თამთა ჩაჩანიძე
03.10.2026

რუსეთში „ტრამპის მარშრუტის" საპასუხოდ „პუტინის გზის" იდეა წარადგინეს. ეს ინიციატივა ოკეპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთს, საქართველოსა და სომხეთსის გავლით ირანთან პირდაპირი სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას საშალებას აძლევს. ამ იდეას კრემლი მრავალი წელია ლობირებს, თუმცა, საქართველოს მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო მისი რეალიზება ვერ ხერხდება. ალხა კი, ინიციატორთა აზრით, გეოპოლიტიკური რეალობა მნიშნელოვნად შეიცვალა, რაც პროექტის რეალიზების შანსს ზრდის.

პროექტის ავტორები მას სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის ერთ-ერთ შესაძლო გზად განიხილავენ, თუმცა დამოუკიდებელი ანალიტიკოსები პროექტს ექსკლუზიურად მოსკოვის მხრიდან ჰიბრიდული პოლიტიკური ზეწოლის ელემენტად მოიაზრებენ.

საინტერესოა ამ ძველი პროექტისთვის მოფიქრებული ახალი სახელიც - „პუტინის გზა". ჩანაფიქრის თანახმად, ამ სატრსანსპორტო კორიდორმა საომხეთის სიუნიქის რეგიონში, ირანის საზღვარზე „ტრამპის მარშრუტი" უნდა გადაკვეთოს.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პროექტი რეალურ სატრანსპორტო საჭიროებებს ნაკლებად უკავშირდება და უფრო რუსეთის მხრიდან სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენისა და ჩართულობის წარმოჩენის მცდელობაა.

მისი თქმით, ინიციატივას სომხეთსი პრორუსული ოპოზიციის ნაიწლი ლობირებს, საქართველოს ხელისუფლებამ კი ეს ინიციატივა უბრალოდ იგნორირება უნდა გაუკეთოს, როგორც „3 პლუს 3" ფორმატს.

რა არის „პუტინის გზა"

ინიციატივის სამუშაო სახელწოდებაა „პუტინის გზა", ინიციატივა პროკრემლისტურმა კვლევითმა სტრუქტურებმა 28 სექტემბერს, საერთაშორისო კონფერენციაზე „სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო - ლოგისტიკური ქსელების განვითარების პერსპექტივები" გააჟღერეს. გეგმა შეიმუშავა კომუნიკაციების განვითარების რუსეთის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ვლადისლავ გასუმიანოვმა.

კონფერენცია წარმოადგენდა რუსეთში არსებული კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული კვლევების ცენტრისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების კვლევის ცენტრის ერთობლივ ინიციატივას.

„დღეს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სიტუაცია არსებითად შეიცვალა, რის გამოც რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლის განბლოკვის საკითხი დღის წესრიგში კვლავ გამოდის, თუმცა უკვე პრინციპულად ახალ პირობებში", - განაცხადა ცენტრის დირექტორმა არამ საფარიანმა მოსკოვის ფორუმზე გამოსვლისას.

მან გაახსენა დამსწრეებს, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო თვითგამოცხადებული აფხაზეთის გავლით მოსკოვი-თბილისის ხაზზე სარკინიგზო მიმოსვლის განბლოკვის შესაძლებლობის განხილვა, თუმცა მაშინ „პროცესი შეჩერდა".

კვლევით ცენტრ „ალტერნატივას" ხელმძღვანელმა, ტატულ მანასერიანმა თავის მოხსენებაში ასევე განაცხადა, რომ რკინიგზის გახსნა ხელს შეუწყობდა მთელი რეგიონის განვითარებას. მან აღნიშნა, რომ ბოლო წლებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარება თბილისში არსებული ძველი მიდგომების გარკვეულ გადახედვაზე მიუთითებს. კერძოდ, ქართული პოლიტიკა „სულ უფრო მეტად განიხილება ქვეყნის ეროვნული ინტერესების პრიზმაში და არა ექსკლუზიურად დასავლეთზე ორიენტაციის ფარგლებში".

