
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ავთანდილ დავითაძე, რომლის პატიმარი შვილი ნომერ მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში გაუპატიურების შესახებ საუბრობს, ყველა იმ ბადრაგის იდენტიფიცირებას ითხოვს, რომელიც დეესკალაციის საკანში სავარაუდო ძალადობაში მონაწილეობდა. დავითაძე ეხმაურება პენიტენციური სამსახურის უფოროსის, გიორგი პატარიძის განცხადებასაც, რომელმაც ნომერ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს გუშინ მადლობა გადაუხადა.
„თითოეული ამ მოძალადე ჯალათის ფოტო უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ქვეყანას უნდა ვაცნობოთ, როგორი ჯალათური სისტემა მართავს ნომერ მეექვსე დაწესებულებას. ამხელა თანამდებობის პირი, რომელსაც აბარია სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და ვალდებულია დაიცვას ყველა პატიმრის ღირსება და უფლებები, გამოდის და ამის მერე კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ჯალათ მოძალადეებს, მაგარი ბიჭები არიანო. აი როგორ ვირწმუნო მე ამათი, ამ მომპალი სისტემისდ ა როგორ დავიძინო მე, როგორც მამამ, რომ ესენი ჩემს შვილს ხვალ და ზეგ უფრო უარესს არ მოუწყობენ“, - ამბობს ავთანდილ დავითაძე.
პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს, დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4-წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა. კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება და პატიმრის ბრალდება უარყო.