
პოლიტიკური ძალა როდესაც უზრუნველყოფს 14-წლიან უწყვეტ მშვიდობას, ეს ხალხის ნდობას აჩვენებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა IRI-ს კვლევაზე განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო და ყოფილიყო კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, საქართველო ომში შევიდოდა.
„ჩვენ ვიქნებოდით ომის ნაწილი და ნანგრევებში მყოფი ქვეყანა. ხელისუფლებაში იმ უცხოელებს, რომლებიც დერეფან-დერეფან და კაბინეტებში რომ დადიოდნენ და მოგვიწოდებდნენ, ნათელი და ბნელი მხარე უნდა აირჩიოთ, სანქციები უნდა დაუწესოთ რუსეთსო, ჩაკეტოთ საჰაერო მიმოსვლა, წახვიდეთ ესკალაციაზეო, რომ დახვედროდა ის ხალხი, ვინც დღესაც ამბობს, ცალ ფეხზე უნდა დაუდგე უცხოელს, რომ რამეს გეტყვის, აუცილებლად შევიდოდით ომში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება IRI-ს კვლევას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, კვლევამ აჩვენა, რომ მთავრობის მიმართ ნდობით საქართველო მოწინავეა.
„პოლიტიკური ძალა როდესაც უზრუნველყოფს 14-წლიან უწყვეტ მშვიდობას, ეს ხალხის ნდობას აჩვენებს. ერთი მხრივ, IRI-ს კვლევა და მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა აჩვენებს, რომ მთავრობის მიმართ ნდობით საქართველო მოწინავეა. როდესაც ობიექტურ კვლევებს ვუყურებთ, ისინი ერთმანეთს ემთხვევა და ერთმანეთს ამყარებს. „ლელოს“ რომ ჰგონია, რადგან ტელეკომპანია „პირველი“ აქვთ ნაყიდი და დღეში 24 საათი „ლელოს“ ატრიალებენ, ამიტომ ხალხის მხარდაჭერა აქვს. ამ კვლევამ აჩვენა, რომ მაჩვენებელი ნულია, სტატისტიკურ ცდომილებაშიც კი ვერ მოხვდა. ბოკერიას რომ ჰგონია, ხალხს დაავიწყდა, რა როლი ჰქონდა სააკაშვილის დიქტატორული და მწამებელი რეჟიმის შექმნაში და იდეოლოგიურ გამყარებაში, ამ კვლევამ აჩვენა, რომ ნულია მათი რეიტინგი, სტატისტიკურ ცდომილებაშიც კი ვერ ხვდებიან. სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუკი თვალს აარიდებენ ამ სარკეს, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. უკვე ბევრჯერ დაეწია ეს რეალობა მათ არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესის წინააღმდეგ წავა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა გაავრცელს სლაიდი, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს; „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5%. 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“; 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის ძალას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.