„ქართული პოლიტიკური ელიტის გონიერება, ჩემი აზრით, მას საშუალებას მისცემს გააანალიზოს სიტუაცია და ნებისმიერი პოლიტიკური სცენარის განვითარებისას ამ რკინიგზის ამუშავება განიხილოს როგორც ხელშემწყობი და არა ხელისშემშლელი ფაქტორი", - განაცხადა მანასერიანმა.

ამასთანავე, დამოუკიდებელი სომეხი ექსპერტები პროექტის რუსული პირობებით განხორციელების შეუძლებლობაზე მიუთითებენ.

სომხეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა „რუსეთის რკინიგზის" შვილობილ სტრუქტურას - „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას" - კონცესიურ მართვაში გადაეცა 2008 წლის თებერვალში, 30 წლის ვადით, კიდევ 10 წლით გაგრძელების უფლებით. ბოლო დრომდე ეს აღიქმებოდა გარანტიად იმისა, რომ სომხეთში მასშტაბური ტრანზიტული პროექტები რუსეთის მონაწილეობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა.

სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2025 წლის აგვისტოში ხელი მოეწერა შეთანხმებას „ტრამპის მარშრუტის" შესახებ. ამ მომენტიდან მოსკოვმა დაიწყო საკუთარი „მარშრუტების" ძიება, რათა საბოლოოდ არ აღმოჩნდეს სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის პროცესის მიღმა.

ოფიციალური ან ექსპერტული რეაქცია უშუალოდ „პუტინის გზაზე" თბილისიდან ჯერჯერობით არ ყოფილა და თვით მოსკოვის კონფერენცია და იქ გაჟღერებული ლობისტური განცხადებები რუსი და სომეხი ექსპერტების მხრიდან ქართულმა მხარემ ამ დროისთვის სრულად დააიგნორა.

რამდენად რეალურია „პუტინის გზის" პროექტის განხორციელება

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აფხაზეთის გავლით სატრანზიტო მარშრუტის აღდგენის იდეას რეალური ეკონომიკური საფუძველი არ აქვს და რუსეთის მხრიდან ამ თემაზე საუბრის გააქტიურება უფრო პოლიტიკური და პროპაგანდისტული მცდელობაა, ვიდრე რეალური სატრანსპორტო პროექტი. მისი შეფასებით, რეგიონში ტვირთების მოძრაობის მიმართულება სამხრეთისკენ იცვლება, რაც აფხაზეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტს ეკონომიკურად ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აფხაზურ საზოგადოებას იდეა მოსწონს, მაგრამ ამავე დროს ბევრი ხვდება, რომ მისი განხორციელება რეალისტური არ არის.

„აზრი არ აქვს, ზღაპარია „პუტინის გზა", ეს იმ საცოდავების ფანტაზიებია რუსეთში. რაკი „ტრამპის გზა" ჰქვია სიუნიკის მიმართულებით განსახორციელებელ პროექტს, რომელზეც უკვე არსებობს ხელმოწერილი შეთანხმება, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს და „პუტინის გზა" დაარქვეს, რაც უკვე სასაცილოა. სომხეთში ამაზე პრორუსული ოპოზიცია ლაპარაკობს და არა ფაშინიანი. ეს თემა უკვე დაგვიანებულია, ყველა ტვირთი სამხრეთისკენ გადადის. ის საავტომობილო ტვირთებიც კი, რომელიც ლარსზე მოძრაობდა, როგორც კი რკინიგზა გაიხსნება „ტრამპის გზაზე", ტვირთები გადავა რკინიზგაზე და მოძრაობას დაიწყებს სომხეთიდან.

