რეზონანსი
03.10.2026

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში,  თბილისსა და რეგიონებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს. კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.

კერძოდ, ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ. 

დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. ასევე, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღები, ფული და ნარკოტიკული საშუალებები.

საქმეში დევს ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, სადაც ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები "მეტსახელებით" - "ცრემლა" "ჩერმენა", "პუპსიკა", "სვინჩო", "რიჟა", "გრიალო" და ა.შ. "ქურდული გარჩევებში" მონაწილეობენ. 

"მე გული არა მაქ არ გამაჩნია კაროჩე, ჩემი სული კი "ქურდულს" ეკუთვნის" - ამბობს "პუპსიკა" ფარულ აუდიო ჩანაწერში.  

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანიზებულ დანაშაულთან, განსაკურებით ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად განაგრძობს.

სამინისტრო, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს იმ პირთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, რომლებიც მონაწილეობენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ხელს უწყობენ მას და დანაშაულებრივი გზით ცდილობენ მოქალაქეებზე ზეწოლასა და ფინანსური სარგებლის მიღებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×