
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის საფლავი სიონის საპატრიარქო ტაძარში თუ აქამდე ცოცხალი ყვავილებით იყო შემკული, რომელიც პერიოდულად ცოცხალი ყვავილებითვე ახლდებოდა, ამჟამად სხვაგვარად გამოიყურება. საფლავი შეიცვალა და დაუახლოვდა იმ საბოლოო ვერსიას, რასაც ის, როგორც ამბობენ, მალე მიიღებს.
საფლავის შეცვლის შესახებ, ლევან ჭიქინაშვილის ფეისბუქგვერდიდან გახდა ცნობილი, რომელიც ახლა სამების ტაძრის მედავითნე და სტიქაროსანია, მანამდე კისაპატრიარქოს ყოფილი თანამშრომელი და პატრიარქის დაცვის წევრი იყო. "ამბები" დეტალებისთვის წორედ მას დაუკავშირდა:
"დაახლოებით ერთი თვით ადრე დაიგეგმა ეს ყველაფერი. მამა კირიონი მოვიდა, გავზომეთ, ზომები ავიღეთ, რომ ახალი საფლავი ვიზუალურად მიმსგავსებული ყოფილიყო სამომავლოდ დაახლოებით რა სიმაღლე და ფორმაც ექნებოდა საფლავს... ხის მასალაა და მერე თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერში ამ ხის შესაფერისი გადასაფარებელი მოქარგეს... მოკლედ, ჯერ შიდა თეთრი, რძისფერია, რაც მთლიანად გადაეფარა და მერე ზემოდან გადაეფარა ხავერდის შინდისფერი ქსოვილი, სადაც უკვე აწერია: "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II“. ზედ გამოსახულია სერაფიმებიც, ჯვარიც და ასეთი ფორმა აქვს.
სამომავლოდ ქვის იქნება, ბევრად ლამაზი და ბევრად აღქმადი, რაც პატრიარქს ეკადრება, ლამაზი და ძვირფასი. გუშინ დილის 8 საათზე შევუცვალეთ ეს ყველაფერი და ხალხს, მომსვლელებს, ვიზიტორებს გუშინდელი დღიდან უკვე ახალი საფლავი დახვდათ - ასეთი სახის. უმეტესობას მოსწონს, ლამაზია, შემკული და შემოსილია. ვეკითხები კიდეც მათ: "რას იტყვით, როგორ მოგწონთ?“ უმეტესობამ - ასე - 500 კაციდან 480-მა - მოიწონა... იმასაც ვეკითხებოდი: "რას იტყვით, ხომ არ არის რამე გამოსასწორებელი, აბა, რას ფიქრობთ-თქო?“ ცოტამ თქვა, ის უფრო ბუნებრივს ჰგავდა, ბევრი ყვავილით რომ იყო დაფენილიო.
ნათქვამია, რომ 25 დეკემბრამდე, აღსაყდრების დღემდე გაკეთდეს. ამ კითხვას უამრავი ადამიანი მისვამს - ეს საბოლოოა? კიდევ შეიცვლება? მეც, ვინც უშუალოდ ახლოს არის ამ საკითხთან, იმას ვეკითხები. ჯერჯერობით ასეა - 25 დეკემბრამდე უნდა გაკეთდეს უკეთესი, როგორც პატრიარქს ეკადრება.
უწმინდესი გვაძლიერებს, ღვთის წყალობაა. ღმერთის გარეშე არ იქნებოდა ეს ენერგია და განწყობა. ღმერთი ძალას გვაძლევს, რომ ვემსახუროთ, მოვუაროთ პატრიარქის საფლავს, ხალხს ვემსახუროთ - ვინც მოვა, ყურადღება მივაქციოთ... ხან პერიოდულად სამთავროს დედათა მონასტრიდან დედებს ტკბილი კვერები ჩამოაქვთ ხოლმე. გუშინ ბევრი ჩამოგვიტანეს - 500 ცალი ალბათ - და ორი დღეა ვარიგებთ. ყველა ბედნიერია, პატრიარქის საფლავიდან რაღაც რომ მიაქვთ", - განაცხადა ლეცან ჭიქინაშვილმა
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე