თამთა ჩაჩანიძე
02.10.2026

საქართველოს მთავრობა ევროპის ქვეყნებს შორის ნდობის მაჩვენებლით საუკეთესო ხუთეულშია - ასეთ კვლევას აქვეყნებს „ქართული ოცნება", რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ჩატარდა. პარტიის ინფორმაციით, 2025 წლის შეფასებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელმა 54.1% შეადგინა, რაც ქვეყნისთვის „ახალი ისტორიული მაქსიმუმია".

„ოცნების" ინფორმაციით, მონაცემები „ევრომონიტორის" პროექტის ფარგლებში ევროპის დაახლოებით 40 ქვეყანაში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ეფუძნება, რომლის შედეგადაც ქვეყნებში მთავრობისადმი ნდობის შესაბამისი ინდექსები შემუშავდა. 2024 წლის შეფასებით, საქართველო ამ მაჩვენებლით ევროპაში მე-8 ადგილზე იყო, 2025 წლის მონაცემებით კი, პარტიის მტკიცებით, ქვეყანა ხუთეულში დაწინაურდა.

ამავე მონაცემებით, საქართველოს 54.1%-იანი მაჩვენებლით წინ უსწრებენ ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო და ავსტრია. მთავრობისადმი ნდობის რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები კი ნიდერლანდებში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და სლოვენიაში დაფიქსირდა.

„ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე საუბარია „ევრობარომეტრზე" - ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების მიერ გამოყენებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტრუმენტზე, რომელიც ევროპაში პოლიტიკური, სოციალური და ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოებრივი განწყობების შესასწავლად გამოიყენება. პროექტი ევროკომისიის ფარგლებში 1974 წელს დაიწყო და დროთა განმავლობაში სხვადასხვა ინსტიტუტისა და კვლევითი მიმართულების ჩართვით გაფართოვდა.

რას ასახავს კვლევა

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მონაცემები არადამაჯერებელია, რადგან ავტორიტარულ ან მძიმე პოლიტიკური ვითარების მქონე ქვეყნებში ხელისუფლებისადმი გამოცხადებული ნდობა შესაძლოა რეალურ მხარდაჭერას კი არა შიშს, ან თავის დაზღვევას ასახავდეს.

„კომუნისტები არჩევნების დროს 99%-ს იღებდნენ და საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ არანაირი უკმაყოფილება არ ჩანდა. ნებისმიერი გამოკითხვა, რომელიც არ უნდა ჩაგეტარებინათ, რა თქმა უნდა, ამას ადასტურებდა. ავტორიტარულ რეჟიმებში, როგორც წესი, ასეთ გამოკითხვებს უბრალოდ აზრი არ აქვს. მოსახლეობაში ხელისუფლებისადმი ნდობა უფრო შიშია, ვიდრე რეალური განსჯა იმისა, თუ ვის ენდობა და როგორ ენდობა.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „კომუნისტები არჩევნების დროს 99%-ს იღებდნენ. ნებისმიერი გამოკითხვა, რომელიც არ უნდა ჩაგეტარებინათ, ამას ადასტურებდა. ავტორიტარულ რეჟიმებში, როგორც წესი, ასეთ გამოკითხვებს უბრალოდ აზრი არ აქვს"

„ახლა „ქართული ოცნება", ბუნებრივია, ამ მონაცემებს გამოიყენებს იმისთვის, რომ პროპაგანდა აამუშაოს და თქვას, რომ თითქოს ხუთეულში შევდივართ, მაგრამ რეალობა ხომ ასეთი არ არის? რა ნიშნავს ხელისუფლებისადმი ნდობა? სულ რაღაც ერთი წლის წინ არჩევნებში, თბილისში, მაგალითად, „ქართული ოცნებისადმი" ნდობა 20% იყო და ახლა როგორ გაიზარდა? თუ ხელისუფლებას ხალხი ენდობა, მაშინ როგორ ხდება, რომ „ქართულ ოცნებას" არ ენდობა?

