
მმართველ გუნდში ცრუ ბრალდებასა და დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობაზე საუბრობენ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დღეს ციხეებში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია, ძალადობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა იყო, რისი დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს.
„ზოგადად, რადიკალური ოპოზიციური დაჯგუფებები, ეს აგენტურული ქსელი ორიენტირებულია იმაზე, რომ ნებისმიერი სიმართლე ტყუილად შეასაღოს საზოგადოებას. სიმართლე არის ის, რომ ის, რაც ჩვენ პენიტენციური სამსახურის მიერ ვნახეთ, კონკრეტული პირდაპირი მტკიცებულება გახლავთ ეს ვიდეოკადრები. დარწმუნდა საზოგადოება, რომ ეს აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი და ტყუილი და სიცრუე იყო.
დღესდღეობით პენიტენციურ სისტემაში, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, ძალიან მაღალი სტანდარტია დაცული. ეს მონაპოვარი არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, რაც აუცილებლად შენარჩუნდება. კიდევ ტენდენცია არის, რომ გაუმჯობესდეს, პირიქით, იქ არსებული, საპყრობილეებში არსებული, როგორც ბრალდებულების, ისე მსჯავრდებულების მდგომარეობა“, - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შატაკიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პენიტენციური სამსახურის თანახმად, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ დისციპლინური სახდელი ცხრაჯერ გამოიყენეს. ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-ტარება. გამოძიების ინფორმაციით, ის ჯერ პოლიციელთან მივიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, 8-ჯერ ესროლა და წელის არეში დაჭრა, რაც გავრცელებულ კადრებშიც ჩანს. სასამართლოს ვერდიქტით, მას 17 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯვარდებულ გიორგი დავითაძის ბრალდებებს, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, უკვე უპასუხა. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, უწყება ასაჯაროებს დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს, დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს, რა დროსაც, პატიმრის მტკიცებით, მოხდა მასზე სექსუალური ძალადობა, რაც, უწყების განცხადებით, არის სრული სიცრუე.
პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას, მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება-დათვალიერებას, რაზეც გიორგი დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დავითაძის საქმე და ვიდეოჩანაწერები დეტალურად შეისწავლა სახალხო დამცველის აპარატმაც. ომბუდსმენის ინფორმაციით, აპარატმა მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა.