
პენიტენციურ სამსახურში პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო ძალადობისა და გავრცელებული ვიდეოკადრების გარშემო პოლიტიკური ვნებები მწვავდება. ოჯახი პენიტენციურთან აქციას აანონსებს. ხელისუფლების წარმომადგენლები ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ამ ფაქტს მასშტაბური გამოსვლა არ მოჰყვება, თუმცა ოპოზიცია ამის თავის სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება.
„ვიწყებთ ბრძოლას, რომელსაც თეთრი ხელთათმანები ჰქვია", - გიორგი დავითაძის ოჯახი აქციას სამშაბათს, 12 საათზე აანონსებს.
36 წლის გიორგი დავითაძემ სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. ის ამბობს, რომ მე-6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა.
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში", - თქვა პატიმარმა.
- ირაკლი კობახიძე: „როდესაც მან პოლიციელს ესროლა არაერთი ტყვია და დაჭრა პოლიციელი, ამის გამართლებას ცდილობდა მისი ოჯახის წევრი და ამას სჭირდება შესაბამისი პასუხი".
დავითაძე ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ის შიმშილობის დაწყებას აპირებს, თუ მის მიერ დასახელებული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
ამ განცხადების შემდეგ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც, უწყების განცხადებით, პატიმარ გიორგი დავითაძის მონაწილეობით 2025 წლის 21 დეკემბერს მე-6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს.
ვიდეოს ხმა არ ახლავს. კადრებში პენიტენციური სამსახურის 10-მდე თანამშრომელი და პატიმარი ჩანან. ერთ-ერთ თანამშრომელს ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანები უკეთია.
- ირმა ინაშვილი: „ანუ რას გვეუბნებით: თუ პატიმარი კრიმინალია, თუ პატიმრის დედამ გაიღიმა და მამამ წვერი გაიპარსა, ეს პატიმარი ბადრაგებმა ნარზე უნდა წაკუზონ და რეზინის ხელთათმანებით უნდა დახვდნენ დეესკალაციის ოთახში?"
კადრების მიხედვით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები პატიმარს ჩხრეკენ, მათ შორის ელექტროდეტექტორის მეშვეობით. რამდენიმე მათგანი დავითაძეს ხელებს ზურგს უკან უკავებს. საწოლზე გადაწვენილ, ზურგზე ხელებდაწყობილ პატიმარს თანამშრომლები ძალის გამოყენებით ამოწმებენ.
ვიდეოს გამოქვეყნებასთან ერთად, პენიტენციური სამსახური „დეესკალაციის ოთახში" მსჯავრდადებულის განთავსების პროცედურაზეც ავრცელებს ინფორმაციას. უწყების ცნობით, ამ საკანში გადაყვანისას მსჯავრდადებული ექვემდებარება შემოწმება-დათვალიერებას, „რაზეც მსჯავრდებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა".
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, თანამშრომლებმა მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, მსჯავრდადებულს „იძულებით ჩაუტარეს შემოწმება". უწყება „სრულ სიცრუეს" უწოდებს პატიმრის ბრალდებას სექსუალურ ძალადობაზე.
„კადრების გასაჯაროებისგან აქამდე თავს ვიკავებდით ერთადერთი მიზეზით - საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და არ გვინდოდა, ჩვენი ქმედება ვინმეს მიერ გამოძიებაზე ზეწოლის მცდელობად ყოფილიყო აღქმული. თუმცა, საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, საქმის განსაკუთრებული სენსიტიურობის და მსჯავრდებულის ოჯახის მხრიდან უწყების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობის გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება", - აცხადებენ უწყებაში.
პენიტენციური კვლავ ამბობს, რომ 2026 წლის 3 მარტიდან დღემდე მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ნებისმიერი გადაადგილების ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა დაარქივებულია. სამსახური აცხადებს, რომ მზად არის, ეს მასალებიც კანონმდებლობით დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად გადასცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს.
