
„ქართულ ოცნებაში“ შუალედური არჩევნების შედეგები შეაფასეს. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას თქმით, არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, რადგან ოპოზიციას გარედან მიღებული დავალებების შესრულების რესურსი არ აქვს.
„გვახსოვს საპარლამენტო და ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებზე როგორ ცდილობდნენ რადიკალური ელემენტების შეყვანას. აქ არ ჰქონდათ არანაირი დავალება. ამ დავლების შესრულების რესურსიც არ გააჩნიათ, ისეთ გაკოტრებულ ვითარებაში არიან. შესაბამისად, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა ადგილობრივ დონეზე სრულად გამოეხატა საკუთარი ნება. ვნახეთ, როგორი აბსოლუტურია ეს ნება. ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საზოგადოება ჩვენს ხელისუფლებას ენდობა. ეს არის ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის სწორი მიმართულების, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების დამსახურება“, - აცხადებს გაბუნია.
ცესკომ ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების 3 ოქტომბერს გამართული, საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა - ოთხივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.