
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს მოუწოდებს, „დაგმოს" 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმა, უარი თქვას „რადიკალური ჯგუფების პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე" და გააუქმოს, „საქართველოს სუვერენიტეტის შემლახველი" რეზოლუციები.
პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნულ მოთხოვნებს 4 ოქტომბრის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე აყენებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლა საქართველოში არჩევნების ნაცვლად ქუჩის ძალადობითა და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით ვერ მოხდება.
ანალიტიკოსთა შეფასებით, პაპუაშვილის მოწოდებას ბრიუსელი სავარაუდოდ არ უპასუხებს.
ბრიუსელის შესაძლო რეაქცია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პაპუაშვილის მოწოდებას ევროკავშირი, სავარაუდოდ, უპასუხოდ დატოვებს, ხოლო, ხელისუფლების მხრიდან ბრიუსელის კრიტიკა საქართველოს სუვერენიტეტის შელახვად წარმოჩენილი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია.
- ნიკა ჩიტაძე: „ეს განცხადება მორიგი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რათა მოსახლეობა დააჯერონ, თითქოს ევროკავშირი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა და სუვერენიტეტს ლახავს"
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარების ფონზე ქვეყანაში უკვე ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე კი არა, თავად სახელმწიფოებრიობის მდგომარეობაზე დგას კითხვა.
„ჩემი აზრით, ამ მოწოდებაზე ევროკავშირის მხრიდან არანაირი რეაგირება არ იქნება, უბრალოდ უპასუხოდ დატოვებენ. ბუნებრივია, საქართველოს სუვერენიტეტი არანაირად არ ილახება - მმართველი პარტიის მიმართ გაჟღერებული კრიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ ბრიუსელი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა.
საუბარია იმაზე, რომ რადგან საქართველო ევროპული სტანდარტებისკენ მიისწრაფვის, მან საკუთარ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყოს.
„ეს განცხადება არის მორიგი საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, რათა მოსახლეობა დააჯერონ, თითქოს ევროკავშირი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა და სუვერენიტეტს ლახავს. „ქართული ოცნების" მიმართ არსებული კრიტიკა, რომელიც რეალურად ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოწოდებაა, წარმოჩენილია ისე, თითქოს ეს იყოს სუვერენიტეტის შელახვა. ამით სურთ საზოგადოებას უჩვენონ, თითქოს ხელისუფლება ქვეყნის ღირსებასა და სუვერენიტეტს იცავს.
„ამ ფონზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ 20%-ზე ხაზგასმის ნაცვლად, ცდილობან შექმნან ნარატივი, თითქოს ევროკავშირს საქართველოს მთლიანი ტერიტორიის „ოკუპაცია" და დაპყრობა სურს, რაც გაცილებით უარესია.
„რაც შეეხება ევროინტეგრაციის პერსპექტივას - ევროინტეგრაცია კი არა, დღეს საერთოდ ის კითხვა დგას, გვაქვს თუ არა სახელმწიფო. ძალზე მძიმე ვითარებაა - ჯერჯერობით სახელმწიფოებრივად ვერ ჩამოვყალიბდით და ასეთ პირობებში ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე საუბარიც კი ზედმეტია",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბრიუსელი შალვა პაპუაშვილის მოწოდებას უპასუხოდ დატოვებს, რადგან, მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები თავად იყვნენ ინფორმირებული 4 ოქტომბრის მოვლენებში.
იგი ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის დაუგმობლობა შემთხვევითი არ ყოფილა.
„უფრო მეტად მგონია, რომ ამ მოწოდებას უპასუხოდ დატოვებენ, ვინაიდან ბრიუსელში ისევ ის ხალხი სხედან, რომლებიც „დიფ სტეიტის" დავალებებს ასრულებენ. ევროპაში საკუთარი საქმეები თავზე ემხობათ, თუმცა ჯიუტად მაინც აბსურდულ პოზიციას ემხრობიან. შესაბამისად, არ მგონია, რომ შალვა პაპუაშვილის წინადადებას რაიმე დადებითი პასუხი გასცენ.
- ედიშერ გვენეტაძე: „მგონია, რომ ამ მოწოდებას უპასუხოდ დატოვებენ, ვინაიდან ბრიუსელში ისევ ის ხალხი სხედან, რომლებიც „დიფ სტეიტის" დავალებებს ასრულებენ"
„პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა არ დაგმეს, რადგან ძალიან დიდი ეჭვი არსებობს და მეც ასე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი სწორედ მათ მიერ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული. გადავხედოთ მაია სანდუსა და ევროპარლამენტარების შარშანდელ განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ და აქებდნენ პრეზიდენტის სასახლის აღების მცდელობას. ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელი ამ საქმის კურსში არ ყოფილიყო.
