რეზონანსი
02.10.2026

17 საუკუნის წინ, ჩვენმა სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გზა - უმძიმეს ისტორიულ მომენტებში და ძნელბედობის ჟამს სწორედ დედა ეკლესია აერთიანებდა და იცავდა ერს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კონფერენციაზე - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ყაველაშვილმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ქრისტიანული მემკვიდრეობის როლზე ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში.

„17 საუკუნის წინ, ჩვენმა სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გზა. უმძიმეს ისტორიულ მომენტებში და ძნელბედობის ჟამს სწორედ დედა ეკლესია აერთიანებდა და იცავდა ერს. ქრისტიანობა ჩვენთვის რწმენასთან ერთად იყო ის სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც მძიმე ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და გვასწავლა, რომ ადამიანის ღირსება, სამშობლოს სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საუკუნეების განმავლობაში საქართველო არა მხოლოდ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, არამედ განსხვავებული კულტურების, რელიგიებისა და ტრადიციების მშვიდობიანი თანაარსებობის გამოცდილებას ქმნიდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხვა კულტურებისადმი ღიაობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა საკუთარი ეროვნული და სულიერი თვითმყოფადობა შეინარჩუნა.

მისივე თქმით, თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული ღირებულებითი გამოწვევების პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სულიერი და ეროვნული საყრდენების შენარჩუნება, რომლებმაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში დაიცვა და გააძლიერა. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მომავალშიც იქნება რწმენის, ტრადიციის, შემწყნარებლობისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური მაგალითი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეისა და საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×