
მოსამართლე გიორგი არევაძემ, ვინც სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 32 წლის თურქი ბიზნესმენი, მეჰმეთ უიარი დარბაზიდან გაათავისუფლა და უდანაშაულოდ ცნო, პირველი კომენტარი გააკეთა. არევაძემ გადაწყვეტილება საქმის 9 თვიანი განხილვის შემდეგ მიიღო. მოსამართლის ვერდიქტის გამოცხადების დროს 20 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამტკიცებს, რომ კლუბის მფლობელმა გააუპატიურა, დარბაზში წაიქცა და ექიმების დახმარება დასჭირდა.
გიორგი არევაძე ამტკიცებს, რომ 20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქი ბიზნესმენი, უდანაშაულოდ საქმის მასალების გააზრებით გამოაცხადა. არადა უფლებადამცველების თქმით, ამ საქმეში არა ერთი საეჭვო გარემოებაა, რაც მოწმეებზე ზეწოლის და შესაძლო მოსყიდვის ვარაუდს აჩენს. საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ ყველა მტკიცებულება სასამართლოს ჰქონდა და თურქი ბიზნესმენის ციხის ნაცვლად თავისუფლებაზე გაშვება დაუსაბუთებელია.
მოსამართლის განჩინების ჩაბარების შემდეგ პროკურორი მის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ყველაფერი 2025 წლის 9 დეკემბერს დაიწყო. ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანში საფეხბურთო კლუბ ლუსოს ფეხბურთელები და ადმინისტრაცია სეზონის წარმატებით დახურვას აღნიშნავდნენ. ქალი ამტკიცებს, რომ საღამოს დასასრულს 20 წლის ფეხბურთელს კლუბის პრეზიდენტმა გამოძახებული ტაქსი გააუქმებინა და სახლში წაყვანა შესთავაზა.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული კადრების მიხედვით, ქალი სახლში კლუბის მფლობელის მძღოლს მიჰყავს, თავად თურქი ბიზნესმენი კი რესტორნიდან რამდენიმე წუთში გადის.
საქმეში მთავარი მტკიცებულებებიც სწორედ ამ დროიდან ჩნდება:
ახალგაზრდა ქალი საკუთარ მეგობარს 01 საათსა და 45 წუთზე წერს და ეუბნება, რომ ის სახლში ტაქსით არ გაუშვეს, მარტო არაა, თურქ მძღოლს მიყავს და თუ საკუთარ სახლში არ მიიყვანდა თანაგუნდელებს აუცილებლად შეატყობინებდა.
დაზარალებულის ტელეფონიდან გამოგზავნილი შეტყობინებების მიხედვით ის დანიშნულების ადგილზე უკვე 01 საათსა და 52 წუთზე მიიყვანეს. უცხო გარემოში მოხვედრის შემდეგ ქალი ფეხბურთელი კოლეგას ლოკაციას უგზავნის და ეუბნება რომ ეშინია.
ამის შემდეგ დაზარალებულის ტელეფონზე 7 გამოტოვებული ზარია, რაც იმას ნიშნავს რომ 01 საათი და 52 წუთიდან , 02 საათსა და 16 წუთამდე დაზარალებულმა მეგობრებისთვის პასუხის გაცემა ვერ შეძლო. ბოლოს რაც მისწერა იყო ის რომ მას აუპატიურებდნენ და თანაგუნდელებს უთხრა, რომ ლოკაციით გაზიარებულ მისამართზე მისულიყვნენ. ამის შემდეგ დაზარალებულის მიერ გაზიარებულ ლოკაციაზე მისი ახლო მეგობრები დაიძრნენ.
ამასთან, "შაბათის ეთერმა" მოიპოვა 20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმის მასალები, რაც პროკურატურამ სასამართლოში გადააგზავნა, დგინდება, რომ ქალმა პოლიციას იმავე დღეს მიმართა და გამომძიებელს დეტალურად უხსნის 9 დეკემბერს მომხდარ ამბავს.
დაზარალებული ფეხბურთელი ქალისგან განსხვავებით თურქი ბიზნესმენი და საფეხბურთო კლუბის მფლობელი მეჰმეთ უიარი ჩვენებაში ამბობს რომ ეს არ იყო ძალადობა.
ფეხბურთელი ქალების ინფორმაციით, სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში გავლენიანი ბიზნესმენი დაზარალებულს შუამავლის მეშვეობით დაუკავშირდა და მისი დათანხმება საპროცესო შეთანხმებაზე სცადა. "შაბათის ეთერის" რესპოდენტების თქმით, გაუპატიურებულ ქალს თანხმობის შემთხვევაში ის 500 000 დოლარის გადახდას დაჰპირდა.
ეს ყველაფერი არ არის, ქალთა საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრები მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ერთი მეორეს მიყოლებით ალაპარაკდა. მსხვერპლის მეგობრების ინფორმაციით, მოწმეების ნაწილმა ჩვენებები მთლიანად შეცვალეს.
ამასთან, საქმეში არ დევს არც იმ სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერები რომელიც თურქი ბიზნესმენის მიერ ნაქირავები სახლის ტერიტორიაზეა განთავსებული.