პატიმრის დედამ, ირმა დავითაძემ თქვა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა კადრების მხოლოდ ნაწილი გაასაჯაროვა.
- რამაზ საყვარელიძე: „თუ დადგმული იყო, უფრო დამაჯერებლად უნდა ყოფილიყო. მაყურებელს ვერ გაურკვევია რეალურად რა ხდება იქ, რისი კადრებიც გავრცელდა".
„ხუთი ფაილი მაქვს ნანახი. ეს არის ახლა შოუ. 20-წუთიანი მასალაა. აქ მოჭრეს ერთი წამი, რაც მათ აწყობდათ... სადღაც 20 წუთი მიმდინარეობდა ეს პროცესი", - თქვა დავითაძემ.
აღსანიშანავია ისიც, რომ გიორგი დავითაძე თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, ავთანდილ დავითაძის შვილია. ავთანდილ დავითაძე 2014 წელს საკრებულოში კოალიცია „ქართული ოცნების" სიით შევიდა და ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის" წევრი იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით, გიორგი დავითაძეს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წარედგინა და 17 წელი და 6 თვე მიესაჯა.
გამოხმაურებები
პატიმრის ჩვენებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აღნიშნა, რომ პატიმრის ოჯახის წევრები ცდილობდნენ გაემართლებინათ ადამიანი, რომელმაც არაერთი ტყვია ესროლა პოლიციელს და დაჭრა.
„არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას. დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი. რაც შეეხება ამ ადამიანის პიროვნების წარმოჩენას, მე როგორც ვხვდები, ეს მოჰყვა მისი ოჯახის წევრის განცხადებას. როდესაც მან პოლიციელს ესროლა არაერთი ტყვია და დაჭრა პოლიციელი, ამის გამართლებას ცდილობდა მისი ოჯახის წევრი და ამას სჭირდება შესაბამისი პასუხი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სკანდალში აქტიურად არის ჩართული „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი. მისი თქმით, „აუცილებელია დადგეს რუსთავის მეექვსე დაწესებულების ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი".
„შტურმია ჩემზე, როგორ თუ პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ჩადენილ საშინელებაზე საჯაროდ ვსაუბრობ, ეს ძალადობა ოფიციალურად გავრცელებულ კადრებშიც კარგად ჩანს! არ გიშველით შტურმი, შტორმი კი აუცილებლად გელით! ვერც გაგვაჩერებთ და ვერც გაგვაჩუმებთ, როგორც თავის დროზე სააკაშვილის ბოროტმა რეჟიმმა ვერ გაგვაჩუმა.
- დავით ზურაბიშვილი: „აბსოლუტურად არ გამოდის იმ ვიდეოდან, რომ არ მომხდარა ის ფაქტი, რაზედაც ლაპარაკობს ეს კაცი, საერთოდ არ აჩვენებს ეს ვიდეო არაფერს, არც პირდაპირ არ ადასტურებს, მაგრამ არც უარყოფს."
„რა უზნეობა არ იკადრეთ კობახიძის პიარ-„სპეციალისტებმა" ამ დღეებში... დავითაძე კრიმინალიო, მერე მშობლებს და ოჯახს გადაწვდით, წლების მანძილზე თქვენი პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერები რომ იყვნენ, ან კრიმინალი რა შუაშია ან მშობელი და ან მეზობელი... ახალგაზრდა კაცი მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე ხმამაღლა ლაპარაკობს და ანუ რას გვეუბნებით: თუ პატიმარი კრიმინალია, თუ პატიმრის დედამ გაიღიმა და მამამ წვერი გაიპარსა, ეს პატიმარი ბადრაგებმა ნარზე უნდა წაკუზონ და რეზინის ხელთათმანებით უნდა დახვდნენ დეესკალაციის ოთახში? მერე ცხოველებივით 9 კაცი ერთ პატიმარს უნდა გაადააჯდეს და ეს ჩხრეკად უნდა გაასაღოთ?!", - განაცხადა ინაშვილმა.
