
საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში, წარმომადგენლობითი ორგანოს შუალედურ არჩევნებზე, ხმის მიცემა დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.
დღეს ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით გაიმართა. ამომრჩეველმა აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების ოთხი მაჟორიტარი წევრი აირჩია.
უბნები გახსნილი იყო ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორის, წალკაში, სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში - სოფელ ფერეთაში.
დილიდან, ოთხივე საარჩევნო ოლქში, ჯამში, შვიდი უბანი იყო გახსნილი, მათ შორის, ოთხი - წალკაში. წალკის სამ და ვანის ერთ საარჩევნო უბანზე, კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობდა, ხოლო დანარჩენ უბნებზე - ტრადიციული მეთოდით.
საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისა და კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღის ბოლო ბრიფინგი ერთ საათში, 21:00 საათზეა ჩანიშნული.