„როცა სჭირდებათ, ამბობენ, რომ შიდა საქმეებსა და სუვერენიტეტში არ ერევიან, ხოლო როცა სჭირდებათ - ერევიან. აბა რა არის ის, როდესაც მათი წარმომადგენლები კომპიუტერებთან ისხდნენ და ოვაციებითა თუ აღტაცებით ადევნებდნენ თვალს იმას, რაც პირველ საათებში პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით მიმდინარეობდა? ეს არის სინამდვილე",- განაცხადა გვენეტაძემ.
რას წერს პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის თქმით, „არშემდგარი დამხობიდან ერთი წლის შემდეგ განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლება".
„დღეს ერთი წელი გავიდა 2025 წლის 4 ოქტომბრიდან - დღიდან, როდესაც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მცდელობა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმით დასრულდა. ერთი წლის თავზე დამდგარია სასამართლო განაჩენები, სასჯელს იხდიან შტურმის ორგანიზატორები და მონაწილეები. მოძალადეების დიდმა ნაწილმა დანაშაული აღიარა.
„ერთი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ იმ დღეს არა მხოლოდ ემოციით, არამედ უკვე ფაქტების სრული ჯაჭვით შევხედოთ. 4 ოქტომბერი ერთ დღეში არ დაწყებულა.
მას წინ უძღოდა კვირების განმავლობაში ხელისუფლების დამხობის დაანონსება, ძალადობრივი სცენარების რომანტიზება და რადიკალური ჯგუფების პოლიტიკური შეგულიანება.
„ამ ფონზე, 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკომისიის პრესსპიკერს პირდაპირ ჰკითხეს დაანონსებული შეკრების შესახებ და პასუხად მოვისმინეთ არა მოწოდება არჩევნებში მონაწილეობისკენ, არა გაფრთხილება ძალადობის დაუშვებლობაზე, არამედ დამხობის მიზნით დაანონსებული შეკრების მიმართ პირდაპირი მხარდაჭერა (!).
მაშინვე საჯაროდ ვთქვით, რომ ეს იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო განცხადება და რომ, როდესაც ხელისუფლების დამხობა წინასწარ არის დაანონსებული, ასეთი პოლიტიკური სიგნალი რადიკალებისთვის წახალისებას ნიშნავს.
„სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში სწორედ ის მოხდა, რის შესახებაც ვაფრთხილებდით.
4 ოქტომბერს შეკრების მონაწილეები პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ და სასახლის შტურმით აღება სცადეს. გარედან სისხლისღვრისთვის გაწირული ქვეყანა, 90-იან წლებში დაბრუნებას მხოლოდ ჩვენი სამართალდამცავების მკაფიო და ორგანიზებულმა მოქმედებამ გადაარჩინა.
„აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიხსენოთ კიდევ ერთი გარემოება. მანამდე, თვეების განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს ალტერნატიული ლეგიტიმაციის ცენტრად წარმოაჩენდა. ამ ლეგენდის გასამყარებლად მასთან „სათათბიროდ" რეგულარულად მიდიოდნენ უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, მასთან ერთად, პრეზიდენტის შტანდარტის ფონზე პოზირებდნენ.
„ჩვენ მაშინაც ვაფრთხილებდით ყველას - სახელმწიფო სიმბოლოებით თამაში და არარსებული ორხელოსუფლიანობის განცდის შექმნა უწყინარი პოლიტიკური თეატრი არ არის. ასეთი სიმბოლოები ადამიანებს შეიძლება რეალური მოქმედებისკენ უბიძგებდეს.
ამიტომ, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლე შემთხვევით არ გამხდარა სამიზნე. და შემთხვევითი არც ის იყო, რომ მარცხის შემდეგ,
ზურაბიშვილის და დიპლომატების არცერთი "თათბირი" აღარ გვინახავს. თუმცა, დღემდე ბრიუსელისგან ასევე ვერ მოვისმინეთ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის დაგმობა და მოძალადეებისგან მკაფიო გამიჯვნა.
არშემდგარი დამხობიდან ერთი წლის შემდეგ განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლება.
„ეს არის 4 ოქტომბრის მთავარი გაკვეთილი - საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი, არჩევნებით და არა შტურმით.
„დაბოლოს, ერთი წლის თავზე კვლავ მოვუწოდებ ბრიუსელს: დაგმოს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმა; უარი თქვას მომავალში რადიკალური ჯგუფების პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე; გააუქმოს საქართველოს სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუციები", - წერს პაპუაშვილი.