იქნება თუ არა მასობრივი პროტესტი
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია ეცდება ამ ფაქტის სათავისოდ გამოყენებას, თუმცა მასშტაბური გამოსვლა ამას არ მოჰყვება.
„მემგონი დიდი აქციის აგორების მცდელობა იქნება, მაგრამ შედეგი ნაკლებად მოსალოდნელია. ახლა იმიტაცია ხდება. მით უმეტეს, რომ „ნაციონალების" მომხრეებმა დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, ციხის მაშინდელი კადრები დადგმული იყოო. ესე იგი, ეგ კადრები აწუხებთ „ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ გუნდს და ცდილობენ ანალოგიური ბრალდების წამოყენებას.
„ასეთი გააზრების ფონზე ეჭვი მაქვს, რომ პროტესტი დიდი იყოს. თუ დადგმული იყო, უფრო დამაჯერებლად უნდა ყოფილიყო. ვერ გაურკვევია მაყურებლების რაოდენობას, ვინც არ ემხრობოდა იმ ვერსიას, რეალურად რა ხდება იქ, რისი კადრებიც გავრცელდა. მაშინ, როდესაც „ნაციონალების" მიერ გავრცელებულ სამეგრელოს ჩანაწერებში, კადრებში ორაზროვნების გარეშე ჩანდა, რა ხდებოდა.
„ბუნდოვანი არგუმენტაციით და ამავე დროს იმ ვერსიით, რომ შეიძლება სპეციალურად ხდება, რადგან ერთ-ერთმა მხარემ პოლიტიკური ქულები დაიწეროს (კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებმა), მეეჭვება დიდი საპროტესტო ტალღა გაჩნდეს. თვითონ ამ პიროვნებაშიც ბევრი რამ არის საეჭვო", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის აზრით, ეს სკანდალი დიდი აქციას არ გამოიწვევს, თუმცა საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას დააგოროვებს.
„არ მგონია, რომ ამჯერად რაიმე სერიოზული აგორდეს, თუმცა ეს უკმაყოფილებას ზრდის, რაც ნელ-ნელა გროვდება. ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და საზოგადოებაში, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს, ოპოზიციის იმედი ნაკლებად არის. თუმცა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება იზრდება.
„დავითაძის შემთხვევა არის ის შემთხვევა, როდესაც, პრინციპში, ხელისუფლებას მოეთხოვება - თუ ის არაფერ შუაში არ არის და არ შეესაბამება ის ბრალდებები სინამდვილეს - მაშინ ისეთი ტიპის გამოძიება აწარმოოს, ჩართოს ისეთი დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურა, ისე გააკეთოს საქმე, რომ საზოგადოებაში ეჭვი არ იყოს, რომ ეს ხელისუფლების ბრალი არ არის. ან თუ გამოვლინდება, რომ მაინც ყოფილა რაღაც ის ფაქტი, რაზედაც ეს კაცი ლაპარაკობს, მაშინ უნდა დასაჯოს იქ დამნაშავეები ძალიან მკაცრად.
„როცა ხელისუფლებამ თავიდანვე დაიჭირა ისეთი პოზიცია, რომ არაფერი არ არის, იგონებენ, გვატყუებენ, „ნაცების" პროპაგანდააო, პლიუს აჩვენეს ვიდეოს, საიდანაც შეუძლებელია რაიმე დასკვნის გამოტანა... აბსოლუტურად არ გამოდის იმ ვიდეოდან, რომ არ მომხდარა ის ფაქტი, რაზედაც ლაპარაკობს ეს კაცი, საერთოდ არ უჩვენებს ეს ვიდეო არაფერს, არც პირდაპირ არ ადასტურებს, მაგრამ არც უარყოფს. და როცა ასე იქცევა, ცხადია, ნდობა, რომელიც ისედაც საკმაოდ მცირეა კიდევ უფრო მცირდება", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".