
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის ფასების შესამცირებლად „კოორდინირებულად“ მუშაობაზე შეთანხმდნენ.
„გადავწყვიტეთ, წარმოება უფრო მოქნილი გავხადოთ, რათა ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მაქსიმალური სიმძლავრით ვამუშაოთ; პარტნიორებთან ერთად, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს კოორდინაციით, ოთხი თვის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული მარაგები 100 მილიონ ბარელამდე გამოვათავისუფლოთ, ასევე არ მივიღოთ ისეთი ზომები, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებს შორის ენერგიისა და ნავთობპროდუქტების გაცვლას შეზღუდავს“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელში.
აღნიშნულის შესახებ დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც.
„ევროპა ახლახან შეთანხმდა დიზელის საწვავის დიდი მარაგის გამოთავისუფლებაზე, პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება, მადლობა ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მანამდე „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გერმანიასა და საფრანგეთს მოუწოდა, საგანგებო შემთხვევებისთვის შექმნილი დიზელის მარაგებიდან საწვავი გამოეთავისუფლებინათ, რათა ხელი შეეწყოთ საწვავის მსოფლიო ფასების შემცირებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ დიზელის ექსპორტზე შესაძლო აკრძალვის დაწესებით დაიმუქრა.