„ფაქტია, რომ უბანი ქაოსურად განვითარდა, ამან მთელ ქალაქზე მოახდინა უარყოფთი გავლენა“
ირმა ჩიტაია
05.10.2026

დედაქალაქის მასშტაბით დღესდღეობით ყველაზე მეტი მშენებლობა დიდ დიღომში მიმდინარეობს. თავისი მასშტაბებითა და ფართობით ეს უბანი უკვე დაემსგავსა „ქალაქს ქალაქში“. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია გაფართოების საშუალებას იძლევა, ეს ადგილობრივ მცხოვრებლებსა და მთლიანად დედაქალაქს დიდ პრობლემებს უქნის. მთავარი სირთულე გზები და ტრანსპორტია. ეს უზარმაზარი უბანი ქალაქს, ძირითადად, მხოლოდ ერთი გზით, დავით აღმაშენებლის ხეივნით უკავშირდება, სადაც უკვე გამუდმებული საცობია. რაც უფრო მეტი კორპუსი აშენდება, მით მეტად გართულდება თბილისის შემოსასვლელით სარგებლობა. 

ცხადია, მარტო სახლების შენებას აზრი არ აქვს, თუ მას შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ მიჰყვება. თუ დიდი დიღომი ასეთივე ტემპით განვითარდა და პარალელურად გზები და პირობები არ გაუმჯობესდა, ქალაქი გადაუჭრელი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. დიდი ალბათობით სატრანსპორტო კოლაფსი გაჩნდება, რაც მოსახლეობისთვის გაუვალ საცობებს შექმნის და საფრთხე შეექმნება ქალაქის განიავებასაც.

რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2026 წლის პირველ 8 თვეში თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების საერთო ფართობმა 757 ათასი კვ/მ შეადგინა (რაც წლიურად 7%-იანი კლებაა). მიუხედავად მცირე კლებისა, მშენებლობების ნებართვების მიხედვით ლიდერი კვლავ დიდი დიღომია (18%), რომელსაც ნაძალადევი (16%) და საბურთალო (15%) მოსდევს.

მიუხედავად იმისა, რომ ნებართვების ნაწილში გარკვეული შენელებაა, უძრავი ქონების ბაზარი აქტიურდება: 2026 წლის 8 თვეში ბაზრის მოცულობამ 2.674 მილიარდი შეადგინა (24%-იანი ზრდა), ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა 30 180 ერთეულამდე (20%-იანი ზრდა) გაიზარდა.

დარგის  სპეციალისტების განცხადებით, პრობლემა სწორედ ქალაქის არასწორ და ქაოსურ დაგეგმარებაშია. ინჟინერ-მშენებელი გიორგი შვანგირაძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სწორედ ქალაქის დაგეგმარებაზე ამახვილებს ყურადღებს და ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი უბნის განვითარება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს

„როცა უბნის განაშენიანება ხდება, აუცილებელია თავიდანვე იყოს სწორი გეგმარება, სადაც თვალნათლად გამოჩნდება, სად და როგორ უნდა განვითარდეს თითოეული მონაკვეთი. გათვალისწინებული უნდა იყოს სატრასპორტო კვანძი, რეკრიაციული ზონები. 

დიდ დიღომში დღეს მთავარი პრობლემა ვიწრო გზებია, რომლებიც მანქანების ნაკადს ფიზიკურად ვეღარ აუდის. დასახლება დრითი დღე მზარდია, რასაც ხელს უწყობს შედარებით ხელსაყრელი ფასი უძრავ ქონებაზე. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რომ მოსახლეობის არჩევანიც ხშირად ამ უბანზე ჩერდება. რადგან მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, ადრე დაპროექტებული სატრანსპორტო კომუნიკაციები დღევანდელ დატვირთვას ვეღარ უძლებს და არ ყოფნის გამტარუნარიანობა. 

მოგეხსენებათ, დიდ დიღომს რამდენიმე შესასვლელი აქვს და ფაქტობრივად, ყველა გადატვირთულია. დღის ნებისმიერ მონაკვეთში გზა მუდმივად გაჭედილია, ხოლო უბნის შესასვლელები აღმაშენებლის ხეივანს სრულად პარალიზებულს ხდის.

უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ დიდი დიღმის შიდა გზების გაფართოება. რადგან უბანი ქაოსურად განვითარდა, ამან მთელ ქალაქზე მოახდინა უარყოფთი გავლენა. საჭირო და უპრიანია, მთელი ქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურის გადახედვა. პრობლემების იდენტიფიცირება ხელახლა უნდა მოახდეს და ახალი დაგეგმარება შემუშავდეს. მხოლოდ დროული გადაწყვეტილებების მიღებით შეიძლება სამომავლო პრობლემების თავიდან აცილება“, - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" გიორგი შვანგირაძემ.

პრობლემის კომპლექსურობაზე საუბრობს ურბანისტი ლადო ვარდოსანიძეც, თუმცა იგი ყურადღებას გენერალური გეგმის დაცვასა და ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებზე ამახვილებს.

„პირველ რიგში, დიდ დიღომში მიმდინარე მშენებლობები თბილისის გენერალურ გეგმას უნდა შევადაროთ და ვნახოთ, მიმდინარეობს თუ არა პროცესი მისი ზუსტი დაცვით. ვგულისხმობ კოეფიციენტებს, სიმჭიდროვესა და რაოდენობას. თუ პროექტები გენგეგმას მიჰყვება, მაშინ ფორმალური პრეტენზია არ უნდა გვქონდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა დადგინდეს, შევიდა თუ არა იქ რაიმე არასათანადო ცვლილებები. ფრაგმენტულად ამაზე პასუხის გაცემა ძნელია, ამიტომ ყველაფერი კომპლექსურად უნდა შეფასდეს.

რაც შეეხება საავტომობილო ხერგილებს თბილისის შემოსასვლელში, ამას „ქირურგიული“ და სწრაფი შველა არ უწერია. აქ მხოლოდ „თერაპიული“, ეტაპობრივი მიდგომაა საჭირო. აუცილებელია დედაქალაქის მაღალი დონის დეცენტრალიზაცია, რაც პრობლემას ოდნავ შეამსუბუქებს. ამას სჭირდება როგორც პოლიტიკური ნება და ქალაქგეგმარებითი ღონისძიებები, ისე მძღოლების ფსიქოლოგიაზე მუშაობა. უკვე დროა მოსახლეობა გაიზარდოს, არსებულ რეალობას თვალი გაუსწოროს და თანდათან პრიორიტეტი საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭოს.

ჯადოსნური ჯოხი ხელში არავის უჭირავს და ერთ დღეში ყველაფერს ვერ შევცვლით. მთლიანობაში, ყოველდღიური და მრავალმხრივი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ ის სირთულეები, რომელთა წინაშეც დედაქალაქი დიდი ალბათობით აღმოჩნდება,“ - აღნიშნა ლადო ვარდოსანიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ცხადი ხდება, რომ თუ დედაქალაქის მთავარი შემოსასვლელის, სატრანსპორტო ქსელისა და ეკოლოგიური ბალანსის გადასარჩენად დროული, კომპლექსური ზომების მიღება ვერ მოხერხდება, სწრაფი და უკონტროლო ზრდა ქალაქს კოლაფსამდე მიიყვანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×