„ვისაც უნდა ტვირთები რუსეთში ატაროს, პრობლემა არაა, ისედაც ატარებს ლარსის გზით, აქ ახალი არაფერია. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური, დემაგოგიური და პროპაგანდისტული ტრიუკი. „პუტინის გზას" რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

„საქართველოს ხელისუფლება უკეთეს შემთხვევაში ამას იგნორირებას გაუკეთებს, ან როგორც „3 პლუს 3" ფორმატშია ასე უნდა მოიქცნენ - საქართველოს სკამი ცარიელია, მონაწილეობა არასდროს არ მიუღია, მაგრამ რუსები იქ აუცილებლად მეექვსე სკამს დგამენ", - განაცხადა მან.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „სამხრეთ კავკასიაში რუსეთის რესურსები მცირდება. იზრდება ამერიკის, ინგლისის, აზერბაიჯანის რესურსები... ვფიქრობ, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, ალიევი ჩამოსული იყო თბილისში და შეხვდა თვითონ ივანიშვილს ის იყო, რომ საქართველო ჩაერთოთ აზერბაიჯანულ პროექტში".

კითხვაზე, რა არის ის ფაქტორები, რაც პუტინის გზის პროექტს ეწინააღმდეგება ფაშინიანის ხელისუფლების გარდა, ზაქარეიშვილმა გვითხრა:

„რეალობა ეწინააღმდეგება ამ პროექტს. ტვირთების მოძრაობა გადალაგდა უფრო სამხრეთისკენ. აქამდე იყო ერთი გზა - ბაქო-თბილისი-ფოთი. სახმელეთო ტრანსპორტი - რკინიგზა და საავტომობილო გზა, აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით თურქეთისკენ უფრო მოკლეა, ისე, რომ შავ ზღვას არ ეხება და არც ბოსფორის სრუტეზე გადის.

„ამიტომ ეს მოკლე გზა (ბაქო, „ტრამპის გზა", ნახიჩევანი, თურქეთი) უფრო მნიშვნელოვანი და მოკლეა, ვიდრე ოდესღაც არსებული, არამოქმედი აფხაზეთის რკინიგზა.

„რაკი მშვიდობა დამყარდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სამხრეთით, საქართველო ხდება არა წამყვანი, მაგრამ დამატებითი ფაქტორი, რომ ის ტვირთები, რაც ვერ გაივლის აი ამ „ტრამპის გზაზე", მაშინ ჩაერთვება ქართული მხარეც. მაგრამ ის, რომ ჩრდილოეთის მხარე, ანუ თბილისიდან, მაგალითად, აფხაზეთის გავლით ტვირთებმა გაიაროს რუსეთში, ეს უკვე არარენტაბელურია, ეკონომიკურად არამომგებიანი იქნება უკვე ეს ყველაფერი და ამიტომ აზრი არ აქვს ამაზე ლაპარაკს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება აფხაზი საზოგადოების განწყობებს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სოხუმში იდეა მოსწონთ, მაგრამ ყველა ხვდება, რომ არარეალურია.

„მოსწონთ, მაგრამ მოსახლეობა უკვე ხვდება, რომ ეს არარეალურია. ყველა ხვდება, რომ ტვირთებმა სამხრეთისკენ უფრო მოკლე გზაზე დაიწყეს მოძრაობა და ეს არანაირად არ იმუშავებს. თეთრი ძაფით ნაკერი, პრიმიტიული, პროპაგანდისტული ტრიუკია, რომ რუსეთმა ქაღალდზე, პროპაგანდის დონეზე და პრესის დონეზე მაინც დააფიქსიროს, ვითომ სამხრეთ კავკასიაში არსებობს. რეალურად კი არ არსებობს რუსეთი სამხრეთ კავკასიაში - ამ მიმართულებით მისი რესურსები მცირდება და მცირდება. იზრდება ამერიკის, ინგლისის, აზერბაიჯანის რესურსები.

„ვფიქრობ, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, ალიევი ჩამოსული იყო თბილისში და შეხვდა თვითონ ივანიშვილს ის იყო, რომ საქართველო ჩაერთოთ აზერბაიჯანულ პროექტში", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×