„ამიტომ მე ასეთ გამოკითხვებს - მით უმეტეს, როდესაც ქვეყანაში ასეთი მძიმე პოლიტიკური ვითარებაა, რა თქმა უნდა, არ ვენდობი. მესმის იმ ადამიანების, ვისაც ეკითხებიან, ენდობიან თუ არა და თავის დაზღვევის მიზნით ამბობენ, რომ ენდობიან. რატომ შეიქმნიან ზედმეტ პრობლემებს? შორს რომ არ წავიდეთ, არა მხოლოდ კომუნისტების დროს, არამედ სულ რაღაც 15 წლის წინ, იგივე ნდობის ფაქტორი „ნაციონალური მოძრაობისადმი" იყო ძალიან მაღალი - გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, 60%-ს აღწევდა რეიტინგი და ა.შ., მაგრამ რეალობა ხომ ასეთი არ იყო? იგივე ხდებოდა შევარდნაძის დროსაც.

„ასეთ სისტემებში ძალიან რთულია ასეთ გამოკითხვებს ენდო. ჩვენ არც ის ვიცით, რა მეთოდით ჩატარდა, ვინ ჩაატარა, საველე სამუშაოები როგორ შესრულდა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს განცხადება, თითქოს ასეთი ნდობა აქვს „ქართულ ოცნებას", მე მინიმუმ არადამაჯერებლად მიმაჩნია",- განაცხადა ძაბირაძემ.

„ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე საუბრობს, ევროკომისიისავე კვლევა კი „ქართული ოცნების" მიმართ 54.1%-იან ნდობას აფიქსირებს და საქართველოს ევროპის ხუთეულში აყენებს. არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს"?" - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

აბაშიძე ამბობს, რომ ირონიაა, როცა ევროპიდან საქართველოს მიმართ დემოკრატიის კუთხით კრიტიკა ისმის, მაშინ როცა თავად ევროპულ კვლევაში ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა საკუთარი მთავრობის მიმართ მაღალია.

„აქ ირონია სწორედ ისაა, რომ საქართველოზე ერთი და იმავე ევროპული სივრციდან ორი სრულიად განსხვავებული სურათი მოდის: პოლიტიკური შეფასება და კვლევით გაზომილი საზოგადოებრივი განწყობა.

„და ყველაზე უხერხული სწორედ ეს არის: ევროკრატია ქართველებს დემოკრატიის გაკვეთილებს უკითხავს, „ევრობარომეტრის" კვლევა კი აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების ნდობა საკუთარი მთავრობის მიმართ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

  • გია აბაშიძე: „აქ ირონია სწორედ ისაა, რომ საქართველოზე ერთი და იმავე ევროპული სივრციდან ორი სრულიად განსხვავებული სურათი მოდის"

„ყველაზე საინტერესო თავად 54.1% კი არა, ისაა, საიდანაც ეს ციფრი მოდის. ეს არ არის ოფიციალური თბილისის მიერ შეკვეთილი კვლევა, რომელსაც ბრიუსელი „ქართული ოცნების პროპაგანდად" მონათლავდა. ეს სწორედ იმ ევროპული კვლევითი სისტემის მონაცემია, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტები თავად ზომავენ საზოგადოებრივ განწყობებს.

„ევრობარომეტრი" ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების მიერ გამოყენებული კვლევითი ინსტრუმენტია, რომელიც 1974 წლიდან ევროპაში საზოგადოებრივ განწყობებს სწავლობს. ანუ, როცა ბრიუსელი საქართველოს დემოკრატიის გაკვეთილებს უკითხავს, მისივე ცხრილში ქართული საზოგადოების მთავრობისადმი ნდობა ევროპის ხუთეულშია. როგორც ჩანს, ზოგჯერ ბრიუსელს საკუთარი ცხრილების წაკითხვაც სჭირდება",- წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×