რეზონანსი
02.10.2026

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში მარტა კოსი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული.

„თარიღი, 2027 წლის 1-ელი იანვარი პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაასახელა. გაწევრიანება დამსახურების პრინციპს ეფუძნება და ცხადია, რომ ეს ამ თარიღისთვის შეუძლებელია“, - განაცხადა კოსმა იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებას კიევი და სხვა ქვეყნები უსაფრთხოების გარანტიად განიხილავენ.

„მესმის, რომ კიევი და ბევრი სხვა ადამიანი ევროკავშირში გაწევრიანებას უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევს. უკრაინის ომმა ევროპაში გეოპოლიტიკური ვითარება შეცვალა და ამის ერთ-ერთი შედეგი ის არის, რომ ევროკავშირის გაფართოება კვლავ პრიორიტეტად იქცა - არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

კოსის განცხადებით, უკრაინისთვის გაწევრიანების პროცესში გამონაკლისები და შეღავათები არ არსებობს, თუმცა ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ უკრაინა გადარჩენისთვის ომს აწარმოებს.

„გაწევრიანების პროცესში არც პრივილეგიები არსებობს და არც შეღავათები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინა გადარჩენისთვის ომს აწარმოებს. სწორედ ამიტომ, მისი დახმარება ჩვენი მოვალეობაც არის“, - განაცხადა მან.

კოსმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, რაც შეიძლება, მეტი მოლაპარაკების მიმართულების, ე.წ. კლასტერის გახსნა.

„იმედი მაქვს, წლის ბოლომდე, რაც შეიძლება, მეტი კლასტერი გაიხსნება“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×