიშვილს თავიანთ კაბინეტებში უმასპინძლეს;
• ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება დაგვიშალეს;
• ანტისაეკლესიო კამპანიები დააფინანსეს;
• საგარეო საქმეთა მინისტრები ანტისამთავრობო მიტინგებზე დაგვიყენეს;
• ოპოზიციის მაგივრად წინასაარჩევნო კამპანიები ჩაატარეს;
• არჩევნების გაყალბება დაგვაბრალეს;
• ევროპარლამენტარების დელეგაციები აქციებზე მუხტის ასაწევად გამოგვიგზავნეს;
• პოლიციელებისა და პარლამენტის დაწვას მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარქვეს;
• რამდენიმე ელჩი თავზე დაგვასვეს;
• თავისივე შეჩერებული ევროინტეგრაცია ჩვენ გადმოგვაბრალეს;
• შავი ფულის შემოსატანად კანონის გვერდის ავლა საჯაროდ დაგვიანონსეს;
• მოსკოვის მექანიზმზე სამინისტროს თანამშრომელი დამოუკიდებელ ექსპერტად შემოგვასაღეს;
• კამიტით ჩვენი ხალხის მოწამვლა დაგვაბრალეს;
• დამოუკიდებელი ტელევიზიები დაასანქცირეს.
ჩვენ არავის არ ვესხმით თავს. ჩვენი მხრიდან გაკეთებული კომენტარები და განცხადებები მხოლოდ პასუხია ამდენ სიცრუესა და უსამართლობაზე.
ჩვენ ვართ თავმოყვარე ერის თავმოყვარე ხელისუფლება. არავის მივცემთ ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის საშუალებას.
რაც შეეხებათ ევრობიუროკრატებს, ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ რეალობისთვის თვალის გასწორება. იმის გაცნობიერება, რომ მიუხედავად ამდენი მცდელობისა, ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ და ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული საარჩევნო კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს.
ამ ყველაფრის გარანტი, პირველ რიგში, ქართველი ხალხია!
მოუწევთ იმ უმარტივესი ჭეშმარიტების აღიარებაც, რომ შუა კორიდორის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ვართ და შავ ზღვასაც ნამდვილად ვესაზღვრებით.
დასხდებიან და ჩვენ დაგველაპარაკებიან!
ჩვენ კი, ყველა დონეზე გაცხადებული გვაქვს, რომ მზად ვართ, დავივიწყოთ ამდენი უსამართლობა და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა,” - წერს ლევან მაჭავარიანი.