რეზონანსი
02.10.2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობაზე ილაპარაკა.

მან აღნიშნა, რომ ვიზიტები, რომელთა საშუალებითაც პირველ პირებს რეალური ინფორმაცია მიეწოდებათ, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ნებისმიერი ვიზიტი, რომელიც არის შესაძლებლობა იმისა, რომ ობიექტური რეალობის შესახებ სიმართლე პირველ პირებს პირდაპირ მიაწოდო, არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ლუქსემბურგს და ბელგიას, მათ საერთოდ არ იცოდნენ ის, რომ არაერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი იმყოფებოდა აქციაზე და ძალადობრივი აქციების დროს ეგზალტირებულ ხალხს სხვადასხვა ქმედებისკენ პირდაპირ მოუწოდებდა. ამიტომ ეს მათთვის იყო აბსოლუტური მოულოდნელობა, საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ და ძალიან გაოცებულები იყვნენ, როდესაც მოისმინეს, რომ თურმე ასეთი რამ მომხდარა, დიახ, ძალიან მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობით და მონაწილეობით. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენი სიმართლე და ობიექტური მოცემულობა მივიტანოთ ყველა იმ პირამდე, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებია. რაც შეეხება ევროკავშირს, დარწმუნებული ვარ, იქაც კარგად გაიაზრებენ და მოუწევთ თვალის გასწორება იმ ყველაფრისთვის, რაც მათივე კვლევებით, ობიექტური საზომით არის დათვლადი და გაზომვადი. მე დარწმუნებული ვარ, ეს უბრალოდ, დროის საკითხია“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

დეპუტატის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან უფრო პოზიტიური სიგნალებია.

„რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქიდან უფრო პოზიტიური სიგნალებია. დღევანდელი ადმინისტრაცია ძალიან კარგად აცნობიერებს, მშვენივრად იცის, თუ რა იყო მათი წინამორბედების დროს გაკეთებული. ის სიგნალები და პოზიტიური ძვრები ძალიან დიდი იმედის მომცემია და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს მივესალმებით“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×