რეზონანსი
03.10.2026

არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალური პროკურორის, ჰამად საიფ ალ-შამსის განცხადებით, Flydubai-ის რეისის ბორტზე მომხდარი ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო. პროკურორის თქმით, პილოტმა თვითმფრინავის მართვაზე კონტროლის მოპოვება სცადა და ის ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა.

მისი განცხადებით, მეორე პილოტი კაპიტანს კაბინაში საგანგებო სიტუაციებისას გამოსაყენებლად შენახული საავარიო ნაჯახით დაესხა თავს. ასევე, პროკურორმა აღნიშნა, რომ მოტივისა და სხვა გარემოებების დასადგენად გამოძიება გრძელდება.

Reuters-ის ინფორმაციით, დაკავებული პილოტი ომანელი ჰამამ ალ-ჰამამია. Wall Street Journal-ის ცნობით, flydubai-ის თვითმფრინავის გამტაცებელს ომანის ხელისუფლებამ წარსულში ფრენა აუკრძალა - „რადიკალური იდეოლოგიური შეხედულებების გამო“.

სტატიის მიხედვით, ომანის ხელისუფლებამ პილოტი ფრენებს ჩამოაშორა, თუმცა, მოგვიანებით ის flydubai-მ დაასაქმა.

უცნობია, იცოდა თუ არა ავიაკომპანიამ ომანის მხრიდან დაწესებული შეზღუდვის შესახებ. ასევე უცნობია, კონკრეტულად რა ტიპის „რადიკალიზმი“ გახდა ომანის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების საფუძველი.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია Flydubai-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ისრაელში მიფრინავდა ინციდენტი ოთხშაბათს მოხდა. თვითმფრინავის მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა პილოტი გაანეიტრალეს, რომელიც კაბინაში კაპიტანს დაესხა თავს. ისრაელელი ოფიციალური პირების ცნობით, პილოტმა თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ჯერ ძალიან ნაადრევია იმის თქმა, თუ ვინ იდგა დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი Flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის უკან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×