
დმანისში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.
დმანისში საარჩევნო უბანი სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორისაა გახსნილი. გამარჯვებისთვის „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი სარსევანიძე, პარტია „ლელოდან“ კი ვაჟა ნონიაშვილი იბრძოლებენ.
ადგილზე საარჩევნო პროცესი დილის 08:00 საათზე, ხარვეზების გარეშე დაიწყო.
„ველოდები კარგ შედეგს და აქტიურობაც შეინიშნება. ძალიან ბევრ რამეს განვიხილავთ ჩვენ და უკეთესობისკენ იქნება ჩვენი სოფლის მეწარმეობა და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თითოეულ მოსახლეს ხელი შევუწყოთ ყველა საკითხში“, - აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი სარსევანიძემ.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.