ნატალია ჯვარიძე
04.10.2026

რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ელჩად" ცნობილი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ვალერი გაზაევი ინიშნება. ამის შესახებ ცხინვალური „ტელეგრამ" არხები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერენ. გაზაევი საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელი იყო და კარიერის ბოლოს თბილისის „დინამოშიც" თამაშობდა. შემდეგ წლების განმავლობაში წვრთნიდა საფეხბურთო კლუბ ვლადიკავკაზის „ალანიას", რომელშიც იმ პერიოდში საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თამაშობდა.

ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, კრემლის ეს ნაბიჯი რეგიონში გავლენის გაძლიერებასა და საქართველოს მმართველ ძალასთან „სახალხო დიპლომატიით" საერთო ენის გამონახვის მცდელობაზე მიუთითებს.

პირველად გაზაევის „ელჩად" დანიშნის ინფორმაცია „ტელეგრამ" არხმა „ნეზიგარმა" გამოაქვეყნა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ „ოფიციალურად" დადასტურებული არ არის. მათი წყაროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება უკვე შეთანხმებულია კრემლთან და გაზაევი მალე შეუერთდება დე ფაქტო პრეზიდენტ მარატ გამბოლოვის გუნდს. ის შეცვლის ზნაურ გასიევს, რომელიც რუსეთში „სამხრეთ ოსეთის საელჩოს" ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

  • ვალერი გაზაევი მიხეილ ყაველაშვილზე: „ის ჩემთან თამაშობდა და საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენდა თავს... მიხეილი თავისი ქვეყნისა და ხალხის ნამდვილი პატრიოტია, რომლის ინტერესებსაც ყოველთვის დაიცავს."

ამავე წყაროს შეფასებით, „ელჩად" ისეთი მედიური პერსონის დანიშვნა, როგორიც გაზაევია, შესაძლოა გახდეს რუსეთთან სამხრეთ ოსეთის შეერთების პროცესის დაწყების ტრიგერი.

„გაზაევი ძლიერი მედიური ფიგურაა, რომელსაც შეუძლია აქტიურად დაიცვას და წამოწიოს სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის ინტეგრაციის იდეები. მისი დანიშვნით, ფაქტობრივად, იქმნება საინტეგრაციო შტაბი", - მიიჩნევს ადგილობრივი წყარო.

ვალერი გაზაევი საფეხბურთო სამყაროში საკმაოდ ცნობილი და ავტორიტეტული პერსონაა. მას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აკავშირებს ძველი თაობის 70-80-იანი წლებისყოფილ ქართველი ფეხბურთელებთან. გარდა ამისა, იყო რუსეთის სეროვნული ნაკრების მწვრთნელიც და წლების განმავლობაში წვრთნიდა ვლადიკავკაზის ალანიას, რომელშიც მაშინ საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თმაშობდა. 1995 წელს კი ყაველაშვილი „ალანიას" შემადგენლობაში, გაზაევთან ერთად, რუსეთის ჩემპიონიც გახდა.

  • ვახტანგ მაისაია: „როგორც ჩანს, რუსეთს აქვს რაღაც გათვლები ცხინვალის რეგიონზე და ეს მალე გამოჩნდება. ჩრდილოეთიდან რაღაც სიუპრიზებს უნდა ველოდოთ".

აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ მან გულთბილად მიულოცა ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა:

„ვულოცავ მიხეილ გურამის ძეს! ეს არის ადამიანი, რომელმაც სპორტში ბევრს მიაღწია და ეჭვგარეშეა, რომ ის წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც. მიხეილმა თავისი სპორტული გზა „ალანიაში" დაიწყო. ის ჩემთან თამაშობდა და საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენდა თავს - იყო მაგალითი სპორტსმენის და ადამიანის სახით. გახდა ჩემპიონი!

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის გაართმევს თავს ამ ძალიან მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობას, რადგან მიხეილი თავისი ქვეყნისა და ხალხის ნამდვილი პატრიოტია, რომლის ინტერესებსაც ყოველთვის დაიცავს. ვულოცავ მიხეილ გურამის ძეს და ქართველ ხალხს ასეთ არჩევანს!" - თქვა გაზაევმა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ კრემლი ცდილობს დღევანდელ ქართულ ხელისუფლებასთან ურთიერთობები აღადგინოს.

„გაზაევის დანიშვნას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩად ნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, რუსეთი აძლიერებს, თავის გავლენას. გაზაევმა ქართული კარგად იცის, ის თავის დროზე თბილისის „დინამოშიც" თამაშობდა. შესაბამისად, როგორც ჩანს, კრემლი აპირებს გარკვეულწილად ურთიერთობები აღადგინოს დღევანდელ პოლიტიკურ ხელისუფლებასთან - მმართველ პოლიტიკურ ძალასთან, ან შეეცადოს გამონახოს საერთო ენა და გამოიყენოს ეგრეთ წოდებული სახალხო დიპლომატიის ელემენტები. რა თქმა უნდა, ეს რუსული, კრემლის გაგებით.

„როგორც ჩანს, რუსეთს აქვს რაღაც გათვლები ცხინვალის რეგიონზე და ეს მალე გამოჩნდება. ჩრდილოეთიდან რაღაც სიუპრიზებს უნდა ველოდოთ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×